თარგმნა ქეთი ალავერდაშვილმა

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი

***
როგორ ვახერხებთ სახლების აშენებას?
როცა ზამთრის ცის ქვეშ გვიწევს დგომა,
ცა კი ისე თამაშობს, როგორც მოესურვება,
ვიაზრებთ, რომ სიცოცხლე მაშინ გვჭირდება, როცა სიკვდილი აღარ გვაშინებს.

ააშენე კედლები წყალმცენარეებისა და ბალახებისგან,
ამოთხარე ორმოები და თხრილები.
მიეჩვიე ყველასთან ყოველდღიურ თანაცხოვრებას.
სამშობლო იქ არის, სადაც ძილში ლაპარაკის დროსაც ესმით შენი.

დაადე ქვა ქვას, ააშენე სახლი:
თიხით, შავი მყარი მიწით,
ამოიღე ჯიბიდან ნახშირი და მარილი და მიწაზე მოაბნიე,
ყველას უნდა ჰქონდეს ჭერი დაკრძალვისა და ქორწილისთვის.

უნდა გაგვაჩნდეს ადგილი, სადაც წუხილს შევძლებთ.
წყალი მაშინ არის ვარგისი, თუ დასალევად გამოდგება.
თუ რეალურ დამნაშავეებს ეძებ, ეს ჩვენ არ ვართ.
ჩვენ მთელი ცხოვრება სახლებს ვაშენებდით.

აგური აგურზე, ლურსმანი ლურსმანზე, კედელი კედელზე.
თუ შეძლებ ჩემს შეჩერებას, კარგი, შემაჩერე.
მაგრამ თუ გინდა, რომ აქაურობა დავტოვო,
მაშინ ჩემი სახლის წართმევაც მოგიწევს.

მზესთან ახლოს, სიცარიელისგან შორს.
ხეები და ბავშვები კვლავ გაიზრდებიან.
თამბაქოს ფოთოლზე ნამი ჩნდება.
ჩვენ ისე ავაშენეთ, ვითომ სამოთხეს ვქმნიდით.

ენა ახალ სიმაღლეზე ავიდა.
თითქოს სიტყვებმა შეავსო მისი სიცარიელე.
ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა.
აგური აგურზე, ლურსმანი ლურსმანზე, კედელი კედელზე.

ხმა მეტისმეტად ძლიერია სიმღერისთვის, ლოცვისთვის კი – სუსტი.
ენა მაშინ ქრება, როცა მისი საშუალებით სიყვარულზე აღარ საუბრობენ.
ღამეებს წყვდიადის გარეშე აზრი არ აქვს.
ჩემ ზემოთ სხვა სამყარო არსებობს, სადაც შავი მზე ანათებს.

სერჰი ჟადანი

პატაგონია

მე სიკვდილისგან არ მოვკვდები
მე სიცოცხლე მომკლავს.
და როცა მე მოვკვდები – სიცოცხლეც მოკვდება.
დროშაც არ აღიმართება.

მე ახალგაზრდა ვარ და ახალგაზრდა მოვკვდები –
ან როდის უნდა დავბერდე?

წადი, დატოვე ეს დატირების თამაში
დაკრძალვისას მიმოფანტული რითმები.

მე მოვკვდები, მოვკვდები ველურ პატაგონიაში,
იმიტომ რომ მე ცეცხლსა და მიწას ვეკუთვნი.
ახლობელო ადამიანებო, არ მესმის თქვენი ტირილი,
მე ვარ – არავინ, სამყაროში გაბნეული სიტყვების პოეტი.

მე მოვკვდები ტალღაში, როცა ბუნება დამშვიდდება,
ჩემს ბოლო ღამეს ველოდები.
მოვკვდები ჩუმად, როცა გული შეკუმშავს.
ჩემს ახალგაზრდობასა და ჩემს სიცოცხლეს.

მიხაილო სემენკო

***
შეინარჩუნე შენში ის, რისი გამჟღავნებაც არ შეიძლება.
შეინარჩუნე შენში არსებული ყველაფერი, როგორც სუფთა შესაძლებლობა.
სახელები ქრება, ქრება გვარებიც და თარიღებიც,
ყველაფერი, რაც ძლიერი და მნიშვნელოვანი ჩანდა, იშლება.

შეინარჩუნე შენში ერთგულება თან სახეში უყურე მოღალატეს.,
და ფერების სქელი დინება თვალის ირისზე.
შეინარჩუნე შენში ვერცხლის სანთლებში ცურვის უნარი,
და შენი საჩუქარი ღრმა ფესვებს გააღვივებს ჩემში.

დაე, ეს სამყარო მაიას ენის მსგავს გაუგებრობად იქცეს.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცარიელი მარცხი გველოდება.
შეინარჩუნე შენში ის, რაც სრულიად არარეალური გეჩვენება
შეინარჩუნე შენში ეს არარაობა და ის გადაგარჩენს, ძვირფასო.

იური იზდრიკ

ლოცვა

როცა სამყარო ზურგს შემაქცევს,
და ჩვენ შორის კვლავ გაჩნდება მანძილი და აღიმართება კედლები,
მესაუბრე
მესაუბრე
დაე, ეს სიტყვები არაფრისმომცემი იყოს.
და როცა ირგვლივ ომის სუნი დადგება
და გამძვინვარდება პირველი ბრძოლები,
მესაუბრე,
მესაუბრე,
რადგან სიტყვებს სიყვარულიც შეუძლიათ.
მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი, მხოლოდ ერთი რამ ვისწავლე
და მე გთხოვ ჩუმად, უხერხულად, გაუბედავად:
მესაუბრე
მესაუბრე
დაე შენი სიტყვები განსხეულდეს.

იური იზდრიკი

***
ასე არავის ყვარებია. ათასი წლის შემდეგაც კი
მხოლოდ ამგვარი სიყვარული გვეწვევა.
ასეთ დღეებში დედამიწაზე ყვავის გაზაფხული
და პლანეტაზე ღალატი ქრება…

ის მშვიდად და მსუბუქად სუნთქავს სილურჯეებში,
ხელებს თვალებზე იფარებს…
ასეთ დღეებში დედამიწაზე გაზაფხული ყვავის
და ტკბილი ტანჯვისგან კანკალებს…

გულს მიკუმშავს ბედნიერი თვალები,
რომლებიც ჩემს ზემოთ არსებულ ნისლში იწვის…
სისხლი მღვრიედ მიედინება ვენებში,
მას თითქოს ყვავილების სუნი ასდის.

ჰეი, თქვენ, კაშკაშა ვარსკვლავებო!.. ჩემო მშვიდო მთვარევ!..
სად გინახავთ ამაზე დიდი სიყვარული?..
მინდა მას ოქროს ორიონი მივუძღვნა.
მე – მონური ტკივილების მტარებელი პოეტი ვარ…

ასე არავის ყვარებია. ათასი წლის შემდეგაც კი
მხოლოდ მსგავსი სიყვარული გვეწვევა.
ასეთ დღეებში დედამიწაზე გაზაფხული ყვავის
და პლანეტაზე ღალატი ქრება…

ის მშვიდად, მსუბუქად სუნთქავს სილურჯეებში
თვალებზე ხელებს იფარებს…
ასეთ დღეებში დედამიწაზე გაზაფხული ყვავის
და ტკბილი ტანჯვისგან კანკალებს…

ვოლოდიმირ სოსიურა

***
ზოგჯერ ისე ხდება, რომ სილამაზით ვბრმავდები,
ვჩერდები და ვერ ვხვდები რა ტიპის სასწაულთან მაქვს საქმე –
ეს სტეპები, ეს ცა, ეს ტყეები,
ყველაფერი ისეთი ლამაზი, სუფთა და უნაკლოა,
ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს – ეს გზა, ეს სიკამორები
ეს ყველაფერი ჩემია, ამ ყველაფერს უკრაინა ჰქვია.
ასეთი მაღალი და უხრწნელი სილამაზე,
გიბიძგებს გაჩერდე და ღმერთს დაელაპარაკო.

ლინა კოსტენკო

***
მზე მთების მიღმა გადაიმალა
მიწა მსუბუქმა ნისლმა დაფარა
ქარი ყვავილებს ეჩურჩულება
მწვანე ტყე ღამემ გადააშავა

სადღაც შორიდან სიმღერა ისმის,
ცაში ვარსკვლავი ნაზად კიაფობს,
ცხვრის ფარა ველზე მიმოიფანტა
და სიბნელეში მინდვრებს მიაპობს

ლურჯი ცის ძალამ კვლავ გაანათა
მცენარეების და ხალხის სული
სოფლად ბაღები ისევ აყვავდა
ბულბულმა მღერით იჯერა გული

შენ ჩემო მიწავ, ჩემო სამოთხევ,
შენა ხარ ჩემი უხვი სინათლე,
მე შენ მიყვარხარ დაუსრულებლად,
და უფრო მეტად მინდა მიყვარდე!

არ მეშინია ციხის, სიკვდილის,
არც რა სასჯელი მე არ მაშინებს,
საფრთხეა, მტერი რომ გაქცევს მონად
და შენს სახლშივე დაგაპატიმრებს

ოჰ, უკრაინავ, მშობელო მიწავ
გამანდე შენი განცდა მდუმარედ
მითხარ როგორ ხარ ასეთი ლაღი,
ანდა როგორ ხარ ასე მწუხარე

მინდა რომ გულში ძლიერ ჩაგიკრა,
მინდა განქარდეს შენი დარდები
თვალს გაგისწორებ, გეტყვი ყველაფერს
და სამუდამო ძილში გავქრები

მიწავ, როგორ ხარ ასეთი ლაღი
ანდა რატომ ხარ ასე მწუხარე…

მუსიი კონონენკო

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
318