ჟილ დელეზი – იმანენტობა-სიცოცხლე

ფრანგულიდან თარგმნა გიგლა გონაშვილმა

ჟილ დელეზი (1925-1995) ცნობილია როგორც განსხვავების (différence) ფილოსოფოსი. მასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფილოსოფია და ხელოვნება, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, ცოდნის რეპრეზენტაციული სივრცის კრიტიკაში, ხოლო, მეორე მხრივ, იმ შემოქმედებითობის წახალისებაში, რომელსაც სიცოცხლე საჭიროებს.

იმანენტობა: სიცოცხლე…1

        რა არის ტრანსცენდენტალური ველი? იგი განსხვავდება გამოცდილებისგან, რამდენადაც არც ობიექტზე მიგვითითებს და არც სუბიექტს ეკუთვნის (ემპირიული რეპრეზენტაცია). იგი წარმოგვიდგება როგორც ასუბიექტური ცნობიერების წმინდა დინება, წინარე რეფლექსიური არაპერსონალური ცნობიერება, ცნობიერების თვისებრივი ხანგრძლივობა [durée qualitative] მე-ს გარეშე. შეიძლება გვეუცნაუროს, რომ ტრანსცენდენტალური ამგვარი უშუალო მოცემულობებით განისაზღვრება: შესაძლებელი ხდება, ვისაუბროთ ტრანსცენდენტალურ ემპირიზმზე, რომელიც უპირისპირდება ყოველივე იმას, რაც სუბიექტ-ობიექტის სამყაროს ქმნის. არის რაღაც მოუთვინიერებელი და ძლევამოსილი ამ ტრანსცენდენტალურ ემპირიზმში. ეს ნამდვილად არაა შეგრძნების ელემენტი (მარტივი ემპირიზმი), რადგან შეგრძნება მხოლოდ ისაა, რაც ამოიჭრება აბსოლუტური ცნობიერების დინებიდან. რაგინდ ახლოს იყოს ერთმანეთთან ორი შეგრძნება, მთავარი მაინც გადასვლაა [passage] ერთიდან და მეორეში, გაგებული როგორც ქმნადობა, როგორც სიმძლავრის (ვირტუალური რაოდენობა) ზრდა ან კლება. ანუ უნდა განისაზღვროს ტრანსცენდენტალური ველი წმინდა, უშუალო ცნობიერებით ობიექტისა და მე-ს გარეშე, როგორც მოძრაობა, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული? (სიმძლავრის რაოდენობრიობისა თუ გადასვლის [passage] სპინოზასეული კონცეფციაც კი მოითხოვს ცნობიერებას).

მაგრამ ტრანსცენდენტალური ველის დაკავშირებულობა ცნობიერებასთან მხოლოდ კანონისმიერია [de droit]. ცნობიერება მხოლოდ მაშინ იქცევა ფაქტად, თუ სუბიექტი ობიექტთან ერთად წარმოიშვება – როცა ორივე მათგანი ველს გარეთაა და „ტრანსცენდენტურად“ წარმოჩინდება. ხოლო რამდენადაც ცნობიერება კვეთს ტრანსცენდენტალურ ველს ყოველმხრივ გაშლილი, უსასრულო სიჩქარით, არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ცნობიერების გამომჟღავნება შეეძლება. ცნობიერება მხოლოდ მაშინ გამოიხატება ფაქტობრივად, როდესაც იგი სუბიექტზე აირეკლება, რომელიც მას ობიექტებთან ამისამართებს. ამიტომაც ტრანსცენდენტალური ველი ვერ განისაზღვრება ცნობიერებით, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ თანმდევია [coextensive], მოკლებულია გამჟღავნებულობას.

ტრანსცენდენტური არ არის ტრანსცენდენტალური. ცნობიერებას თუ გამოვტოვებთ, ტრანსცენდენტალური ველი შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც წმინდა იმანენტობის სიბრტყე, რაკი იგი თავს აღწევს როგორც სუბიექტის, ისე ობიექტის ტრანსცენდენტობას. აბსოლუტური იმანენტობა თავისივე თავშია: იგი არ არის რაიმეში, არ მიეწერება რაიმეს, არ არის დამოკიდებული ობიექტზე და არ ეკუთვნის სუბიექტს. სპინოზასთან იმანენტობა სუბსტანციისადმი იმანანტურობას კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ სუბსტანცია და მისი მოდუსებია იმანენტობაში. როდესაც იმანენტობის სიბრტყის გარეთ მოხვედრილი სუბიექტი და ობიექტი გაიგება როგორც უნივერსალური სუბიექტი და რაღაც ობიექტი, რომელთაც მიეწერებათ იმანენტობა – ეს არის სრული გახელოვნურება ტრანსცენდენტალურისა, რომელიც ოდენ აორებს ემპირიულს (როგორც კანტთან), და ასევე დამახინჯება იმანენტობისა, რომელიც, შედეგად, ტრანსცენდენტურში ექცევა. იმანენტობას ვერ დავუკავშირებთ რაიმე საგანს როგორც სხვა ყოველივეზე აღმატებულ ერთიანობას და ვერც სუბიექტს, რომელიც როგორც აქტი საგნების სინთეზს ახდენს: მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ იმანენტობის სიბრტყეზე, როდესაც იმანენტობა აღარ არის რაიმეს იმანენტური. ისევე, როგორც ტრანსცენდენტალური ველი ვერ განისაზღვრება ცნობიერებით, ასევე იმანენტობის სიბრტყე ვერ განისაზღვრება სუბიექტითა და ობიექტით, რომლებიც მას მოიცავენ.

უნდა ვთქვათ, რომ წმინდა იმანენტობა არის სიცოცხლე [UNE VIE] და მეტი არაფერი. იგი სიცოცხლის იმანენტური კი აღარ არის, არამედ თავადვეა სიცოცხლე. სიცოცხლე არის იმანენტობის იმანენტობა, აბსოლუტური იმანენტობა: იგი არის ძალმოსილება და სრული ნეტარყოფა [béatitude]. იმდენად, რამდენადაც გადალახავს სუბიექტისა და ობიექტის აპორიას, ფიხტე თავის გვიანდელ ფილოსოფიაში წარმოგვიდგენს ტრანსცენდენტალურ ველს როგორც სიცოცხლეს [une vie], რომელიც არაა დამოკიდებული ყოფნაზე და არ ექვემდებარება აქტს: ესაა აბსოლუტური უშუალო ცნობიერება, რომლის აქტივობაც აღარ გვამისამართებს ყოფნასთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უწყვეტად ახდენს საკუთარი თავის სიცოცხლეში დათქმას. შესაბამისად, ტრანსცენდენტალური ველი იქცევა იმანენტობის ჭეშმარიტ სიბრტყედ, რაც ხელახლა შეიყვანს სპინოზიზმს ყველაზე საფუძვლისეულ ფილოსოფიურ ოპერაციაში. განა ასეთივე წამოწყება არ გვხვდება მენ დე ბირანის გვიანდელ ფილოსოფიაში (რომელიც უკვე მეტისმეტად მოქანცული იყო იმისთვის, რომ კარგად დასრულებულიყო), როდესაც იგი ტრანსცენდენტობის ძალისხმევის ქვეშ აბსოლუტურ იმანენტურ სიცოცხლეს აღმოაჩენს? ტრანსცენდენტალური ველი განისაზღვრება იმანენტობის სიბრტყით და იმანენტობის სიბრტყე – სიცოცხლით.

        რა არის იმანენტობა? სიცოცხლე [une vie]… დიკენსზე უკეთ არავის აღუწერია, რა არის სიცოცხლე – განუსაზღვრელ არტიკლით ტრანსცენდენტალურზე მინიშნებით. ერთი არამზადა, რომელსაც ვერავინ იტანს, სიკვდილის პირასაა, და უეცრად მისი მომვლელები გულშემატკივრებად იქცევიან: პატივისცემას, სიყვარულს ავლენენ მომაკვდავის სიცოცხლის უმცირესი ნიშანწყალის მიმართაც კი. ყველა ფაციფუცობს მის გადასარჩენად, იმდენად, რომ ღრმა კომაში მყოფი არამზადა თავადაც გრძნობს, როგორ აღწევს მასში რაღაც სათუთი. მაგრამ როცა სიცოცხლეს უბრუნდება, მის გადამრჩენელებს გული უცივდებათ და მასაც კვლავინდებურად უბრუნდება სულმდაბლობა და სიბოროტე. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არის მომენტი, სადაც სიცოცხლე [une vie] სიკვდილს ეთამაშება. ინდივიდის სიცოცხლე ადგილს უთმობს არაპერსონალურ, მაგრამ ესოდენ [singulière2] სიცოცხლეს, რომელიც წარმოაჩენს წმინდა ხდომილებას [événement], გათავისუფლებულს შინაგანი და გარეგანი სიცოცხლის შემთხვევითობების ანუ მომხდარის სუბიექტურობისა და ობიექტურობისაგან. „Homo tantum3”, რომელსაც ყველა თანაუგრძნობს და რომელიც ერთგვარ ნეტარყოფას აღწევს. ესაა ეგეობა4, რომელიც ინდივიდუაცია კი აღარ არის, არამედ სინგულარიზებაა: წმინდა იმანენტობის სიცოცხლე, ნეიტრალური, სიკეთისა და ბოროტების მიღმა – მას ხომ მხოლოდ სუბიექტი აქცევდა კეთილად და ბოროტად, რამდენადაც მას საგანთა შორის ასხამდა ხორცს. ამგვარი ინდივიდუალობის სიცოცხლე ადგილს უთმობს ესოდენ [singulière] იმანენტურ სიცოცხლეს, რომელიც ეკუთვნის ადამიანს – მას, ვისაც სახელი აღარ აქვს, თუმცა სხვაში ვერ აგერევა. ესოდენი არსი, სიცოცხლე…

მაგრამ სიცოცხლე არ უნდა ჩავკეტოთ იმ მარტივ მომენტში, რომელშიც ინდივიდუალური სიცოცხლე უნივერსალურ სიკვდილს შეეჯახება. სიცოცხლე ყველგანაა, ყველა მომენტში, რომელსაც კვეთს ესა თუ ის ცოცხალი სუბიექტი და რომელსაც საზომს აძლევს განცდილი ობიექტი: ესაა იმანენტური სიცოცხლე, რომელიც შემოიკრებს მოვლენებსა თუ განმხოლოებებს [singularités], აქტუალიზებულს სუბიექტებსა და ობიექტებში. ამ განუსაზღვრელ სიცოცხლეს არ გააჩნია მომენტები, თუნდაც ერთმანეთთან ძალიან ახლოს მყოფი, არამედ მხოლოდ დროის შორისობები [entre-temps], მომენტ შორისობები [entre-moments] აქვს. იგი არც წარმოიშვება და არც გრძელდება, არამედ წარმოგვიდგენს ცარიელი დროის უზარმაზარობას, სადაც ვხედავთ მოვლენას, ჯერ კიდევ მოსახდენს და უკვე მომხდარს – უშუალო ცნობიერების აბსოლუტურობაში. თავის რომანებში ლერნეტ-ჰოლენია მოვლენას აქცევს დროის შორისობაში, რომელსაც მთელი რეჟიმების შთანთქმა შეუძლია. სიცოცხლის მაკონსტიტუირებელი ესოდენობა თუ მოვლენა თანაარსებობს შესატყვისი სიცოცხლის შემთხვევითობასთან, მაგრამ არ ჯგუფდება და იყოფა იგივენაირად. ისინი ერთმანეთთან სულ სხვაგვარად ურთიერთობენ, ვიდრე ინდივიდები. ჩანს, რომ ესოდენ სიცოცხლეს შეუძლია გზა იპოვოს ყოველგვარი ინდივიდუალობის გარეშე, ან იმ თანმხლების გარეშე, რომელიც მის ინდივიდუაციას ახდენს. მაგალითად, ყველა ახალდაბადებული ჩვილი ერთამანეთს ჰგავს – თითქმის არ აქვთ ინდივიდუალობა: მაგრამ მათ გააჩნიათ თითოცალობა, ღიმილი, ჟესტი, გრიმასი – ხდომილებები, რომლებიც არაა სუბიექტური მახასიათებლები. ჩვილებში გაივლის იმანენტური სიცოცხლე, რომელიც არის წმინდა სიძლიერე და თავად ნეტარება ტანჯვასა და სისუსტეში. სიცოცხლის განუსაზღვრელობები კარგავენ განუსაზღვრელობას იმდენად, რამდენადაც იკავებს იმანენტობის სიბრტყეს, ან, სხვა სიტყვებით, აკონსტიტუირებს ტრანსცენდენტალური ველის ელემენტებს (მაშინ, როცა ინდივიდუალური სიცოცხლე ემპირიული განსაზღვრებებისგან განუცალკევებელი რჩება). განუსაზღვრელი, როგორც ასეთი, ემპირიულ განუსაზღვრელობას კი არ აღნიშნავს, არამედ იმანენტობის განსაზღვრას ან ტრანსცენდენტალურ განსაზღვრადობას. განუსაზღვრელი არტიკლი მხოლოდ იმდენადაა პიროვნების განუსაზღვრელობა, რამდენადაც იგი ესოდენობის განსაზღვრაა. ერთი [l’Un] არის არა ტრანსცენდენტობა, რომელიც იმანენტობასაც კი მოიცავს, არამედ იმანენტობა, რომელიც მოცულია ტრანსცენდენტალური ველით. ერთი [un] ყოველთვის მრავლობითობის მანიშნებელია: აი, მოვლენა [un événement], აი, ესოდენობა [un singularité], აი, სიცოცხლე [une vie]… ყოველთვის შეგვიძლია მოვიხმოთ ტრანსცენდენტური, რომელიც იმანენტობის სიბრტყის გარეთაა და მიიწერს ამ სიბრტყეს. მიუხედავად ამისა, ყოველი ტრანსცენდენტობა კონსტიტუირდება მხოლოდ იმანენტური ცნობიერების ნაკადში, რომელიც [ცნობიერება] ამ სიბრტყეს ეკუთვნის.5 ტრანსცენდენტობა ყოველთვის იმანენტობიდანაა ნაწარმოები.

სიცოცხლე მოიცავს მხოლოდ იმას, რაც ვირტუალურია. იგი შედგება ვირტუალობებისგან, მოვლენებისგან, ესოდენობებისგან. ვირტუალურს იმას კი არ ვუწოდებთ, რასაც რეალობა აკლია, არამედ იმას, რაც აქტუალიზებისას იმ სიბრტყეს მიჰყვება, რომელიც მას საკუთარ რეალობას აძლევს. იმანენტური მოვლენა აქტუალიზდება საგნობრივ და განცდილ მდგომარეობებში, რომლებიც მას ახდენენ. თავად იმანენტობის სიბრტყე აქტუალიზდება სუბიექტსა და ობიექტში, რომელთაც იგი მიეწერება. მაგრამ რაგინდ რთული იყოს სუბიექტისა და ობიექტის გამოყოფა მათი აქტუალიზაციიდან, იმანენტობის სიბრტყე თავადვე ვირტუალურია, რამდენადაც მოვლენები, რომლებიც მას ავსებენ [qui le peuplent], ვირტუალობებია. მოვლენა და ესოდენობა სიბრტყეს ვირტუალობას ანიჭებს, ისევე, როგორც იმანენტობის სიბრტყე ანიჭებს ვირტუალურ მოვლენებს სავსე რეალობას. არა-აქტუალიზებულად (განუსაზღვრელად) მიჩნეულ მოვლენას არაფერი აკლია. საკმარისია, იგი დავუკავშიროთ თანმხლებ ტრანსცენდენტალურ ველს, იმანენტობის სიბრტყეს, სიცოცხლეს, ესოდენობას. ჭრილობა ხორცს ისხამს ან აქტუალიზდება საგნობრივ თუ განცდილ მდგომარეობაში; მაგრამ იგი თავისთავად წმინდა ვირტუალურობაა იმანენტობის სიბრტყეზე, რომელიც სიცოცხლეში მიგვიძღვება. „ჩემი ჭრილობა ჩემამდე არსებობდა…“ არა ჭრილობის ტრანსცენდენტობა, როგორც ამაღლებული აქტუალობის ტრანსცენდენტობა, არამედ მისი იმანენტობა, როგორც ვირტუალობა, რომელიც ყოველთვის (ველის თუ სიბრტყის) შუაგულშია. განსხვავება დიდია ტრანსცენდენტალური ველის იმანენტობის განმსაზღვრავ ვირტუალურებს და შესაძლებელ ფორმებს შორის, რომლებიც მათ აქტუალიზებას ახდენენ და ტრანსცენდენტურებად გარდაქმნიან.

1 L’immanence : une vieჟილ დელეზის სიცოცხლის ბოლოს დაწერილი ტექსტია (1995). იგი შესულია კრებულში: Deux Regimes de Fous. (მთარგმნ. შენიშვნა)

2 ასევე შესაძლებელია ითარგმნოს როგორც მხოლოეული ან განმხოლოებული. (მთარგმნ. შენიშვნა)

3 Homo tantum – ესოდენ ადამიანი ან მხოლოდ ამდენად ადამიანი. ასევე შესაძლებელია: ეგზომ ადამიანი. (მთარგმნ. შენიშვნა)

4 Heccéité (ფრანგ.) იგივე Haecceitas (ლათ.) შუა საუკუნეების სქოლასტიკიდან წამოსული ნეოლოგიზმია, რომელსაც სურს აღნიშნოს ის, რაც რაღაც საგანს განუყოფლად ეკუთვნის – ის, რაც უნიკალურია და კონკრეტულად ეს არის (ინგლ. thisness). ზუსტი თარგმანი იქნებოდა ესობა, თუმცა კეთილხმოვანების თვალსაზრისით და ლათინურ ecce-ზე დაყრდნობით (მაგ. Ecce homo) მაინც ეგეობას ვამჯობინებთ – ეგე/ecce გამოხატავს მითითებას, როგორც სიტყვა „აი“. ასევე საგულისხმოა, რომ დელეზი და გატარი თავიანთ ცნობილ ნაშრომში Mille plateaux (1980) heccéité-ს ნაცვლად eccéité-საც წერენ, რაც – როგორც თავად აღნიშნავენ – გამიზნული და ნაყოფიერი შეცდომაა, რაკი იგი გამოხატავს ინდივიდუაციის პროცესს, რომელიც არაა მიბმული საგანსა თუ სუბიექტს. (მთარგმნ. შენიშვნა)

5 „ჰუსერლიც კი სცნობდა ამას: ‘სამყაროული ყოფნა აუცილებლად ტრანსცენდენტურია ცნობიერებისთვის, პირველად სიცხადეშიც კი, და რჩება აუცილებლად ტრანსცენდენტურად. მაგრამ ეს ვერ ცვლის იმას, რომ ყოველი ტრანსცენდენტობა კონსტიტუირდება მხოლოდ ცნობიერების სიცოცხლეში, როგორც ამ სიცოცხლესთან განუყოფლად დაკავშირებული[…]’ (დელეზის შენიშვნა)

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
194