თეთრი ქარები

ნაწვიმარი იყო და, ცოტა კიდევ რომ დავარდნილიყო ტემპერატურა, მთელ სისველეს ყინულად გადააქცევდა. ქარიც რახან ქროდა, მთელი სინესტე სახეში მეფეთებოდა და ცხვირის ნესტოებს მიწვავდა. მე, ზოგადად, ადრე მორცხვი კაცი ვიყავი, მაგრამ ერთ დღეს, ძალიან დიდი ხნის წინ, გავიფიქრე, კაცი მორცხვი ვარ, თუმცაღა, ქალად რომ დავბადებულიყავი, მორცხვი არ ვიქნებოდი-მეთქი. ამის მერე გადავწყვიტე, მეთქი, მოდი, მორცხვი აღარ ვიქნები და, რახანაც, რაც უფრო მორიდებულია ადამიანი, მით უფრო დაუოკებელი ხდება, როცა მორიდებულობას დაძლევს, მეც დაუოკებელი კაცი გავხდი, თუმცა, სიმართლე ითქვას, ეს მხოლოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდა – მაშასადამე, ასწლეულში წამიერი გამონათებასავით იყო – შემდეგ კი, ეს ფაზაც რომ გავიარე, გავწონასწორდი. არა მხოლოდ ჩემს შემთხვევაში, არამედ ზოგადად, თითქმის ყველაფერი ჩაიდანში წყალის ადუღების პროცესს ჰგავს, ამ პრინციპს ემორჩილება: როცა ჩაიდანს ქვემოდან ცეცხლის ნაკადი ათბობს, ჯერ თბება მისი ის ნაწილი, რომელსაც ცეცხლი პირდაპირი გზით ეხება, მერე სითბო თბოგადაცემით მოედება მთელ ჭურჭელს, შემდეგ თბება წყლის ყველაზე ქვედა ნაწილი მანამ, სანამ მისი სიმკვრივე წყლის დანარჩენ ნაწილთან შედარებით მცირე არ გახდება; მოხდება თუ არა სიმკვრივის შემცირება, ქვედა გამთბარი ფენა ზევითკენ ინაცვლებს, რათა ადგილი დაუთმოს გაუმთბარ წყალს; ასე გრძელდება მთელი ეს დრო, ბოლოს კი, როცა დუღილის ტემპერატურას მიაღწევს წყლის მთელი მოცემულობა, ჩაიდანი წივის, რითაც გვატყობინებს, რომ წყალი ადუღდა; არა კლასიკური ფემინიზმი, არამედ ფემინიზმის დღევანდელი გაგება შეიძლება ამ კანონს მივაწეროთ – კაცების მრავალწლიანი გახურების პროცესის დასრულების და ამ ფენის ქალებით ჩანაცვლების მომხრეების იდეა. მაგრამ რა ჯობია იმას, ქალი რომ გამოივლის, შეხედავ და გაიფიქრებ, ამის მონობა მინდაო! ვიქნებოდიო ამის მონა. მოკლედ, ნაწვიმარ ქუჩაში მოვაბიჯებდი, და აწ უკვე წასულ, ნახევრად აორთქლებულ წვიმას, შეჩერებულ წვიმის ნაკადს ტკბილად ვიგონებდი. საინტერესო რაღაცაც კი გავიფიქრე წამით – რატომ არ შეიძლება, წვიმა ქროდეს და ქარი მოდიოდეს-მეთქი? მერე დავივიწყე.

– ბამბის პედიგრი! – ყვიროდა მოხუცი ლაბრადორი ქუჩაში.
– მამალი შებოლილი თაგვები! – გაისმა ექო გამყიდველი კატის.
– ასი, ასი, ასლამაზი, ასი კაბა მაცვია! – ბოშა ცხენმა დაიჭიხვინა, და კაბების აწევა დაიწყო. ასივეს გამოჩენა უნდოდა, ეტყობოდა.
– აბა, ახლა მოიცადეთ სულ ყველამ! – დავიღრიალე, საფეთქლებზე ხელი მივიჭირე და თვალები დავხუჭე, მერე კი, როცა აღმოვაჩინე, ყველაფერი კარგად იყო, ამოვისუნთქე. ამოვისუნთქე და, სიმართლე გითხრათ, ჰაერი რომ გაეხახუნა ჩემს ცხვირს, არ მესიამოვნა, ამიტომ სუნთქვა შევიკარი და ფეხსაცმლის ზონრები გავიხსენი. ასე ვიდექი ერთხანს, სანამ უცნობი გამვლელი არ მოვიდა და მითხრა, ზონრები შეიკარიო. მეთქი, რომ ვიხრჩობი, ვერ ხედავ? მერე აღმოვაჩინე, რომ ეს გამვლელი ცნობილი… ესგამვლელი დემეტრეიყო. თქვენ არ გეგონოთ, რომ ბეჭდვაში შეცდომა დავუშვი! არც ის გეგონოთ, რომ ეს გამვლელი დემეტრე იყო! არამედ ეს გამვლელი იყო ესგამვლელი დემეტრეიყო. სახელი და გვარია ესგავლელი დემეტრეიყო, რომელიღაც სვანური სოფლიდან იღებს სათავეს, როგორც ვიცი. მე ვუთხარი, ვახ, ესგამვლელს ვახლავარ, როგორ ხარ-მეთქი? ქარს ქარისო, მიპასუხა. ვერ მივუხვდი და, რახან არც მაინტერესებდა, გზა გავაგრძელე, თან სიარულისას ფეხსაცმლის ზონრებს ვიკრავდი.
– წელი გტკივა? – მკითხა უცებ ნაგაზ კუდიანმა.
კუდიანიც სვანი იყო.
– კუდი გტკივა? – შევუბრუნე კითხვა.
– ეგ რა შუაშია? – ვერ გაიგო.
– გამოთქმა ,,რა შუაშია” შედგება ორი სიტყვისგან – ,,რა” და ,,შუაში”, რომლებიც, თავის მხრივ, ერთმანეთთან არაფერ შუაში არიან, – ავუხსენი. – ვაf, ღრრ, ვაf, – თავის ენაზე გაუტია რაღაც.
– საქართველოში რომ ხარ, ქართულად ილაპარაკე, თუ შეიძლება, – მივეცი შენიშვნა. – წადი, შენი კეთილებიც-მეთქი, – განმიმარტა.
– სიკეთე და ბოროტება სუბიექტური ცნებებია, – ჩავურთე.
– ჰოდა შენი კეთილებიც და ბოროტებიც! – მოაყოლა.
– ოჰო, ეს უკვე ტოტალური დამცირებაა! ვაფასებ, – ვუთხარი, თავი პატივისცემით დავუკარი, და გზა განვაგრძე.
ცურტაველის ქუჩიდან თბილისის ქუჩაზე გადავედი, და აღმართს დავადექი. ლამაზი მონაკვეთია ქუჩის ეს ნაწილი. ქარი იყო ისევ. რა მოაქვს ქარს? რა მიაქვს? ,,ქარს ქარის” – გამახსენდა, როგორ მითხრა ესგამვლელმა ეს სიტყვები. ქარის რა? კუთვნილება აქვს ქარს? იქნებ, უბრალოდ მითხრა, ქარი ქრისო, მე კი შეცდომით გავიგე ,,ქარს ქარის”? შეიძლება, რატომაც არა. მაგრამ თბილისის ქუჩის აღმართზე ყველა ფიქრი, რაც თითქოს მართლა ქარმა მოიტანა, ქარმავე წაიღო. შავ კაბაში გამოწყობილი წითური ლამაზმანი გამოჩნდა ჰორიზონტზე. აი, ამის მონა ვიქნებოდი-მეთქი, გავიფიქრე. ასეთი ქალი რომ გეტყვის, ქალი კაცზე ძლიერიაო, როგორ არ უნდა დაუჯერო?!. მოდიოდა და თან მოჰქონდა ვულკანის მაგმის მთელი გამანადგურებელი ენერგია. ცეცხლს რომ ხორცი ჰქონდეს, ეს ქალი იქნებოდა-მეთქი, ზუსტად ასე ვიფიქრე, მახსოვს.
– ქარის გამოძახილი ისმის, როგორც ზღაპარი! – დაიყვირა, როცა დამინახა. გამოიქცა, და მეც გავიქეცი.
– ადამიანი კვდება, აზრი რჩება, – ეგრევე ვაჯახე, – აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა, იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ის არის, რისი თქმაც მოასწრო ადამიანმა, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს. ქარს ქარის! ან ქარი ქრის! ვერ გავიგე კაგრად, რომ მღეროდი, რა სიტყვები თქვი.
– კანტი? – მკითხა, თან თვალები უელავდა. ის იყო, ერთმანეთს შევეხებოდით უკვე მთელი სხეულით, რომ კანტზე ბანტი გამახსენდა.
– ბანტი!
– რა ბანტი? პიონერი იყავი? არადა ვერ მოასწრებდი
– პატარა ხარ… – ვარაუდობდა რაღაცებს.
– წითელი ბანტი!
– ანუ, უბრალოდ ახალგაზრდულად გამოიყურები?
– მანახე! – ვუთხარი, – მანახე, კაბის ქვეშ… – ჰა, შე ავადმყოფო! – დამიყვირა.
– არა, არა, ეგ არა, – გამოვასწორე სიტუაცია, – კაბის ქვეშ ფეხებზე… წვივებზე წითელი ბანტი თუ გიკეთია, მანახე!
კაბა ავუწიე. საოცარი ფეხები ჰქონდა, მაგრამ რად გინდა – ბანტი არ ება! არ ება ბანტი! აბსტრაქციას რომ ეომო, საერთო კი არ უნდა გქონდეს მასთან რამე, არამედ თავად უნდა იყო აბსტრაქცია! მე მინდა, რომ ვიყო და მქონდეს! Haben oder Sein?! – Haben და Sein! დიახაც, ორივე! მე ვარ და მაქვს! ანუ, მე მინდა! მინდა, ესე იგი სურვილი მაქვს! სურვილი პარადოქსების შექმნას ნიშნავს! მე პარადოქსი ვარ, რადგან თავად ვარ სურვილის სურვილი! არ ება ეს წითელი ლენტი ამ ქალს და, მომკალით, აჰა! ამ აღმართზე მოვდიოდი მაშინაც, მახსოვს, ამ ქალის გარეშე. საშიში იყო ეს აბსტრაქტული რეალობა, არ მოგატყუებთ, მაგრამ ჩემს გვერდზე იმედი იდგა – იმედი იმისა, რომ, აი, ოც მეტრსაც გავივლიდი და ჩემი სიყვარულის აივნის გასწვრივ აღმოვჩნდებოდი. მოხდა კიდეც ასე – აღმოვჩნდი ჩემი სიყვარულის აივნის გასწვრივ. დავუძახე, და გადმოიხედა.
– ჰა, გოგო! – ვყვიროდი გიჟივით შუა ქუჩაში, – მანახე, ხომ გიკეთია წითელი ბანტები! – აჰა, – შარვალაკაპიწებული ფეხები გადმომიყო გისოსებიდან, და ბანტები დამანახვა. – უჰ!.. – ამოვისუნთქე.
კიდევ კარგი, ასე მორჩა ეს ყველაფერი, მაგრამ როგორ დაიწყო? ქარს ქარის!

ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
86