ინტერვიუ

ინტერვიუ გვანცა ელიენთან
                      ესაუბრა თეონა კომახიძე

თეონა კომახიძე: რას ეტყოდი შენს ხელოვნებაზე ნამდვილ ელიენებს, მოულოდნელად ერთ დღესაც თავზე რომ დაგადგნენ?

გვანცა ელიენი: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანები, სხვა კოსმოსური ცივილიზაციისთვის უცხოპლანეტელები არიან, ფაქტობრივად, უცხოპლანეტელების მოულოდნელი თავზე დადგომა აღარ გამოდის, რადგან ადამიანები მუდმივად სტუმრობენ ჩემს გამოფენებს და გეტყვით, რას ვეუბნები მათ ჩემს ხელოვნებაზე.

არ მიყვარს როდესაც მეკითხებიანამ ნახატზე რა ხატია, ან ამ ნახატში რა იგულისხმე. ამიტომაც, ყველას, ვინც მსგავს კითხვებს მისვამს, სხვადასხვა გამოგონილ პასუხებს ვცემ, რაც იმ მომენტში მაფიქრდება. ალბათ, ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ ჩემი ნახატების შინაარსის მინიმუმ 20 სულ სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მაინც იარსებებს, თუმცა ეს 20-ვე მაინც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იქნება. ამაზე რომ ვფიქრობ, ძალიან სახალისოდ მეჩვენება ეს ისტორიები.

თეონა კომახიძე: ლესინგი ლაოკოონში,  პოეზიასა და მხატვრობას შორის არსებული საზღვრების შესახებ, სინამდვილის ასახვას მიიჩნევს ცენტრალურ მისიად როგორც მხატვრობისთვის, ასევე პოეზიისთვის, თუმცა ამის მისაღწევად მხატვრობას და პოეზიას ლესინგის აზრით განსხვავებული გზები აქვთ. არსებობს კი მკაფიო საზღვარი ამ ორს შორის?  შეუძლია მხატვრობას გადმოსცეს ეიდოსი რომელიც აქვს პოეზიას და პირიქით? მესაუბრე მხატვრობისა და პოეზიის ურთიერთკავშირზე.

გვანცა ელიენი: ჩემი აზრით, არანაირი კავშირი ამ ორს შორის არ არსებობს. რა კავშირი შეიძლება იყოს სიტყვასა და ფერებს შორის ? თუ არ ჩავთვლით ემოციას, რომლის გამოხატვის საშუალებაც შეიძლება გახდეს ორივე მათგანი. არსებობს ემოციები, რომლებიც ბოლომდე მოყვება ფერებს ან სიტყვებს, თუმცა არსებობს ემოციები, რომლებსაც არ ჰყოფნის მხოლოდ ერთი და ორივე სჭირდება, შედეგად იწერება ლექსი და იქმნება ნახატიც, თუმცა სავსებით შესაძლებელია რადიკალურად სხვა და სხვა შინაარსი ჰქონდეს თითოეულ მათგანს. არ ვიცი, ამას ლესინგი როგორ ხედავდა, თუმცა ჩემთვის იმდენად შორს არიან ერთმანეთისგან, რომ საზღვრებიც კი ვერ იარსებებს მათ შორის და ალბათ, სწორედ ეს ერთი შეხედვით, აბსურდული სიტუაცია ქმნის ილუზიას, რომ შეიძლება პოეზიას და მხატვრობას შეიძლება რაიმე აკავშირდებდეთ.

თეონა კომახიძე: აღორძინების ეპოქიდან დაწყებული ევროპული ხელოვნება ეძებს მშვენიერების იდეალს. ეს იდეალები არასოდეს იყო მდგრადი, ისინი მუდამ იცვლებოდნენ. როგორ ფიქრობ, გვაქვს თუ არა მშვენიერების იდეალი დღეს და პირადად შენთვის რა არის მშვენიერება?

გვანცა ელიენი: ჩემთვის მშვენიერება არის განცდა, რომელიც მაიძულებს მოძრაობას, ქმედებას, სიარულს, გაქცევას, ლექსის დაწერას, დახატვას და .. ეს შეიძლება იყოს ყველაზე საზარელი განცდაც კიშიში, ტკივილი, სიცარიელე, სიჩუმე, ან პირიქითსიყვარული, სიხარული, ყველაფერი, რაც საკუთარ სულს ფიზიკურ დონეზე შემაგრძობინებს. შეუძლებელია მშვენიერება იდეალური იყოს, რადგან იდეალურობა გარკვეულ სტანდარტებში გაქცევს, მშვეიერებას არ აქვს სტანდარტები, ეს ჩემი გადმოსახედიდან შეუძლებელია უბრალოდ. ამიტომაც ჰქვია მშვენიერება და არა იდეალურობა

რაც შეეხება მშვენიერების ადგილს დღევანდელობაში, დიახ, ის შეიძლება იყოს ყოველნაბიჯზე, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყანაში, სადაც ადამიანური არსი იკარგება ყოველდღიურ ყოფაში და ერთმანეთს ეჯახება სწორედ ზემოთნახსენები იდეალიზმი და ველური საწყისი. ამ ორი პოლუსის შეჯახებისგან კი ჩვენს თვალწინ თამაშდება ისეთი ისტორიები სულს მარტო ფიზიკურობამდე კი არ შეგაგრძნობინებს, მოახერხებ და საკუთარ თავს თვალებში ჩახედავ და დაინახავ, რისიც შეგეშინდება, ან გულისრევის შეგრძნება დაგეუფლება ან გაგიხარდება, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ დაინახო, რადგან დანახვა (არა თვალებით)  არის სწორედ მშვენიერება.

თეონა კომახიძე: როგორც ვიცი, საკუთარი და წარმატებული პროექტი გაქვს მამასთან ერთად. ამაზე გვესაუბრე.

გვანცა ელიენი: ჩვენს ოჯახში ისე მოხდა, რომ ყველა ვხატავთ, ყველა განსხვავებულად და ამიტომაც, ჩემს ოჯახში ყველას თავისი შეხედულება და აზრი აქვს. ჩემი და უფრო კლასიკურად ხატავს, მე უფრო ახირებული მხატვარი ვარ, ჩემი ძმა ხატავს, მაგრამ დიდად არ ინტერესდება ამ საქმით, მამაჩემმა კი ხატვით დაიწყო, ქვაზე მუშაობით გააგრძელა, ხეზე მუშაობაზე გადავიდა და საბოლოოდ მეტალის მხატვრულ დამუშავებაზე შეჩერდა. წლების განმავლობაში მუშაობდა მეტალზე, ფიზიკურად მუშაობა უწევდა, სიგარეტის მწეველიც იყო და ამ ყველაფრმა თავი იჩინა, გული კი არასდროს აწუხებდა, თუმცა ერთ დღესაც ინფარქტი გადაიტანა. გულის ოპერაცია დასჭირდა და თითქმის 1 წლიანი რეაბილიტაცია. ოპერაციისა  და შემდგომი მკურნალობის თანხების მოძიება ბანკის კრედიტით შევძელით, თუმცა რადგან სრულად არ დაგვჭირდა, მამაჩემის რეაბილიტაციის შემდეგ ეს მორჩენილი თანხა ისევ ჩვენს შესაძლებლობასა და ცოდნაში ჩავაბრუნეთ. მე ციფრული სივრცის ცოდნა მქონდა, მამაჩემმა მეტალზე მუშაობა იცოდა, სწორედ აქედან გაჩნდა ჩვენი პროექტიც, რომელსაცდეკორიადავარქვით. რკინის მხატვრული დამუშავებით ვქმნით სახლის დეკორს, პრაქტიკულ ნივთებს, რომლებიც სახლში სივრცის დაზოგვას უზრუნველყოფს, ორიგინალობასა და დახვეწიოლბას სძენენ ადამიანისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელობან ადგილსსაცხოვრებელ სახლს. ამ საქმეში ყველაზე სასიამოვნო იცით რა არის? როდესაც შენი ხელით შექმნილი ნივთი, სრულიად უცხო ადამიანს  სივრცეს  ულამაზებს. ნამდვილად ვერაფერს შევადარებ ამ განცდას

თეონა კომახიძე: რა შთაგაგონებს?

გვანცა ელიენი: ჩემს თავში აღმოჩენილი ყველა ისეთი ემოცია თუ შესაძლებლობა, როგორზეც იქამდე არც წამიკითხავს, არც მსმენია, არც მინახავს და ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ჩემია. ეს არის ის, რაც შემდეგ უკვე მიბიძგებს, რომ შევქმნა ხელოვნება, რადგან სათქმელი მიჩნდება, მინდა აღვწერო ეს განცდა, მინდა ამ განცდამ სხვა მიიყვანოს ისეთ განცდამდე და შესაძლაბლობამდე, როგორზეც იქამდე არც წაუკითხავს, არც მოუსმენი, არც უნახავს და მიხვდება, რომ ეს მხოლოდ მისია. ესაა ის რაც შთამაგონებს.

თეონა კომახიძე: ვის გამოარჩევდი დღევანდელი ქართველი მხატვრებიდან და პოეტებიდან?

გვანცა ელიენი: არავის, მე თითქმის არასდროს ვსაუბრობ სხვებზე, რადგან ის სხვები საკუთარ თავებზე ისედაც ბევრს საუბრობენ და ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველას ისედაც უკვე ყელში ამოუვიდნენ. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც უაზრობაა ვინმე გამოარჩიო, რადგან ადამიანის გონებიდან თანდათან ქრება გამორჩეული ფენომენი და ეს ყველაზე მეტად მახარებს. არავინაა გამორჩეული, მთავარია, რომ ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ. გამორჩეული არ ნიშნავს კარგს, რადგან გამორჩეულების არსებობა, მხოლოდ დაბალგანვითარებად გონს სჯერა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს გონიერების შესაძლებლობებზე და ვერ გაუაზრებია, რომ თვითონაც აზროვნებს.

თეონა კომახიძე: შენს ბავშვობაზე მოგვიყევი.

გვანცა ელიენი: ჩემს ბავშვობაზე მხოლოდ გადმოცემით ვიცი, რადგან თავის ტრავმა მაქვს გადატანილი და ცხოვრების ნაწილი სამუდამოდ წაიშალა გონებიდან, ვიცი, რომ 3ლის ასაკში ვიკითხე, როდის წამიყვანენთქო და ვინო, რომ მკითხეს, ვინც აქ დამტოვამეთქი ვუპასუხე, ამიტომაც დამარქვეს ელიენი (Alien)- ანუ უცხოპლენეტელი. ვიცი, ძალიან ეგოისტი, ახირებული და სულ უკმაყოფილო ბავშვი ვიყავი. მე თვითონ რაც მახსოვს ის არის, რომ სულ წინააღმდეგობაში მოვდიოდი ყველაფერთან, თუმცა მე ეს პრობლემას არასდროს მიქმნიდა. დღემდე ასეა, როცა მე სხვა აზრზე ვარ და ადამიანები არ იზიარებენ ჩემს აზრს, სულ მეუბნებიან, რომ ვცდები ან არ ვარ სწორი და არ ვფიქრობ სწორად და სულ მიკვირს, საიდან იციან, რომ თვითონ სწორები არიან. მართლა გულწრფელად მიკვირს

თეონა კომახიძე: მიგიმართავს თუ არა ექსპერიმენტებისთვის, იმ მიზნით რომ უკეთ შეგეცნო საკუთარი თავი?

გვანცა ელიენი: კი, რისიც მეშინია, ვცდილობ ხოლმე, რომ ზუსტად ამ შიშის გამომწვევ მიზეზს ჩავხედო თვალებში, რათა მივხვდე რა იმალება ამ ყველაფრის იქით, ექსპერიმენტობანა სხვა ადამიანებითაც მითამაშია, არ მიმაჩნია, რომ ეს კარგი საქციელი იყო, თუმცა გარკვეული შედეგი ამან მომცა, როგორც ხელოვანს. რაღაც რომ შექმნა ექსპერიმენტი საჭიროა, რატომღაც მგონია, რომ ეს რეალობაც ექსპერიმენტული თამაშია.

თეონა კომახიძე: მადლობა ინტერვიუსთვის

გვანცა ელიენი: მადლობა თქვენ საინტერესო კითხვებისთვის <3

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
81