პოეზია

ბელა შანავა

                                       

                                                   

***

ისინი მიაბიჯებდნენ ფალოსურ მინდორზე რკინის ტერფებით
და ზამბარა ხელებით მზეს ესალმებოდნენ.
მათი წიაღი სავსე იყო პაპათა სურათებით და ბარძაყებზე წითელი სითბო,
ალუბლის სურნელოვანი კვამლი ფარავდა ვარდისფერ სხეულებს.
ისინი მეტად ხრიდნენ თავს,
რათა კეფაზე მიწებებული ჩვილთა მზეა მიმართულიყო არა უკან და არა წინ.
და ისინი ფიქრობდნენ ფირუზისფრად.
ისმოდა დამაყრუებელი დუმილი და ისმოდა სიტყვები, რომლებსაც იტყოდნენ.

***

ჯერ კიდევ იქ ხარ,
ცარიელ ქუჩებში, წითელ ლაქებად.
მაშინ ვფიქრობდი,
რომ ჩვენ ვნადირობდით ერთმანეთის თვალებზე და ჯიბეებში გვეწყო წმინდა ლაზერები.
მოგვიანებით მზეებიც ჩააბნელეს, დაგვიფარეს.
ეს იყო გლობალური, საიდუმლო კონსერვაცია და ჩვენ ვჭყაოდით. 
მე აღარ მსურს მეხებოდნენ
რომ მე ვარ მერქანი, მკვდარი მცველი ჩემადვე.
სამყარო სუნთქავს, ჩემზე ტივტივებს და ჩემში იხვევა ვარსკვლაურ მტვრად.

***

იმ დღეს მიწას დავუბრუნე თესლი და ვიმღერე.
ჯერ არ ჩასვენებულიყო მეწამული სევდა და თვალებს მთხრიდა, მე გადავიხარე და მუხლები გავილოკე.
და როცა კვლავ გავიმართე დავინახე, რომ ის იქ იყო, მინის კარში.
მივხვდი, რომ დავემსგავსე საკუთარ მზერას და დავემალე იმას, რაც მსურდა.
მაშინ აფუსფუსდა ჩემი ხერხემლის 33 ვირთხა და მე მტკიოდა.
ხარხარებდნენ ტიტველუ ბავშვები მწვანე შუშაბანდებიდან.
ხე რომელიც აღმოცენდა თესლისგან კვნესოდა და იბადებოდნენ ჟღალბეწვიანი კატები.

***

როცა ეს დაიწყო მე ჩემი ბოჰემური თითები დავმალე და სახე შევანათე სიბნელეს,
რომელშიც ციმციმებდნენ ღამის პეპლებივით სიფრიფანა სხეულები.
მათი კიდურები ჭკნებოდა ჩემს მკერდზე და ისინი მიყვებოდნენ სუსტ ნიავს.
იყო ყოველდღიური კვდომა და დაკრძალვა და მებაღე,
რომელმაც კანი დაკარგა, რწყავდა ცისარტყელას.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
75