თარგმანი

ჰართ ქრეინი

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

ლეგენდა

მდუმარე, ისევე, როგორც სარკეა წარმოდგენილი

რით იძირებიან მდუმარებაში რეალობები . . .

მზად არა ვარ მონანიებისთვის;

არც სინანულთა შესაფერისად. რადგან ფარვანა

იმაზე მეტად არ იხრება, ვიდრე უძრავი

მავედრებელი ალი. და მთრთოლვარეა

თეთრი ფანტელის თოვაში

კოცნები,—

მხოლოდ ისინი ღირსნი ყოვლისძღვნის.

აი, რა არის შესასწავლი—

ეს დაპობა და წვა,

მაგრამ მის მიერ მხოლოდ, ვინც

საკუთარ თავს კვლავ ამოწურავს.

ორგზის და ორგზის

(კვლავ ეს მხრჩოლავი მოსაგონარი,

სისხლმდენი ეიდოლონი!) და კიდევ ერთხელ.

სანამ ნათელი საზრისი არ მიიღწევა

უჩურჩულებელი, როგორც სარკეა

წარმოდგენილი.

მერე, წვეთ-მწვავე წვეთად, სრულქმნილი ყვირილი

აასხამს რაიმე უწყვეტ კეთილხმას,—

ულმობელ ცელქობას ყველასთვის, ვინც კი შეაბიჯებს

შუადღის გულში თავის სიჭაბუკის ლეგენდას.

ჩაპლინესკი

ჩვენ ისე თვინიერ ვეგუებით,

კმაყოფილები ასე შემთხვევითი ნუგეშისცემებით

როგორსაც ქარი დალექავს

ნახოხ და მეტად საკმარ ჯიბეებში.

რადგან ჯერაც ძალგვიძს, გვიყვარდეს სამყარო, რომლებიც ვაგნებთ

დამშეულ კნუტს საფეხურზე, და ვიცით

მისთვის დასაყუდრები ქუჩის მძვინვარებისგან,

ან თბილი დახეული იდაყვის ბუნაგები.

თავს ავარიდებთ, და უკანასკნელ ჩაცინებამდე

გავფლანგავთ განაჩენს იმ გარდაუვალი ცერის

ჩვენსკენ რომ იყვლეფს, ნელა, თავის დანაოჭებულ საჩვენებელს,

და რა უმანკოდ უსწორებს თვალს ამ შტერ სიელმეს,

რა გაოგნებით!

და მაინც ეს ნატიფი ჩამოქცევები მეტი სიცრუე არაა

ვიდრე ნებისმიერი დრეკადი ხელჯოხის პირუეტები;

ჩვენი დაკრძალვები, გარკვეულწილად, ვერაფერი წამოწყებებია.

ძალგვიძს, დაგიძვრეთ, და სხვა ყველაფერს, გარდა გულისა:

რა ჩვენი ბრალია, თუკი გული ცხოვრებას განაგრძობს.

თამაში დამცინავ ღიმილს გვაკრავს; მაგრამ გვინახავს

მთვარე მარტოსულ ხეივნებში ცარიელ საფერფლეს

სიცილის გრაალად როგორ აქცევდა,

და სილაღის და მაძიებლობის ყოველ ხმაურში

გვსმენია კნუტი უდაბურეთში.

 

მდინარეთა მოსასვენებელი

ტირიფს მიაქვს ნელი ბგერა,

სარაბანდა, მდელოზე ქარმა რომ მოთიბა.

მე ვერასოდეს ვიმახსოვრებდი

ამ მღელვარებას, ლიათა მტკიცე გათანაბრებას

სანამ ასაკმა ზღვასთან არ მიმიყვანა.

ალმები, სარეველები. და მოგონება ციცაბო ნიშთა

კვიპაროსები სადაც შუადღის ტირანიას

იზიარებდნენ; მათ თითქმის დამიშვეს ჰადესში.

და გოგირდის სიზმრებზე მძრომელი ვეება კუები

დანებდნენ, როცა მზე-შლამმა კენტ-კენტად დაფარა

ისინი ჭავლით . . .

რამდენს გავცვლიდი! შავ ხეობას

და მთის ყველა ეულ ბუდობას

სადაც თახვები ნაკერსა და კბილს ეუფლებიან.

ტბორი, რომელშიც ერთხელ შევაბიჯე და უმალ გავექეცი—

ახლა მაგონდება მისი მომღერი ტირიფის პირი.

და, ბოლოს, ამ მოგონებაში ყოველივე პოულობს კვებას;

მას მერე, რაც ქალაქი, ბოლოს რომელსაც ჩავუარე

მდუღარე საცხებით გადაიშალა და მხრჩოლავი შუბები

მუსონმა დელტას გადაასერა

ზღვის უბის ბჭეებთან . . . იქ, დამბებს მიღმა

მომესმა ქარით საფირონის ბარდნა, როგორც ამ ზაფხულს,

და ტირიფები ვერ დაიჭერდნენ მეტად მყარ ხმაურს.

პასაჟი

სადაც კედრის ფოთოლი ცას ყოფს

ზღვა შემომესმა.

ბორცვთა საფირონ სარბიელებში

უმჯობესი ყმობის პირობა მომეცა.

უგუნებოდ, მზის ამკრძალველად,

მეხსიერება მივატოვე ღრმა ხეობაში,—

რიგითი ტილი, წიწიბურას რომ აქსოვილებს,

ქვებს აწინსაფრებს, ატმებს მწყსობს

მთვარემოფენილ ჩრდილობში

და ხეივნებს აღვიძებს ფარული ხველით.

სახიფათოდ იწვოდა ზაფხული

(მე შევუერთდი ქარის სეირებს).

კაჭართა ჩრდილები ზურგს მიგრძელებდნენ:

ჩემს ლოყათა ბრინჯაოს გონგებში

წვიმა შრებოდა უსურნელებით.

„ცოტაღა დარჩა, ცოტაც;

აი, იქ, სადაც შავი და წითელი

ვაზით ნასერი მინდვრები—“: მაგრამ ქარი

მოკვდა, მოლაპარაკე იმ ხანათა მანძილზე, რომლებიც იცი

და გულში იკრავ, შენ საკვამურებრ გამურულო გულო კაცისა!

მეც ასე, მომაბრუნა და ისევ უკან, როგორც შენი კვამლი

კინძავს, ერთ დასტად, ზედმიწევნით ნაცნობ ბიოგრაფიას.

საღამოჟამი შუბი იყო ხეობაში

რომელიც შუა მუხის გულში ხარობდა. და რომ გამევლო

დროის უხვი კერძო ათწილადები? ღია დაფნას

შევეხე, რომლის ქვეშაც ვიხილე

ქურდი, ხელში ჩემგან მოპარული წიგნით.

„რისთვის დაბრუნდი—რკინის კუბოდ მომღიმარი?“

„რათა დაფნას შევეკამათო,“ მივუგე:

„წარმავლობით ვარ გამართლებული, გავურბი

რა შენი თვალების მარად განცვიფრებას—.“

მან წიგნი დახურა. და პტოლემეის

ქვიშიდან მოკაშკაშე უფსკრულში გვვარცლა.

გველმა ვერტექსი გაცურა მზისკენ

—გაუზომელ ნაპირებს ჩამოადო ენა და დაფდაფი სცა.

რა შადრევნები გავიგე მაშინ? რა ყინელი მეტყველებანი?

მეხსიერება, ფურცელს მინაბარები, გატყდა.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
69