ინტერვიუ

ინტერვიუ სკა ინდიგოთთან

ესაუბრა თეონა კომახიძე

თეო: ვინ არის სკა ინდიგოთი?

სკა: ვინც არ უნდა იყოს, მზადაა შენს მომდევნო კითხვებს უკეთ უპასუხოს.

თეო:  გადავიდეთ კონკრეტულზე. 1923 წელს პაულ კლეემ დახატა თავისი ცნობილი ნახატი “ღამის მცენარეების ზრდა”. დაახლოებით ასი წლის შემდეგ, ვკითხულობ შენს ლექსს სახელწოდებით „ღამის მცენარეების სიმღერიდან“. იყო თუ არა კლეეს ეს ნახატი შენთვის ინსპირაცია ამ ლექსის წერის დროს?

სკა: კლეეს  “ღამის მცენარეების ზრდა” დამესიზმრა. ჩემს სიზმარში ზოგიერთი მათგანი გახმა და მერე გავახვიე. მანამდე იყო მარიამ ჩხაიძის „ვეწეოდით ყველაფერს, რისი გახვევაც შეიძლებოდა“. ასეთი მარტივ-ფროიდისტული სიზმარი იყო.

წერა ამ და სხვა სიზმრებთან სინესთეზიის განცდაა. ლექსს (ან რა ფორმაც მიეცემა ამ განცდას) არ ვაყოვნებ დაკვირვების ქვეშ. სიზმარია ინსპირაცია.

თეო: ჩემთვის ხარ და იყავი სამოქალაქო აქტივისტი, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვერცერთ პასაჟს შენი ლექსებიდან, სადაც შენი ეს ნაწილი თავს ივლენს. როგორ ფიქრობ, რამდენად ახდენს გავლენას სოციუმი შენს პოეტურ კოგნიციაზე?

სკა: ახდენს იმდენად, რამდენადაც მოვუსმენ. თუმცა აქტივიზმით სოციუმისთვის ან სოციუმისგან რამის შემეცნება არ ყოფილა მიზანი არც იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ვარ და არც აქ, სადაც ახლა ვცხოვრობ. ეს უფრო ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა და სანაცვლოდ არაფერს ვითხოვ, არც სხვისგან, ვისი თანადგომა, შესაძლოა არ მაწყენს, როცა მე ამედევნებიან; არც ჩემგან – ცალსახად სოციალურ ლექსებს არ ვწერ. თუმცა, დეტალებს არ ვდევნი, ეს უფრო ნატურალურად ალბათ დეტალებში აისახება. მაგალითად, შენთან, როცა დაწერე „მოცახცახე ქარი შუაში გატყდება ტკივილისგან და მათ მბზინვარე ვაშლის ხეებს გაჩეხავენ შუაღამისას“, როცა გავრცელდა ამბავი, რომ გორში ერთ ფერმერს ვაშლის ხეები გაუჩეხეს.

თეო: ხშირად წერ მცენარედ გარდაქმნაზე, გამცენარევებაზე, ხმებზე, სიზმრებზე.. ჩემთვის შენი პოეზია არის უჩვეულო კონტექსტში შეჯერებული სამყაროების ურთიერთშეპირისპირება. შენი ხელწერა გავს უდაბნოს, სადაც დიდი ხანი მარტო ხარ, მაგრამ რასაც ამ უდაბნოში წააწყდები მომაჯადოებლად მშვენიერი და მათრობელაა. ამით იმის თქმა მინდა, რომ შენი ლექსები ლაკონურია და მათში ბევრი სიმბოლიკაა, და ეს სიურეალისტური სიმბოლოები არ არიან მარტივად გაშიფვრადი. არ არის მარტივი შენი ახლოს გაცნობა, მაგრამ ვინც შეძლებს ამას, ამ მირაჟს თავს ვეღარ დააღწევს. ეს ჩემი აზრია შენს შემოქმედებაზე. თავად რას იტყოდი მის შესახებ?

სკა: მიყვარს გარდაქმნები, წასვლები, მცენარეები და ხმები. თუმცა, როგორც გითხარი, საკუთარ ლექსებს დაკვირვების ქვეშ არ ვაყოვნებ. ჩემთვის საინტერესო მათი შექმნის პროცესია, წარმოდგენებით, სიზმრებით და სიტყვებით თამაში. არ ვწერ იმისთვის, რომ ვინმემ გამიცნოს. ეგ უფრო პირიქით, შესაძლოა მირჩევნია, რომ მიფრთხოდნენ და ეს ასეცაა, თუმცა ყველა ინტერპრეტაციის მიღება შემიძლია, ზოგჯერ გაზიარებაც.

თეო: რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობ. რამდენად პროეცირებს გერმანული ენა შენს შემოქმედებაზე? ჩემთვის მაგალითად უთქვამთ, რომ ჩემზე გერმანული ენის კომპოზიტური ბუნება ახდენს გავლენას და სწორედ ამის გამო ვაერთიანებ სიტყვებს. ისე, ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები.

სკა: ვერც მე დავეთანხმები, კომპოზიტები მგონი სულ იყო შენი ლექსების იმიჯი. ჩემსას რაც შეეხება, ქართულად წერის დროს შემიმჩნევია გერმანული ენის გავლენა. ასევე, გერმანულად წერის დროს – ქართულის. ეს ძირითადად ზმნებს ეხება. და როცა ვამჩნევ, თავს ვარიდებ. ბოლო დროს სიზმრებსაც გერმანულ ენაზე ვხედავ მგონი, თუმცა ლექსებს მხოლოდ ქართულად ვწერ. მუსიკისთვის ლირიკებს – უფრო გერმანულ ენაზე.

თეო: შენ დაინტერესებული ხარ მუსიკითაც. მომიყევი მის ადგილზე შენს ცხოვრებაში.

სკა: პოეზიაც მუსიკაა. მათ არ ვანსხვავებ.

თეო: ვის პოეზიას უბრუნდები ყველაზე ხშირად?

სკა:  ყველაზე ხშირად ამერიკელ პოეტებს ვკითხულობ და ამერიკულ მუსიკას ვუსმენ. მათ არასდროს არ ვუბრუნდები, რადგან არც ვწყდები. იმაჟისტი პოეტები მიყვარს, თითქმის ყველა, გამორჩეულად კი ჰილდა დულიტლი. მაგრამ არის ერთი ტიპი, ჯიმ მორისონი, რომლის გარეშეც ამ კითხვაზე პასუხი ვერ წარმომიდგენია. ქართველ ავტორებსაც გამოვარჩევდი, კარლო კაჭარავას, ალექსი ჩიღვინაძეს, ზურა ჯიშკარიანს, ირაკლი ყოლბაიას (რომელსაც ბოლო დროს ყველაზე ხშირად ვკითხულობ) და სხვებს. პირველ რიგში, სატურნისთავიანებს.

მუსიკის მოსმენა გრანჟით დავიწყე, მალევე შევეწყვე ამერიკულ გრუვმეტალს და დესქორს. და ისევ ისე მინდა წასვლა Lamb of God-ის კონცერტზე, როგორც იქამდე, სანამ ერთხელ უკვე მოვხვდებოდი იქ.

თეო: ქართველი მუსიკოსებიდან ვის გამოარჩევდი?

სკა: Psychonaut 4-ს და Every dog has its day-ს. ვერ ვიხსენებ, რომელიმე სხვა მუსიკოსს ან ბენდს, რომლის ლაივზეც უფრო დიდი სიამოვნებით წავიდოდი.

თეო: ვინ არიან სატურნისთავიანი ადამიანები?

სკა: სატურნისთავიანი ადამიანები თავზეხელაღებული პოეტები არიან, რომლებსაც უყვართ მუსიკა, მოგზაურობა და ერთმანეთი.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
95