ქრისტინე ბებია

წამი

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი

იყო ერთი ზარმაცი. ეჯავრებოდა შრომა.
ღმერთო, _ უთხრა ერთ დღესაც ღმერთს, _ ნუ მაწამებ, არ მინდაო შრომა.
პური ხომ გინდაო?
პური კიო.
შენ პური გინდა და პურს გამომუშავება უნდაო.
ჩემზე დაუშვიო გამონაკლისი, ღმერთო.
ვერ დავუშვებ გამონაკლისს, ყველა ადამიანი ერთიაო ჩემთვის.
_ რამდენი ხნის სიცოცხლე მაქვს?
_ სულ საუკუნის…
_ არც საუკუნის სიცოცხლე მინდა და არც შრომა! გარიგება დავდოთ: რამდენ თეთრსაც დავხარჯავ, იმდენი წამის სიცოცხლე გამომაკელი. არც სხვის ქონებას შევეხები და არც სხვის დროს, მხოლოდ საკუთარი დროის ჩემებურად ხარჯვის უფლება მომეცი, უფალო!
_ აბა, რას ამბობ, ეგ როგორ იქნება?!
არ მოეშვა ზარმაცი. კარგიო, _ დაეთანხმა ბოლოს ღმერთი. და მოეშვა ზარმაცს. ამიერიდან შრომა და ხელის განძრევა არ დასჭირდებოდა, ისე მიიღებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა. სანაცვლოდ კი, წამებით გადაიხდიდა.
ეს ამბავი აღნიშვნის ღირსიაო და ვინ არ აქეიფა! როგორც იტყვიან, ჩიტის რძე არ აკლდა სუფრას. ასი ათასობით, თითქმის მილიონი წამი დაუჯდა საკუთარი და სხვების სიამოვნება. მეორე დღეს ნაბახუსევი იყო. სიცოცხლის წამები გაცვალა მინერალურ წყალში და კიტრის მწნილში.
ფული დროა, ჩემი რა მიდის, ფეხი ფეხზე გადადებულსაც შემიძლიაო კუჭის გავსება, _ და ავსო და ავსო. მისი რა მიდიოდა და, დრო, მაგრამ რა ადარდებდა, საამურად ცხოვრობდა!
კარგი ცხოვრება კარგი სახლის გარეშე რა ბედენააო და ერთი წლის სიცოცხლე გადაიხადა. კარგ სახლს კარგად მოწყობაც უნდაო და ნახევარი წლის სიცოცხლე მიაყოლა. აგარაკი, რა, არ უნდოდა?! უნდოდა! მანქანაც უნდოდა! ესეც უნდოდა, ისიც უნდოდა, რა არ უნდოდა!
სიზარმაცე, შეიძლება, ცუდია, მაგრამ არ ნიშნავს, ზარმაცი ადამიანი რომ მაინცდამაინც ცუდია. კეთილი იყო. ბევრს ეხმარებოდა. სტუმარი თუ ეწვეოდა, დიდებულად უმასპინძლდებოდა. არაფერს აკლებდა. მაგიერ, საკუთარ სიცოცხლეს აკლდებდა წამებს. იქით მიდიოდა სტუმრად და, ძვირადღირებული საჩუქრებით იწონებდა თავს. ყველასთვის სასურველი სტუმარი და მასპინძელი გახდა, დახარჯული წამები _ უამრავი, ამასობაში. დახარჯულ წამებთან ერთად უხვად დაუგროვდა ,,მეგობრებიც”.
დედამიწა დიდია, მე მდიდარი ვარ და ისე როგორ მოვკვდე, ამ ჩემი პატარა ქვეყნის გარდა სხვაგან ნამყოფიც არ ვიყოო, _ და ბევრი იმოგზაურა. ბევრიც დახარჯა (დროც და ფულიც ერთდროულად, რაღა თქმა უნდა).
ტკბილმა ცხოვრებამ განა მობეზრება და გულის მომსუყება იცის, პირიქით, უფრო და უფრო ხსნის მადას. საყვარლები გაიჩინა. საჩუქრებში, სასტუმროებში, კაფე-ბარ-რესტორნებში და ვინ იცის, კიდევ სად და რაში ფლანგავდა სიცოცხლეს!
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ … წამში ერთზე მეტად ურტყამდა ზარმაცის დრო. ერთ დღეში რომ ერთი დღე გადიოდა, რამდენიმეს ეს აყოლებდა. არ ზოგავდა და არ იზარებდა, ხელგაშლილად აპრანტალებდა წამებს. ყველაფერს იყიდი, სიცოცხლის გარდა. ეს სიცოცხლეს ყიდდა, ყველაფერს ყიდულობდა… და ყველას უკვირდა, საიდან მოაქვსო ამ უსაქმურს ეს სიმდიდრე, მაგრამ რას ჩიოდნენ?! გვარიანად ისარგებლეს და სარგებლობდნენ გაურკვეველი წარმომავლობის სიმდიდრით. სამართალდამცავებიც ჩაერივნენ საქმეში, მაგრამ უსამართლო ვერაფერი აღმოუჩინეს და შეეშვნენ. დიდებული მოცულობის ქრთამით სამუდამოდ დახურეს იდუმალებით მოცული საქმე.
განცხრომას ეძლეოდა, არაფერზე ზრუნვა არ სჭირდებოდა და არც არაფერი აინტერესებდა, მაგრამ ერთ დღესაც დასჭირდა და დაინტერესდა: უდარდელად წამოკოტრიალებულიყო ზაფხულის ერთ, თავის ცხოვრებასავით მშვენიერ ღამეს ჰამაკში აგარაკზე. ვარსკვლავები ციმციმებდნენ. უციმციმებდა ზარმაცსაც თვალები. უღრუბლო ცის ცქერით და უღრუბლო ცხოვრებით ტკბებოდა. ნებივრობდა და თავის ნებაზე მიუშვა წამები. კიაფობდნენ ვარსკვლავები და კაიფობდა ზარმაცი. მოიღრუბლა უცებ… ცა _ არა, ზარმაცი! რა მოხდა?! რა მოხდა და… ნეტავ, რამდენი ვარსკვლავიაო ცაზე. იმდენი, შენ რომ წამები დახარჯეო, _ ხმა ჩაესმა. მე რომ წამები დავხარჯეო?! არასოდეს გამოუთვლია, რაში რამდენს ხარჯავდა. ამად, ვერც ახლა გამოითვლიდა. დაახლოებით იანგარიშა. იანგარიშა, კი! დაანგარიშებინა! ამ მომსახურებისთვისაც გადაიხადა წამები. მაჩვენებელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბლომა-ბლომად ხარჯვა-ხარჯვაში გადახარჯვა მოსვლია და სულ მთლად გაუნიავებია სიცოცხლე. ცოტაც და, დარჩებოდა მშრალზე. გაშრა და გამწარდა. ტკბილი ცხოვრება არ ეთმობოდა. შეეჩვია და იოლად ვერ შეელეოდა. რა ეშველებოდა?!
ბევრ ფიქრს გადაჩვეული ფიქრს მიეცა ზარმაცი. იფიქრა (დაგროვებული ქონება რომც გავყიდო, წამებს მაინც ვინ გადამიხდისო…), იფიქრა (რომც რამე გავყიდო, რა ვიყიდო, თეთრების ხარჯვა წამების ხარჯებშიც წამივაო…) და ჩაფიქრდა. თავისი ჭკუით ჭკვიანური გარიგება ,,რამდენ თეთრსაც დავხარჯავ, იმდენი წამის სიცოცხლე გამომაკელი’’ უსწრაფებდა სიცოცხლეს და არ მოეწონა. წამ-წამებში, წამწამების დაფახულება ვერ მოესწრო, ისე შემოსცლია სიცოცხლე. ზღვა კოვზით დაილევაო და სიცოცხლე რომ წამებით დაილიოს, რა გასაკვირია, მაგრამ არასდროს რომ არ უკვირდებოდა ხარჯების ზომა-წონას, ბოლოს კი დარჩა გაკვირვებული დახარჯულით და ჩავარდა დარდსა და სინანულში. ხომ იცით ფულის თუ დროის (რა მნიშვნელობა აქვს, ორივე ერთი ბედოვლათია) ამბავი: თვალსა და ხელს შუა ისე გაგეფანტება, შენი არმოწონებული! თავიდან დაუნანებლად ანიავებ და ბოლოს ნანობ, ეს რა დამემართა, რა უაზროდ გავფლანგეო.
შეეშვა წამების უგზო-უკვლოდ ხარჯვას. ხელმომჭირნე გახდა. რაც გულუხვობა გამოიჩინა უწინ, ერთად გამოაჩინა ძუნწი მხარე ახლა. წამებს დააჯდა და პურ-წყალზე დაჯდა. ძვირად დაუჯდა ,,მუქთად’’ მოპოვებული ბედნიერება. ისე გაუბედურდა, ძველ უბედურებას შენატროდა. თითოეულ გადახდილ წამს მისტიროდა.
ადამიანის სიზარმაცე გასაგებია, მაგრამ დროის სიზარმაცე ვის გაუგია?! ტემპს არ დააგდებს, წამს არ ჩააგდებს და მიდის დრო… ამგვარად, გამოხდა ხანი და გახდა კაცი. ადამიანის ფორმა დაკარგა და ადამიანობა, ალბათ, იმ დროს, არაადამიანური გარიგება რომ დაუდო ღმერთს. წამებს ვერ გააგდებინებდი, შიმშილით და შიშით აკანკალებული ხელებით ებღაუჭებოდა. გაღორდა, მაგრამ რაღა დროის იყო?! დათვლილი იყო მისი დღეები, არასოდეს რომ არ ითვლიდა თავად, რაში რამდენს ხარჯავდა. უწინ თუ უბრალო სუფრა არ აკმაყოფილებდა, ახლა პურის ნატეხითაც უწევდა დაკმაყოფილება.
ბოლო დღეებიღა შერჩა. ,,მეგობარი’’ ერთიც არ შერჩა.
ორი დღე იშიმშილა მშრალად. აეწვა კუჭი. ერთი ცალი პურის ფუფუნების უფლება მისცა თავს. ხურდა მორჩა და მორჩა, მეტს ვეღარ გაინებივრებდა! მაგრამ ზარმაცმა მოუკლო წამების ხარჯვას, დრომ კი არა და თუგინდ ეშიმშილა, დროს ვერ გააჩერებდა და ვერც შეანელებდა. ხვდებოდა, ვერაფერს გახდებოდა. ახიაო ჩემზე! _ თავში შემოიკრა გაძვალტყავებული ხელები, დრო რომ არ დააფასა და უაზროდ გაფანტა. ეს რა დამემართა, როგორ დავიმოკლეო წუთებით წუთისოფელი!
კიდევ ორი დღე იშიმშილა მშრალად. კუჭი უღრიალებდა და თავადაც ღრიალებდა. გაწამდა, მეტის გაძლება ვერ შეეძლო. აქით შემჭამს და მომინელებს შიმშილი, რამე თუ არ ვჭამეო! _ გადაწყვიტა, შეეწყვიტა დროის გამოზოგვა და საჭმელი ეყიდა… მაგრამ უკვე გვიანი იყო. აბა, სადღა დარჩენოდა საკვებად სამყოფი სიცოცხლე?! დაიგვიანა. არაპუნქტუალურია ზარმაცი კაცი.
ერთი წუთიც და…
ეს რა ხდებაო ჩემს თავს, როგორ ტანჯვაში მხდებაო სული! _ საუკუნის სიცოცხლე წუთში გალია და სიცოცხლის უკანასკნელი წუთი საუკუნედ ეჩვენებოდა.
50 წამი _ შიოდა და სწყუროდა ზარმაცს… სიცოცხლე _ ყველაზე მეტად! არ ემეტებოდა!
40 წამი _ კუჭი უხმებოდა. სული ეხუთებოდა.
30 წამი _ გული წამში იმდენჯერ უცემდა, რამდენსაც უწინ ხარჯავდა წამში.
20 წამი …
და ბოლო წამების ათვლა დაიწყო:
10
9
8
7
6
5
4
3
2  და მოკვდა!
მოკვდა… ერთი წამი დარჩა დაუხარჯავი.

 

 

 

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
97