ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან
(ნაწყვეტები)

ესაუბრა ჯეიკ ლევინი

(თარგმნა თეონა კომახიძემ)

თქვენ ცნობილი ხართ, როგორც კორეაში ახალი ტალღის მოძრაობის წინამორბედი. რა არის ახალი ტალღის პოეზია და რით განსხვავდება იგი ძველისგან?

კიმ კიონ ჯუ: დაახლოებით ოცი წლის წინ, ერთმა კორეელმა კრიტიკოსმა გამოაქვეყნა წიგნი, სადაც მან აღწერა ფორმით და შინაარსით მკვეთრად განსხვავებული სტილი, რომელსაც ახალგაზრდა კორეელი პოეტები იყენებენ კორეული ტრადიციული პოეზიის გასარღვევად. ახალგაზრდა ავტორები ბუნების, ისტორიის, რეალიზმის და ა.შ. ლექსების ნაცვლად დაინტერესდნენ ფანტაზიით, დრამატურგიით, გროტესკით და კონტრკულტურის აღწერით. ახალგაზრდა მწერლები, რომლებიც ამ სტილში წერდნენ, წარმოადგენდნენ ახალი ტალღის მოძრაობას, რომელიც წარმოიშვა დაახლოებით იმავე დროს და დაკავშირებული იყო მსგავს კულტურულ საკითხებთან, როგორც ფილმი – Oldboy. როგორ არ შევცვლილიყავით? ამერიკაში ორმოცდაათიან წლებში ბიტნიკების მოძრაობის მსგავსად, ჩვენც გვჭირდებოდა ნარატივის და პოეტური სტრუქტურის ალტერნატიული მეთოდები. ჩვენმა ნამუშევარმა დასვა საკამათო კითხვები კორეაში პოეზიის როლის შესახებ, მაგალითად: “ახალი ტალღა, კარგია ის თუ არა?”

მინდა ვისაუბრო სამყაროზე, როგორც მოჩვენებაზე.

კორეის საზოგადოება ძალიან სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით ინტერნეტის შემდეგ. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ საზოგადოებებში, რომლებიც სწრაფად იცვლება, იტანჯებიან შიზოფრენიით – მრავალი პიროვნებით. ასე რომ, გარეთ თქვენ შეიძლება იყოთ პატივცემული მოქალაქე, მაგრამ როგორც კი ინტერნეტ კაფეში შეხვალთ, თქვენ ხართ ეშმაკი, კარი, მთელი მისი 666 სახელურით. როდესაც ჩვენმა წინა პრეზიდენტმა თავი მოიკლა, ეს იმ რეალობას ასახავდა, რომ ჩვენ არ ვართ ერთიანი ქვეყანა ან ხალხი, რომ ჩვენ რეალურად იზოლირებულები ვართ ერთმანეთისგან და გვაქვს საშიში და ძალადობრივი მხარეები. ჩვენ ვიტანჯებით დისოციაციური აშლილობებით, სადაც ჩვენი ცნობიერება, იდენტობა და რეალობის აღქმა ხშირად ირღვევა.  რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ კორეაზე. ნებისმიერ ინდუსტრიულ საზოგადოებას აქვს ეს პრობლემა. ასე რომ, ახალი ტალღა შეეხო ამ ფენომენს. ოლდბოიმ ეს გააკეთა ფენტეზის საშუალებით, თავდაპირველად, როგორც იაპონური მანგა. მაგრამ ეს ფანტაზია ერთადერთი გზა იყო ჩვენი ფსიქოლოგიური რეალობის გამოსახატავად.

იაპონიაში რომ ვცხოვრობდე, ვფიქრობ, მეც ანიმატორი ვიქნებოდი. ეს იმიტომ ხდება, რომ იაპონიაში ანიმაცია არის ის გზა, რომლითაც ხელოვანები ნათელს ჰფენენ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს. მაგრამ ასეთი გზა კორეაში ლიტერატურის ტრადიციული ფორმებია.  ადრე, ხალხი პატივს გცემდა, თუ მწერლობა გინდოდა. ჩვენს ნაწერებს ვუზიარებდით და ასე ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. მაგრამ დღეს ახალგაზრდები ამას არ აკეთებენ. მოზარდები, რომლებიც წერენ, აღიქმებიან,  მარტოხელა, სოციალური პრობლემების მქონდე ინდივიდებად, რომლებსაც არ ძალუძთ საზოგადოებასთან ჯანსაღი და რეგულარული ურთიერთობა.  ახლა რომ თქვა, რომ მწერლობა გინდა, ხალხი ალბათ იფიქრებს, რომ რაღაც ფსიქიკური აშლილობა გაქვს. PC თამაშების გამო, Პოპ კულტურის, ქეი პოპის და ქეი დრამების გამო, მწერლებს არავინ სცემს პატივს. ზოგადად ხალხი ფიქრობს, რომ ლიტერატურა მოძველებულია და ამიტომ არ არის მნიშვნელოვანი.

თქვენს წიგნში არის ეპიგრაფი, სადაც ნათქვამია: „მე ვარ მოჩვენება. ასეთი მარტოობა არ შეიძლება, რომ არსებობდეს“. ხშირად თქვენი ლექსები იწვევენ გაუცხოების და სოციალური გარიყულობის შეგრძნებას. რას ემსახურება ეს ყოველივე? 

კიმ კიონ ჯუ: ეს მონაკვეთი გახლავთ ლექსიდან “მშრალი ყინული”. როდესაც ყინულს ეხებით, ერთდროულად გრძნობთ უკიდურეს სიცხეს და სიცივეს და შემდეგ ეს ყოველივე, უბრალოდ ქრება. სწორედ ამ შეგრძნებაში მინდა, რომ მკითხველი მივიპატიჟო,  მარტოობის გაცნობიერებაში. ჩემს ლექსებსა და პიესებში არის სამი ემოციური მდგომარეობა, რომელთა წარმოჩენაც მაინტერესებს: სირცხვილი, ამაოება და დანაშაულის გრძნობა. იმის გამო, რომ ეს ის ტერიტორიებია, რომლებსაც ადამიანები ჩვეულებრივ საიდუმლოდ მალავენ, მე მინდა გამოვაშკარავო ისინი, რომ სამყარო უფრო დაუცველი გავხადო ამ საიდუმლოებების გამხელით. მე ვირჩევ ამ სამ ემოციას და ვაშენებ ნაწილებს ამ მდგომარეობების გარშემო. ჩემი აზრით, თუ მწერალი ხარ, ყველაზე მთავარია საკუთარ თავს ჰკითხო: რისი მრცხვენია? Საიდან მოდის ის? როგორ წარმოიშვება? ვალტერ ბენიამინის, კაფკას, მალარმეს მსგავსად, ბევრი დიდი მწერალია, რომლებიც დაუცველები იყვნენ ამ ემოციების წინაშე.

თქვენ გაქვთ პორნოგრაფიული რომანების წერის Ghostwriter -ობის გამოცდილება. შეგიძლიათ ცოტა ამაზე ისაუბროთ?

კიმ კიონ ჯუ: დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სულაც არ მრცხვენია, რომ Ghostwriter (ადამიანი, რომელიც დაქირავებულია სხვადასხვა სტატიების წიგნების და წერილობითი მასალების დასაწერად) ვარ. ჩემს რეზიუმეში ყოველთვის ვწერ, რომ მე ვარ დამსახურებული Ghostwriter -ი ვარ და მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ჩემი ვინაობა.

ექვსი წლის განმავლობაში გადარჩენისთვის და ქირის გადასახდელად ყველაფერს ვაკეთებდი. და იმ დროს ძალიან მრცხვენოდა ბევრი რამის.. როგორც პოეტი, შენ წერ ლექსებს, წერ წიგნს და აქვეყნებ და ეს სულ სხვა რამეა.  შეიძლება როგორც მწერალი, თავს ძალიან გატეხილი ვგრძნობდი, თითქოს ქოფიირაიტერი ან აჩრდილი ვყოფილიყავი. თითქოს მრავალი პიროვნება მქონდა, მაგრამ რეალურად ერთი მწერალი ვიყავი, რომელიც ამ ყველაფერს წერდა.

ჩემი პორნოგრაფიული რომანი დონ ჟუანზე იყო დაფუძნებული, მაგრამ მაინც კორეული მოთხრობა იყო და კიმ დონ ჟუანი ვუწოდე. უამრავი შეტყობინება მომდიოდა და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, მოიცა, ხალხი მართლა კითხულობს ამ სისულელეს?
ძალიან მიკვირდა. ეს შესაძლოა სრული ნაგავი იყო, მაგრამ ის თუ ხალხს მარტოობას უვსებდა, შესაძლოა მთლად ისეთი ნაგავიც არ იყო.

როცა ეს ნაწარმოები დავწერე, სეულში ვცხოვრობდი და მეგობრები არ მყავდა და  მეც ძალიან მარტო ვიყავი. ნაწარმოების ბუნებიდან გამომდინარე, ყველაფერი მასობრივად ავრცელებდა სეულში, ბროშურების, აან რეკლამების საშუალებით, და რადგან ჩემი სიტყვები ყველა ამ ადამიანამდე მიდიოდა, თითქოს სეულში ყველა მარტოხელა უცნობს ჩავეხუტე.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
284