პოეზია

გვანცა ელიენი

                                       

                                             

ყანის ეფექტი / ნაპირი 

ისევ შრიალებს.
შენ ფიქრობდი, რომ ღმერთი იმაზე ნათელია, 

ვიდრე სინათლე.
მე მაწუხებდა ჩემში ღმერთი
და უნებურად მეფიქრებოდა წარმართებზე.
ჩვენ გვერგო ბედნიერება გულზეხელდაკრეფით 

დასაფლავების,
ისინი ხერხემალში მოხრილები დაასაფლავეს,
მაგრამ სჯეროდათ სწორი საქციელის.
ჩვენ კი გვაწუხებს ჩვენში ღმერთი.
ისევ შრიალებს.
უნდა მოვიმკათ!
დაატრიალეთ ბორბალი,
რომ უარესად დამეგლიჯოს ხორცი.
უფალს უყვარს წამებულები.
უბიწოებით ივსებოდა წარმართი სიწმინდე.
ჩვენ დავანგრიეთ 

ქალწულებით გამოკვებილი ღმერთები.
მოვკალით სიკვდილებისთვის.
თუმცა – ისევ შრიალი,
დროა მოვიმკათ.
დაატრიალეთ ბორბალი, 

რამეთუ, ნეტარ არიან წამებულნი!.
ღმერთებს ვუყვარვართ.
შენ ამბობდი, რომ ღმერთი მამაა,
მე ვხედავდი, ნაშალ ღვთაებებს 

და უნებურად მიჩნდებოდა კიხვა – 
დამანგრეველი სიწმინდე ?
ისევ შრიალებს.
და ჩვენ მოვიმკით !
..
დაატრიალეთ ბორბალი უკუღმა
მინდა გავიმთელო სხეული.

2010

მე ცუდი გოგო ვარ / უცხო 

ღმერთი მოგონილი თითებით
იწერდა პირჯვარს
როცა მე  ფუნჯმომარჯვებული
გულისპირიდან აღებული წითელი საღებავით
ვხატავდი ნამსჭვალევს
მისი ერთადერთი შვილის ხელისგულებზე
ჩემს ღამეებში მუდმივი სიყვარულია
ფანჯრებზე გაფარებული სხეულის ფარდებით
და სიმწრისგან მბორგავი 

სუნთქვით ნაორთქლი მინებით
ოთახის ყველა მონაკვეთზე
უმისამართო გზაჯვარედინებია
როცა იცი რომ ყველა გზა მაინც ჩემთან მოვა 

ჩვენ ჩემს ოთახში ვცხოვრობთ
გაუგებარი ბგერებით სავსე სივრცეს
ვეჯახები ყოველ ნაბიჯზე
და შუბლის ნახეთქ ჭრილობებს
თითებზე დახვეული ბამბით ვისუფთავებ
არაფერია იმაზე უარესი როცა იცი 

ღმერთი მონდომებით მქმნიდა ფიქრებში
და ცდილობდა
რეალობას დავმსგავსებოდი
ჩვენ ჩემს ოთახში ვცხოვრობდით
ჭერიდან ძაფებად წამოსული
ერთმანეთზე გადახლართული
თანაცხოვრების შტრიხებით
სიამოვნებით გაკვირდებოდი
კოშმარებით გაწვალებულს 

და არ ვცდილობდი შენს გამოღვიძებას
მაშინ როცა
საათის ისრები მოპირდაპირედ მოძრაობდნენ
ღმერთი მოგონილი თითებით 

იწერდა პირჯვარს
როცა მე  თავმობეზრებული
ტოლნაწილებად ვშლიდი
სიმწრისგან მბორგავ შენს სხეულს

2010

Frozen/Our History

ჩვენ მივუყვებოდით უშვილო დედებით დასახლებულ
შედედებული სისხლის ტაიგებს
და თითოეულ მოძრაობას იკვირვებდნენ ჩემი
ქარიშხლიანი მუხლები.
რას ნიშნავდა ქალაქში მოჯირითე მთავარანგელოზი
მათრახით რომ ახელებდა ნოემრის მზის მხურვალებას?!..
მითხარი როდის დამთავრდება ცა,
რომ მოსიარულე ქონდრის კაცები ამოვხიო ნახატებიდან..
მითხარი რატომ ჩამესმის შენი სუნთქვა მძინარეს,
რომ საკუთარი ხელით დავანგრიო შენთვის აშენებული კოშკები..
ჩვენ მივუყვებოდით ტრამალებს, 

მდუღარე გადასხმული კანივით რომ დამჩენოდათ ბორცვები..
და თბილი კაშნესავით მახვევდი სიცივეს
გაყინული ხელებით.
რას ნიშნავს ცამდე ასული ჩემი გულისცემა
საფრთხის მომასწავებელი საყვირივით რომ აყრუებს გარემოს..
მითხარი რატომ არ მთავრდება ცა,
რომ ხელის კვრით წამოვაყენო ის მომლოდინე სკამიდან,
რომ მე თვითონ გავამთელო კიბის ჩატეხილი საფეხური,

რომ მოთქმით დავიტირო ორიათასწლიანი სიმარტოვე,
რომ არ გავიხედო უშვილო დედებისკენ,
რათა ვერასდროს შევიგრძნო მათი უბედურება,
რომ ხელში ჩავიგდო მოჯირითე მთავარანგელოზის ცხენის სადავე
და მოვზიდო ძარღვების დაწყვეტამდე.
და ვუყვირო ვიდრე იოგები გაუძლებს:
აქ მზეზე მეტად ჩვენი სითბოს ნაკლებობაა,
აქ მიწითაგებული ოთხიკედელია,
აქ სიკვდილზე მეტად სიცივის შიშია,
აქ უშვილო დედები შვილმკვდარ დედების ბედს დანატრიან
და შვილმკვდარი დედები შვილის საფლავებს ატირებენ უშვილობის მადლს.
მე კი ვერ გამიგია მათი უბედურების ხარისხი.

– და თითოეულ სიტყვას იკვირვებენ შენი განივჭრილიანი თვალები –
მითხარი როცა დამთავრდება ცა,
რომ სამაგიერო გადაგიხადო უპასუხოდ დატოვებული კითხვებისთვის.
..

მე მივუყვებოდი შვილმკვდარი დედებით ნამარხ 
გამომაშრალ სტეპებს
და თითოეულ მოძრაობას იკვირვებდნენ ჩემი 

ქარიშხლიანი მუხლები..

ამბოხი/ჩემი წმინდა წიგნი 

გამოიკეტე შუბლის კარები

და გაჩერდი ზენიტიდან

საკუთარი ჩრდილის გასწვრივ.

გამოაცხადე დაუმორჩილებლობა დღეების მდარე კომპოზიტში,

გადაარქვი სახელი გაადამიანებულ ღმერთს,

დაარქვი – გონი

რათა უფრო მეტად სარწმუნო გახდეს ის.

გადაარქვი სახელი სასწაულებით გამოკვებილ ბრბოს

აღიარე ცხოველური საწყისი,

რათა საფრთხის მზადყოფნა შეინარჩუნო

და გადაირქვი სახელი –

გრაფების გასწვრივ დაბეჭდილი ნიშნების ერთობლიობა.

გახდი ხორხისმიერი ბგერებით აღმნიშვნელი,

რათა მეტად იგრძნო როგორ გაეჩხირებათ ყელში შენი სახელი.

დარჩი საკუთარ მხარეს,

თუნდაც მეორე მხრიდან შველას ითხოვდნენ.

დარჩი საკუთარ თავთან,

თუნდაც სისხლით გრძნობდე ღვთიურ მოწოდებას,

დარჩი საკუთრივი ფართობით,

რომელიც შენი სხეულით განისაზღვრება

და ირწმუნე ხორცი,

რადგან ის არის შენი სულის ჯავშანი.

გამოიკეტე ეკლესიის კარები

და დარჩი ღმერთთან პირისპირ.

იარე საკუთარი ფეხებით

და არასდროს დაელოდო თანამგზავრს,

იქონიე სიჩუმის იმედი,

რადგან სიჩუმეში ყველაფრის თქმას შეძლებ.

გამოაცხადე დაუმორჩილებლობა

და თუნდაც წამებით აალაპარაკე საფლავები,

რადგან მათ უკვე იხილეს ორივე ცხოვრება.

ჩამოაყალიბე აზრების არმია

და უბრძანე:

თუნდაც ძალის გამოყენებით გაიყვანონ გვამები!

გამოიკეტე შუბლის კარები,

რათა ცივი გონებით შეძლო ამბოხი

და შეინარჩუნო პოზიცია

ზენიტიდან საკუთარი ჩრდილის გასწვრივ.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
84