პოეზია

გაბრიელა მისტრალი

                                       

თარგმანი: ს.კ.

სასმისი

დავატარებდი სასმისს,

ერთი კუნძულიდან მეორეზე. არ ვღვრიდი წყალს.

თუ ის დაიქცეოდა, წყურვილი მოტყუვდებოდა.

მხოლოდ ერთი წვეთი და ყველაფერი გაქრებოდა,

ყველაფერი დაიკარგებოდა, მისი ბატონი იტირებდა.

არ მივესალმე არცერთ ქალაქს,

არ განვადიდე ცამდე აზიდული ანძები,

არ მოვეხვიე მკლავებით დიდ პირამიდებს,

არ გავაღე სახლი მარშით მოცეკვავე ბავშვებისთვის.

მაგრამ როცა მას გადავეცი, ეს სასმისი, სრულვიქმენი,

ყელში მზე დამიმწიფდა:

“ჩემი მკლავები თავისუფალია, როგორც ღრუბლებია უბატონო.

ჩემი კისერი არის მთა,

მე ხეობამ მიმკვიდრა”

ტყუილი იყო ჩემი საგალობელი, შემომხედეთ,

ვაცოცებ მზერას ჩემს ცარიელ ხელებზე.

თანდათან ვძლებ, წყლის ბრწყინვალების გარეშე,

შეუმჩნევლად წინ მივიწევ, არ ვატარებ საგანძურს.

მაუტკივარებს სისხლი, რომელსაც ჩემს მკერდში, ჩემს პულსში

აჩქეფებს შიში და შფოთვა.

მწარე სიმღერა

ვითამაშოთ, მოდი, ჩემო ყრმაო,

მეფე და დედოფალი

ეს მწვანე ველი შენია,

ვის უნდა ეკუთვნოდეს სხვას?

მოშრიალე სამყურა,

შენთვის მოშრიალე.

მთელი ხეობა შენია,

ვის უნდა ეკუთვნოდეს სხვას?

ჩვენს საამებლად,

ვაშლები კორომში თაფლივით ტკბილდებიან

(არა, არ არის მართალი,

რომ შენ იყინები, როგორც ბეთლემის შვილი,

რომ შენს დედას ძუძუ უშრება ტკივილისგან)

ბატკანი იზრდის მატყლს,

და შენთვის საწმისი მოიქსოვება.

შენია ხარები, ცხვრები.

ვის უნდა ეკუთვნოდეს სხვას?

და რძე სადგომებში,

რომელიც მეწველი ფურებისგან მოედინება,

და კალოები მარცვლეულისთვის –

ვის უნდა ეკუთვნოდეს სხვას?

(არა, არ არის მართალი,

რომ შენ იყინები, როგორც ბეთლემის შვილი,

რომ შენს დედას ძუძუ

უშრება ტკივილისგან)

ჰო, ვითამაშოთ, ჩემო ყრმაო,

მეფე და დედოფალი.

მრწამსი

მწამს ჩემი გულის, სურნელების კონის,

რომელიც ჩემს ბატონს აღაფრთოვანებს,

სიყვარულით ავსებინებს მთელ ცხოვრებას,

აკურთხებინებს.

მწამს ჩემი გულის, რომელიც არაფერს ითხოვს,

რადგან შეუძლია უმაღლეს ოცნებას წვდეს,

მასში სიყვარულით შეიქმნას,

უსაზღვრო ბატონისგან.

მწამს ჩემი გულის, რომელიც, როცა მღერის,

ჭრილობებს კედლებიდან ღვთის სიღრმემდე ძირავს

მისგან სიცოცხლის ჭავლის აღსადგომად.

მწამს ჩემი გულის, რომელიც ირყევა და ირხევა

რადგან ის უნარიანია, ზღვები ააღელვოს,

მასში ცხოვრება ნოტებს უკრავს,

მჟღერ წყლის ნაკადს.

მწამს ჩემი გულის, რომელსაც ვწნეხავ

ცხოვრების ბოჭკოების შესაფერად,

მეწამულ ან ლურჯად,

ცეცხლის მოსასხმელად.

მწამს ჩემი გულის, რომელშიც დათესილი

ნაოჭები უსასრულოდ იზრდებიან.

მწამს ჩემი გულის, რომელიც შეუწყვეტელად განიმუხტება,

ისე, რომ არ დაცარიელდეს.

მწამს ჩემი გულის, რომელსაც არ ესევიან მატლები,

იმიტომ, რომ სიკვდილისგან ძალა ეცლება.

მწამს ჩემი გულის, რომელიც განისვენებს

საზარელი და ძლიერი ბატონის მკერდქვეშ.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
137