ოთხას მეერთე დარტყმა

ნუ ,,გაუტარებთ” თქვენს პარტნიორებს ,,გადაბლატავებებს”!

ეს სტატია ეხმიანება ,,ჩემი ცოლის დაქალების” მე-14 სეზონის მე-40 სერიაში გაჟღერებულ დიალოგს, სადაც ჩიკას პერსონაჟი მეუღლე – შაგუსთან შერიგების პროცესში იყენებს ასეთ ფრაზას: ,,მე ხომ შენ ძაან ბევრ გადაბლატავებას გიტარებ. და რატომ გიტარებ, იცი? იმიტომ, რომ ძაან მებანალურება ეს სამყარო უშენოდ…” საოცრად რომანტიკულია, დამეთანხმებით. მაგრამ თუ თავს დამიქნევთ, ძალიან სამართლიანებიც არ იქნებით ამ უკანასკნელის გამო. ერთი მოსმენით მართლაც ამაღელვებლად ჟღერს ეს კომიკურად შეფუთული წინადადება, მით უმეტეს, თუ შეყვარებულებიც ვართ, ყველა საკუთარ გამოცდილებას მოვარგებთ აღნიშნულ ფიქაფს და სულში უსაშველო სითბოს კორიანტელი ჩაგვეღვენთება. თავს ასეთი ფრაზების ავტორად წარმოვიდგენთ და კიდევ ერთხელ გადავიაზრებთ თუ როგორ გაგვიმართლა, რომ ვიღაც გვიყვარს. თავდაპირველად მეც ძალიან მომეწონა და მერელევანტურა ხსენებული ეპიზოდი, მოსმენისას თავი ქიმიურ ჯეკპოტდაცემულ ადამიანთა სიას მივაწერე და სეროტონინმოზღვავებულმა ფრაზა გონებაში რამდენჯერმე გადავიაზრე. საბოლოოდ, მივხვდი, რომ ეს თითქოს ლაკონური მომხიბლაობის რომანტიკული წარმონაქმნი სინამდვილეში საზარელი რამ არის. ისე გამოვიდა, რომ მისი აღქმა 360 გრადუსით შემოტრიალდა და მე ის დავინახე, როგორც საყვარელ ადამიანებთან, პარტნიორებთან და ცხოვრების თანამგზავრებთან ისტერიკული ემოციური თუ სხვა სახის მიჯაჭვულობის წახალისება. სიყვარულის სახელით ხომ მართლაც უთვალავი გადაბლატავება ეპატიება ადამიანს, რასაც ის შემდეგ უსწრაფესად ეჩვევა და ამ გამოვლინებების რიცხვიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. გამახსენდა პირადი გამოცდილებაც და დღის წესრიგში მდგარი უამრავი შემთხვევა, გადაბლატავებების ზრდით გამოწვეული არაერთი ფატალური ფინალი და ასეთი ტიპის ურთიერთობების განორმალიზება.

 

,,ჩცდ”-ს ამ სერიის შემდეგ ისე დაემთხვა, რომ ყველასგან ხოტბაშესხმული ,,ქაღალდის სახლი” დავიწყე. იქ ერთ ეპიზოდში იყო დიალოგი, რომელიც ზემოხსენებული ფრაზის სიუჟეტურ განვითარებას ,,მოუხდებოდა”. ქალი ინსპექტორი, რაკელი, ოჯახში განცდილ ძალადობრივ გამოცდილებას უყვება მისთვის უცნობ ადამიანს: ,,სინამდვილეში ყველაფერი ერთი დარტყმით არ იწყება. ასე რომ იყოს, სასტიკი კაცის გვერდით არავის მოუწევდა ცხოვრება. პირიქით, შენ გიყვარდება მიმზიდველი, განათლებული ადამიანი, რომელიც თავს სამყაროს ცენტრად გაგრძნობინებს. და როდესაც ის გთხოვს პროფილის ფოტო შეცვალო და შვილის სურათი დააყენო, ეს საყვარლადაც გეჩვენება. ან როდესაც გეუბნება, რომ აჯობებს სამსახურში მოკლე კაბა არ ჩაიცვა. შენ კი ფიქრობ, ,,მე ქალი ვარ, რომელიც მამაკაცების გარემოცვაში მუშაობს, ბოლოსდაბოლოს მას ჩემი დაცვა უნდა”. შემდეგ კი ერთხელაც ის ხმას უწევს… იცით, ეს ისეა თითქოს კიბიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ეშვები, როგორც საშინელებათა ფილმებში. სარდაფისკენ მიიწევ და ყველა ფიქრობს, რომ იქ არ უნდა ჩახვიდე. შენ მაინც ჩადიხარ და პირველ დარტყმას იღებ, შემდეგ კი მეორეს და მესამეს…” ცხადია, ჩვენი ქვეყნის ყველაზე პოპულარული სერიალის იმ ორი გმირის ისტორია, სულ სხვანაირი დინამიკით ვითარდება, ,,ჩცდ-ს” მაყურებლებმა იციან, რომ ეს არ არის ტიპური მოძალადისა და მსხვერპლის როლმორგებული წყვილის ურთიერთობა. მაგრამ ეს ფრაზა აღმოჩნდა ერთგვარი ტრიგერი, რამაც გონებაში ასოციაციათა კორიანტელი დააყენა. ვეჭვობ, სცენარისტებს მიზნად არ ჰქონიათ ,,გადაბლატავების” ეპიზოდი ასეთ ღრმა სიმბოლოდ დაეხატათ და ამდენი აბდაუბდა გამოეწვიათ თუნდაც ერთი ადამიანის თავში. საქმე იმაშია, რომ ეს უწყინარი და ღრმად რომანტიკული სცენა, ნაწილობრივ კომიკური სახით მოცემული, თავის თავში პატარა ტრაგიკულობას შეიცავს. ცხადია, რომ გადაბლატავების მომენტთა ხშირი მიტევება, იმ ადამიანის ტვინს, რომელშიც უკვე არსებობს ამის თუნდაც თეორიული დაშვება, აიძულებს ძალადობრივი მექანიზმებით ამუშავდეს. რომ არა პირადი გამოცდილება, ალბათ ეს ფრაზა შუა ღამით არ გამაღვიძებდა და არ დამაფიქრებდა ყოველივე იმაზე, რასაც აქ ვწერ. თავდაპირველად პატიება მარტივია, შერიგების მომენტიც საკმაოდ ამაღელვებელი, ჩნდება შეგრძნება, რომ არასოდეს, არანაირი მიზეზით თქვენ ორს შორის კონფლიქტი აღარ წარმოიშობა და ფაქტობრივად სამოთხისებურ ეიფორიაში ხართ მცირე ხნით. შემდეგ მორიგი გადაბლატავება, მორიგი ჩხუბი, შერიგება და კვლავ წყეული, მატყუარა, რიგ შემთხვევებში უადგილოდ გამომუშავებული ენდორფინები. დროთა განმავლობაში ამას ეჩვევი, ან ბედნიერების მომენტებს ვერ თმობ, რის ხარჯზეც მზად ხარ ხანდახან საშინელებები აიტანო. იწყებ მოძალადის გამართლებას, შენი ქვესკნელში გადახვეწილი თვითშეფასება კი საშუალებას არ გაძლევს, მისი ქცევები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო – ,,ის უბრალოდ ასეთია და მორჩა, მე ჩემი ნებით ვემონები მას”. და, რაც მთავარია, ბოლო და ყველაზე რთული ეტაპი, ჯოჯოხეთი, რომელშიც მზად ხარ მარადიულად იფართხალო: შენთვის ეს ყველაფერი უკვე ნორმაა, გაოგნებს ყველა ურთიერთობა, სადაც მსგავსი ფაქტები არ ხდება. გეუბნებიან, რომ ყელამდე ფეკალურ მასაში ცურავ, შენც იცი ეს, მაგრამ, ჯანდაბა, ვინ თქვა, რომ იქიდან ამოსვლა გინდა?! ასევე ბოლო ეტაპზე შეიძლება მოგინდეს თავის დაღწევა, მოგენატროს ძველი ,,მე”, თავისუფალი და ხელშეუხებელი. მაგრამ ამის ძალა აღარ გაქვს. როგორც იტყვიან, სანამ შეგიძლია არ გინდა, როცა გინდა – უკვე თავს ვეღარ იმორჩილებ, საბოლოოდ კი არც გინდა და არც უშვებ გონებაში, რომ რამის გაკეთება კიდევ შეგიძლია.

 

ხშირია ასეთ დროს მსხვერპლის დადანაშაულება, მათი ნამუსზე აგდება, კრიტიკა, არაფრისმომცემი გამამხნევებელი რჩევები, ,,ამას როგორ ითმენ” და მსგავსი არაემპათიური შეძახილებით. ეს, თუ სწორად მახსოვს, მეც მახასიათებდა, თეორიულად ყველაფერი მარტივი და ადვილად გადალახვადი ჩანს. ასეც არის, როცა საქმე მხოლოდ მოთმენაშია და არა უსაშველო, ავადმყოფურ მიჯაჭვულობაში. სულერთია, რა სახის ძალადობაზეა საუბარი, აუცილებელი არ არის ყოველდღე ჩალურჯებული თვალით დადიოდეს მსხვერპლი, სულ ნუ იქნება ფიზიკური დაპირისპირება სახეზე. ფსიქოლოგიური ტერორიც მიწასთან ასწორებს ჩვენს პიროვნებას, ეს არაა ის გამოცდილება, რომელიც გვზრდის ან იგივე ფაზაში გვტოვებს, ამ დროს განვითარების რამდენიმე საფეხურით ქვემოთ ჩავდივართ, უკან ვიხევთ მთელი ჩვენი რესურსით და გარკვეული საკითხების გავლა და სწავლება თავიდან გვიწევს. ამიტომაც პირველივე გადაბლატავებაზე შესაბამისი რეაქციაა საჭირო, სანამ ვინმე ანალიზის უნარს დაგვაკარგინებს.

 

ფიქრებმა ჩვეულებრივი ფრაზა საგანგაშო სიგნალად აქცია, რომელიც ცხადყოფს, რომ ყველაფერი ეპიზოდური გადაბლატავებით შეიძლება დაიწყოს. ამაში კი დამნაშავე ყოველთვის ,,მობლატავე” ადამიანია და არა ის, ვინც ამას თუნდაც მილიონჯერ პატიობს.

ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
97