ლექსები ყველაფერზე

      (გამოხმაურება ირაკლი ჯაფარიძის წიგნის შესახებ  — ,,ქვესკნელის ყვავილები ანუ ლექსები არაფერზე“)

ისტორია პერმანენტული გადაწერით ინვრცობა და ეპოქებიც ითვისებს მის დიდაქტიკურ შინაარსს, ესთეტიკურ მშვენიერებასა და ღვთაებრივ შთაგონებას. თუმცა, ფაქტი ინტერპრეტაციის გარეშე ჩვენ არ გვეხმარება განვითარებაში, პირიქით, გვაბრკოლებს, წმინდა გონებას ზღუდავს მისი ავტონომიური მთლიანობა. ინტერპრეტაცია არ არის კაზუალურ პარადიგმაში მოქცეული ცალკეული შემთხვევა, არამედ ის მრავალჯერადი აქტია, რომელიც ადამიანის განსჯის თანმხლებია. დიამეტრალური განსხვავებაა ზერელე ბაძვასა და ინტერპრეტაციას შორის, ეს განსხვავება გამოიხატება მთელისა და ნაწილაკის ურთიერთმიმართებით: ბაძვა ყოველთვის ფრაგმენტულია, ინტერპრეტაცია კი – მთლიანი და შედეგობრივი.

ამა წლის მაისის დასაწყისში, მოაზროვნე მათემატიკოსმა – ირაკლი ჯაფარიძემ გამოაქვეყნა ლექსების წიგნი სათაურით: ,,ქვესკნელის ყვავილები ანუ ლექსები არაფერზე“, რომელშიც ფილოსოფიური მჭვრეტელობით აღიქვა და გაითავისა სამყაროს მთლიანობა.

მარტივი როდია ეპოქათა ხარჯზე წარმოჩენა, აღქმა და გათავისება საუკუნეობრივი მთლიანობისა, კაცობრიობის განვლილი სიმაღლეების წვდომა და იქედან ჭვრეტა თვალუწვდენელი ჰორიზონტისა… თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ი. ჯაფარიძემ ეს მოახერხა. მისი ლექსების კონტექსტები დატვირთულია საზრისული ძიების მიმართებით, სადაც სამყაროს მოუხელთებლობა ამაოების განცდას ბადებს. ავტორი მიისწრაფვის სრულყოფილებისაკენ, გვთავაზობს რა წარსულის მონუმენტების რესტავრაციას, ის გვევლინება ჭეშმარიტ ინტერპრეტატორად და წარსულის მოხვეჭის ხარჯზე ქმნის შედეგობრივ აწმყოს, რაც ასე თვალსაჩინოდ განსხვავდება ფრაგმენტული, განუვითარებელი მიბაძვისაგან.

ი. ჯაფარიძისათვის ,,არაფერი“ ატარებს საზრისულ დატვირთვას, რაც სხვადასხვაგვარად შეგვიძლია გავიგოთ: რელიგიური თვალსაზრისით, ღმერთმა არაფრისგან შექმნა სამყარო. სამყარო სრულდება, ,,არაფერი“ დაუსრულებელია. მატერიალისტური თვალსაზრისით, დემოკრიტესეული ატომები გარდაისახება, რომელთა შეერთება ქმნის სხეულებრივ სამყაროს, დაშლა კი, კვლავ განარიდებს სხეულებს და სამყაროსაც აბრუნებს ატომის ცალკეულ ბირთვში, -განუყოფელში. ნეოპლატონური მეთოდი იერარქიულია, რაც მარადიული დაბრუნების პრეტენზიით გამოდის. პირველი ერთი, როგორც პლოტინი უწოდებს, არის ყველაფრის განმაპირობებელი, ის თავად აწარმოებს დანარჩენ საფეხურებს, მარადიულია მისი ,,გადმოღვრა“, ,,გადმოდენა“ და რამდენადაც მარადიულია პირველი ერთი, იმდენადვე უბრუნდება მას ყოველ საფეხურზე გამოკვეთილი ცნება. შეგვიძლია, რომ ეს მარადიული პროცესიც გავიგოთ ,,არაფრად“, რადგან ის არ არის რაიმესთან მიმართებაში, მნიშვნელობა არ აქვს, ეს პოზიტიური თვალსაზრისით გვაქვს წარმოდგენილი თუ ნეგატიურით. აგრეთვე, შესაძლებელია, რომ ჯაფარიძის ,,არაფერი“ გავიგოთ, როგორც აპოფატიკისა და კატაფატიკის საბოლოო მიზანი, – მტკიცება, დადასტურება, ჭეშმარიტების სრულყოფილი გაგება.

ი. ჯაფარიძე როცა გვეუბნება – ,,ლექსები არაფერზე“, ის, ჩემის აზრით, ამ ფრაზით, იმთავითვე გულისხმობს ,,ლექსები ყველაფერზე“, რადგან ,,არაფერს“ და ,,ყველაფერს“ ამ შემთხვევაში სინონიმური დატვირთვა გააჩნია. სამყაროს ეიდოსი ტრანსცენდენტალურია  და ,,არარა“ იმდენად იზომორფულია ,,რაიმესი“, რომ მათ შორის გარჩევადობაც მიუღებელია… ,,არარა“ რეალურად უსწრებს სამყაროს ქმნადობის აქტს, რადგან მთლიანობამდელი ელემენტი არის პირვანდელი ენერგიის წყარო. აგრეთვე, ჯაფარიძის შემოთავაზებული ,,არაფერი“ შეგვიძლია გავიგოთ, როგორც ,,არსისა“ და ,,არარსის“ ჰარმონიული შუალედი. ჰერაკლიტემ შეაფასა ამდაგვარად: ,,არსი და არარსი ერთი და იგივეა“. ეს განმარტება მიუღებელია პარმენიდესათვის: მისთვის არსისა და არარსის ნაზავია ბუნება, ილუზიურია. ი. ჯაფარიძე უფრო პარმენიდეს თვალსაზრისს იზიარებს, ვიდრე ჰერაკლიტეს მოსაზრებას, თუმცა იგივეობრივი მხარეები შესამჩნევია, რაც ცალსახად არ გვაძლევს ჰერაკლიტეს დებულებების უარყოფის საშუალებას პოეტის ქვეტექსტებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,ჯერარსის“ საზრისულ გაგებასაც ატარებს ირაკლი ჯაფარიძის შემოთავაზებული ,,არაფერი“.

,,ქვესკნელის ყვავილები“ – ეს მეტად ორიგინალური და ღრმააზროვანი სათაურია. თუ რა ქვეტექსტი შემოგვთავაზა ავტორმა ამ ფრაზით, – შეგვიძლია ამის შესახებაც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა: აღნიშნული სათაური (,,ქვესკნელის ყვავილები“) გვაგონებს შარლ ბოდლერის საყოველთაოდ ცნობილი კრებულის სათაურს ,,ბოროტების ყვავილებს“ (1857), სადაც ბოდლერი ცალკეულ თავებად წარმოგვიდგენს წიგნის სტრუქტურას, მაგრამ ყოველი თავი, საბოლოო ჯამში, წარმოდგინდება ერთ მთლიანობად და გვიჩვენებს პოეტის განსაზღვრულ განწყობილებასა და დამოკიდებულებას ზოგად საკითხებთან დაკავშირებით, არსებობის, სიკეთისა და ბოროტების არსობრივი მახასიათებლის შესახებ. აგრეთვე, უპრიანია გავიხსენოთ გალაკტიონ ტაბიძის 1919 წელს გამოცემული პოეტური კრებული ,,არტისტული ყვავილები“, სადაც თავი მოიყარა პოეტის უმნიშვნელოვანესმა ლექსებმა. ყოფნა-არ ყოფნის საკითხი ამ წიგნში საკვანძო ხასიათს ატარებს, ადამიანური არსებობის საზრისულ მხარეს გალაკტიონი ოპტიმიზმით უყურებს.

ირაკლი ჯაფარიძის წიგნში, რომელიც ჩვენი განხილვის ობიექტია, იგრძნობა ბოდლერის გავლენა, რაც ასე თვალსაჩინოა წიგნის სათაურითა და მისი თავებით. როდესაც შინაარსობრივ მხარეს ვეცნობით, უდავოთ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯაფარიძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბოროტებას, როგორც ბუნებისეული ყოფიერების განუყრელ ნაწილს. ალეგორიულად რომ ვთქვათ, ყვავილები წარმოდგენილია მშვენიერების, სიკეთის მეტაფორად, ხოლო ქვესკნელი – სიმახინჯის, ბოროტების. ბოროტებისა და სიკეთის მჭიდრო გადაკვეთას გვთავაზობს პოეტი, მეტიც, შესაძლოა ეს ჩავთვალოთ გადაკვეთამდე სრულყოფილ ერთ მთლიანობად, რომელიც იმთავითვე გვეძლევა ხილული სამყაროს სახით.

ი. ჯაფარიძე ამოდის ინტუიციონიზმიდან, გვთავაზობს რა კონსეკვენციური ეთიკის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას, ის გვევლინება ფატალისტური ევდემონიზმის სრულყოფილ წარმომადგენლად, რომლის მსოფლმხედველობაც გარდაისახება დინამიურ უტილიტარიზმში. ჯაფარიძეს არ გააჩნია სუბსტანციური მონადა, ხელმძღვანელობს პროპედევტიკური ანალიზის მეთოდით და უპირისპირდება ოკაზიონალიზმის თეოლოგიურად აღიარებულ კონცეფციასაც.

ვილჰემ ჰეგელი თავის წიგნში ,,ესთეტიკა“ ჰარმონიის შესახებ წერს: ,,ჰარმონია, სახელდობრ, თვისობრივ განსხვავებათა თანაფარდობაა და მასთან ასეთ განსხვავებათა ტოტალობა ისე, როგორც იგი თავის საფუძველს პოულობს თვით ნივთის არსებაში. ეს თანაფარდობა სცილდება კანონზომიერებას, რამდენადაც ამ უკანასკნელს თავის თავში წესზომიერების მხარე აქვს და შორდება ტოლობასა და გამეორებას. მაგრამ ამავე დროს თვისობრივად განსხვავებულნი თავს იჩენენ არა მხოლოდ როგორც განსხვავებანი, მათი დაპისისპირება და წინააღმდეგობა, არამედ როგორც შეხმატკბილებული ერთიანობა, რომელმაც ყველა თავისი კუთვნილი მომენტი, მართალია, გამოჰფინა, მაგრამ მაინც შეიცავს მათ თავის თავში ერთიანი მთლიანობის სახით“. (ესთეტიკა, ტომი I. თარგმანი შალვა პაპუაშვილის. თბილისი 1973. გვ. 163.)

ჰეგელი, ამ ფრაზით, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ურთიერთსაპირისპირო ცნებათა ჰარმონიზაციიც შესაძლებლობას, რა პრობლემის გადაწყვეტის მცდელობასაც ი. ჯაფარიძის წიგნში ვხედავთ. პოეტი არ იშურებს ძალისხმევას შეაკავშიროს სიბნელე და სინათლე, სიკეთე და ბოროტება, სრულყოფილება და არასრულყოფილება. ჯაფარიძის მიდგომა გაგვახსენებს მანიქეველურ იდეებს, სადაც ბოროტება სრულად ჰიპოსტაზირებულია სიკეთისაგან, ცალკეული სუბსტანციით ფიგურირდება, მაგრამ მყოფობის თვალთახედვა მათ განუყრელ მთლიანობას წარმოგვიდგენს, როგორც დაპირისპირებულ ცნებათა აუცილებელ ჰარმონიას.

,,ქვესკნელის ყვავილები ანუ ლექსები არაფერზე“ შედგება ექვსი თავისაგან. პირველი თავის სახელწოდებაა – ,,ალეფი“, მეორე თავს ვხვდებით დასათაურებით – ,,ყველაფერზე და არაფერზე“, მესამე თავს ავტორმა უწოდა – ,,დრო მიხაკების“, მეოთხე თავი პოემას შეიცავს – ,,ქვესკნელის ყვავილები“, მეხუთე თავს ეწოდება – ,,შეხვედრის სევდიანი საღამო“, ხოლო მეექვსე თავს ჰქვია – ,,გრიგალთა შორის“.

წიგნის პირველი თავი ,,ალეფი“ შედგება 21 ლექსისაგან. მათი უმრავლესობა არსებობის ამაოებასა და პოეზიის სიზუსტეს გვიჩვენებს. ი. ჯაფარიძე პროფესიით მათემატიკოსია, რაც ასე მკაფიოდ სჩანს მის ლექსებში. მისთვის პოეზია მათემატიკაა, პირად საუბრებშიც არაერთხელ აღუნიშნავს ამის შესახებ. წიგნის პირველ თავში რამდენიმე საგულისხმო ლექსია: ,,გახსენება“, ,,სწრაფვა“, ,,აღსასრული“, ,,თეთრი სიკვდილი“, ,,სადღეგრძელო“. ჩამოთვლილი ლექსები ღრმააზროვანებითა და აზრის გადმოცემის ლაკონური ეფექტით ხასიათდება. პოეტს გათავისებული აქვს არსებობის მრავალჯერადობა. მის წინაშე დგას მარადიული დაბრუნების გნოსეოლოგიური პრობლემა; ონტოლოგიური საკითხების სიღრმეებში წვდომას ნაკლებად ცდილობს.

,,სადღეგრძელოში“ (გვ.20) ჯაფარიძე წერს:

,,დიდი ხნის შემდეგ დადგება წამი,

       როს დღე მშვენებით გაიბადრება.

       აღვმართოთ თასი, ეს გაუმარჯოს

       მას, ვინც არასდროს დაიბადება!

       ,,ეს გამარჯვების არს საუკუნე“

       ითქვა მდუმარე, შორი ოცნებით,

       ჩვენ გავიბრწყინებთ, ეს უთუოა,

       როდესაც ყველა დავიხოცებით.

       გროშადაც არ ღირს ეს გაბრწყინება,

       სჯობს კვლავ წყვდიადში ნათელს უცდიდე,

      სჯობს საუკუნო ამ გაჭრვებას

      ხელს კვლავ მდუმარედ გადაუწვდიდე.

      ,,ჩვენ გავიმარჯვებთ ეს უთუოა,

       წინ სინათლეა“ – ვიცი, არ ცდებით,

       წინ აღმაფრენის საუკუნეა,

        ჩვენ გავიმარჯვებთ და დავმარცხდებით!“

აღნიშნული ლექსით სჩანს პოეტის განწყობილება. ის ცნებათა იდეალიზაციას ცდილობს, გარდასახვის მომხრეა, სადაც სიკვდილი არც გამარჯვებაა და არც დამარცხება. ეს დამოკიდებულება მოგვაგონებს ნეოპლატონიზმის იდეას, რაც მარადიული გადმოღვრის, პერმანენტული დასაწყისისა და დასასრულის გამომხატველია. ჯაფარიძისათვის არ არსებობს განსაზღვრული დასაწყისი, მაგრამ უნებლიედ ერთ წინააღმდეგობას თავს ვერ არიდებს: ,,აღვმართოთ თასი ეს გაუმარჯოს, მას ვინც არასდროს დაიბადება!“, ამ ფრაზით ის ეწინააღმდეგება საკუთარ პათოსს, რადგან ყოველჯერადი დაბადება გარდაუვალი კანონზომიერებაა სამყაროს მუდმივობის დასადასტურებლად.

პლატონი ,,პარმენიდეში“ პარმენიდეს პირით გვეუბნება: ,,მაშასადამე, ის რაც თავის თავზე უხნესი ხდება, იმავდროულად, თავის თავზე უმრწემესიც ხდება, რადგანაც მასში უნდა იყოს რაღაც ისეთი, რასთან შედარებითაც ის უხნესი ხდება“. (გამომცემლობა carpe diem. თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძის. გვ. 56)

აღნიშნული ფრაზით, პლატონი გვიდასტურებს არსებობის კანონზომიერებას მიმართებათა საკითხის საშუალებით. ი. ჯაფარიძის პოეზიაში, სამწუხაროდ, ცალსახა მტკიცებას ვერ ვხვდებით, რაც უდავოდ დაგვიდასტურებდა სამყაროს აუცილებელ არსებობასა და მისი ხედვითი შინაარსის ესქატოლოგიურ განსაზღვრებას. რიგ შემთხვევებში, ი. ჯაფარიძე საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში, რაც მეტყველებს მისი იდეოლოგიის კონკრეტულად ჩამოუყალიბებელ თვისობრივ ბუნებზე. ის იდეალურისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ, გარკვეულ ფრაზებში, მყოფობისაგან ამოდის მისი სუბსტანციური წერტილი, რაც, თავისი არსით, ეწინააღმდეგება მეტაფიზიკურ მიმართებას.

წიგნის მეორე თავი (,,ყველაფერზე და არაფერზე“) შედგება 10 ლექსისაგან, რომელთა შინაარსი მძაფრი სენტიმენტალიზმით ხასიათდება. წიგნის მესამე თავი (,,დრო მიხაკების“) 11 ლექსისაგან შედგება და მათი პათოსი ნომინალიზმისაგან საზრდოობს. წიგნის მეოთხე თავი (,,ქვესკნელის ყვავილები“) პოემაა, რომელიც 3 ნაწილისა და ეპილოგისაგან შედგება. აქ ვხვდებით მრავალ ალეგორიას, მეცნიერებისა და რელიგიის გადაკვეთას, მეტათეორიულობის მნიშვნელობასა და სტატიკური კანონზომიერების შესაძლებლობას, აგრეთვე, უარყოფის უარყოფას და იდეათა განსხეულებას. წიგნის მეხუთე თავი (,,შეხვედრის სევდიანი საღამო“) შედგება 10 ლექსისაგან, რომელთაც აშკარად ეტყობა გავლენები, როგორც ქართველი, ისე არაქართველი პოეტებისა. ფაქტობრივად, არ გვაქვს წარმოდგენილი ახალი სტრუქტურა, მონაცვლეობს სიტყვები, მაგრამ შინაარსი და ჩარჩო იგივე რჩება. წიგნის მეექვსე თავი (,,გრიგალთა შორის“) შედგება 16 ლექსისაგან. ამ ლექსებით გამოხატულია ყოფიერების სიამენი. ჯაფარიძე წიგნის ბოლო თავში მიწაზე ეშვება და უბრუნდება რეალობის მჭვრეტელობით აღქმას. საინტერესო შედარებები მოჰყავს რამდენიმე ლექსში, პერსპექტივათა იმედიც შეიძლება დავინახოთ, არსებობის გასამართლებელი არგუმენტები. მეექვსე თავის ლექსში ,,ყოფის მშვენება“ (გვ.120) წერს:

 

,,აფეთქებები! აფეთქებები!

                   სწუხს თვით სიკვდილი, როგორც გემები,

                   ამ მღელვარების შემომშენები…

                   აფეთქებები!

                   ქუჩა ქალაქის, გადაგრეხილი

                   და იდუმალი, როგორც წერტილი,

                   მივალ, მივყვები თითქოს სიზმარში,

                   გულდაწყვეტილი“…

ამ სტროფებში სჩანს არსებობის ჩვეულება. მეტაფორათა მიზნობრივი გამოყენებით, ჯაფარიძე გვიჩვენებს სიცოცხლის მნიშვნელობას. აქ ვხედავთ ადამიანური სიზმრის ბუნებრივობას, რეალურისა და ირიალურის მკაფიო გამიჯვნას.

დასკვნით ნაწილში, უნდა აღინიშნოს ირაკლი ჯაფარიძის მეორე პოეტური კრებულის – ,,ქვესკნელის ყვავილები ანუ ლექსები არაფერზე“ საკმაოდ მაღალი დონე, ავტორის გამორჩეული ხელწერა, არსებობის კანონზომიერებათა ძიების სურვილი, უნარი და შესაძლებლობა.

 

ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
79