პოეზია

ირაკლი ყოლბაია

ქარვა და სპანკი

(თემა და ვარიაციები საყვარლების არკანის ამ მდელოზე მოსაფანტად)

 

 

მერე დღის გული ისე დაცარიელდა ქუჩა-

ქუჩა ვდიოდი, პეპელადვილად, ვნატრობდი

ქალთა უმყოფ სხეულებს, ბალახს

მათ გვერდებზე, ხ-

ილებს და მანეკენები მიყვარდებოდა, წარმოუდ-

გენელი ფლორიდები მათი სახეების—და იქ შენ

წარმო-

გისახავდი, პირდაო, შენს

სახიფათო არამკვებ რძეებს (ქალი აქ

ლტოლვად აღინიშნება, მუშაობა

—აქ—შობად, ხრწნად)   ო წარმოდგენა მხოლოდ ამ

ასეთი უმადურობის, რომ მთელი

ამ წვიმაოქროდღეების მანძილზე

ეს ოქრო, ეს წვიმა მელაგა მთელ

ამ ჯიბესიშორეებში და

არ ვხედავდი

არ-

ის სისხლის ერთობა წყალთან) და გამაჩერე თუ ვამბობ

რამეს რაც უკვე გითხარი, და არ

გაიგე, სადაც არ-

აფერი მუშაობს და მე შეგიყვარე და თან გატარებ და გკარგავ

და გკარგავ—არაფერი—ამ სევდიან ადგილას მე ღამეს ვიცვლი და გკარგავ და გისმენ სადაც შეგიყვარე და შევიცვალე

და ცხოვრებას ვკარგავ ამ ადგილებში

ადგილებში, სადაც მიგყავარ, რომლებიც მარად ცვლადია

მარადსხვადასხვა და ერთმანეთს

ინახავენ (ბავშვობაში რომ გამეცანი, ბევრად

ახლოს ვიქნებოდი საკუთარ თავთან, მაგრამ ახლა

გიცნობ, და მგონი კიდევ

 

გვაქვს დრო) „აქ ერთადერთი დარბაზია, სადაც

ვცეკვავდი“ მე წარმოვიდგენ, როგორ

იცეკვებდი, ამ ადგილას . მარადსხვადასხვა, სულ-

ცვლილებები ანარეკლებში

ლაბირინთის როგორი კედლები ვითომდა

თანადროულად რომ გამოსცემენ ჩემგან ,

ჩემსკენ (და თამბაქოს

რიგში უცნობდა ქალმა ისე მესროლა

მზერა თითქოს რომელიმე წარსული

მყოფობიდან ვეცნე . როგორ იცეკვებდი . „სცენის

ქვეშ ძველი სასაფლაო, საიდანაც რამდენიმე ძვალი

მქონდა წამოღებული“ მახსოვს, შენს

სუნთქვებში, ამ ციკლებს, ცვლებსა და აღმოხდომებში

ყოველთვის სარკით ნაგები ლაბირინთი

ვარ, და შენ—იქნებ

მასში—ასტერიონი, ო ვარსკვლავურო! და ყველა

მე გეუბნება         ლაგრიმა

მილაგრო, რა გქვიათ, ვარსკვლავებო სხვა

ენებზე? შენ რა გქვია,

„მთვარეო, პინაპ ჩემო

ქრონომეტრო“ (ზოგ რამეს მხოლოდ

ანარეკლ ხედავ, ზოგს მხოლოდ

ყურმოკრულ, ესაა ვარდი, ესაა

მისი არეულხელოვნება, და სხვა და სხვა

ზომის ყუთებში სხვადასხვა მისი

საიდუმლოებისთვის—არის კოშმარები, რომლებსაც არ

ეღვიძები, მათ შენი სხეულის ნაწილები

აქვთ, და მე ერთი ასეთი ვარ, ძვირფასო, თაფლში-

მხრჩვალი, „იქ შეგვეძლო წყევლის დადება. ვერავინ

ვერასდროს გაიგებდა“ და ყველა წამი, აქ

ქალწულია, თუნდაც

განმეორებული [ვინ იცის, რა დეფორმაციებით, რა ტკივილნატანი

სხეულებით, ფორმებით, სახეებით და მეტითაა სავსე ეს ადგილები

—ყველა მათგანი ონიროკრიტიკულ ხიდად ეიზენშტეინსა

და ტოდ ბრაუნინგს შორის იდოს თითქოს, ფანტომ-

ფილმები, ამ სიბრტყივ-

კიბულ მსვლელობებში, ყველა არსების

გულის გამოქვაბულში, ამ ქვესკნელის ალისარჩულებში,

სადაც მზარავი ნიშნები, მკვდარი

პეპლები, ალოკურებენ ბნელ მღვიმეებს, ნაპრალებს, უფსკრულებს

თითქოს მახედვებდნენ ჩემივე ადგილას სახის შიდა მხარეში, უმის

ქვეშეთის მეორე მხარეში, ნიღბები, რომლებიც მათ ფარავს

ხან სარკეებია

ხან სარკეებს იმალავს უბეში, სარკის

მეორე მხარეს, მე ენას ვკარგავ, მაშ

ამ ადგილას და მერე ველი როდის დაბრუნდება

კვლავ „დაწყევლილთა ენციკლოპედიად“   და ვიღებ

შენს ძვლებს, შენს საცეკვაო მიწას შენი ბავშვობიდან, ვიღებ

შენს წყევლად, შენს სხვებისგან წაკითხულ

წერილებს და როგორ შეიყვარე მუსიკა, ვიღებ შენს

მთვარის სარჩულს და ჩემს სიზმარში ვმარხავ და ჩემს სიზმარს

ვმარხავ

შენში, მძინარეო

მისმინე

არაფერი მეტად არ მიკლავს გულს, ვიდრე ნათურა

მზეში, მაგრამ ახლა მთვარე და ნათურა

რომელიც ჩააქვრე, მარად დარჩება

შენს თვალებში სიბნელედ და ახლა

პოლიციელო ფილმში, რომელსაც ტელევიზორში ვუყურებ, გევედრები, ნუ დაძრავ კვლავ მანქანას და ჩაუვლი, გულგრილად, შიშველ ქალს, რომელმაც დაგინახა (და იქნებ ასე ყოველ ღამ გხედავს, თავის ფანჯრიდან, რომელთანაც, იქნებ ყოველღამ, ასე მხნედ პოზირებს (შენთვის? ჩემთვის?) პატარა ანონიმური ძუკნა ქალღმერთი, გარიცხულ მოდგმათა, უმცირესობათა სარწმუნოებიდან—გთხოვ, დაჰყავ აქ მეტი ხანი, ამ კადრში, თუმც, ვიცი, ფილმს სხვაგან მიჰყავხარ—ო ამ ფატალიზმის სავარჯიშოს—სადაც მთელი ეშმაკობაც ამ უცნაურ ღმერთების არსებობაა, ეს მაოცნებელი დიაბოლუს ექს მაკინა—გთხოვ შეაბიჯე მის ფანჯარაში, ისე ჰგავს ის იმას, ვინც უწინ მიყვარდა და დავკარგე თავისი ძაღლით—ისაა ჩემთვის ფილმის გული და არა გვამი, რომელსაც ამავე გზის ბოლოს იპოვი, და ამიტომ უნდა დაიძრა, ახლა,

რათა მიადგე

ჩვენ ერთიორჯერ ვიტყნაურეთ და მიყვარებდა, ჰგავდა უნაზესი ფაიფურის ხელში მთელი ძალით ჭერას—როგორ არ გაგიტყდეს? მე ვტეხდი

და ვტეხდი—მისი სატრფო, ნამსხვრევების

მოქალაქე ვიყავი (ფილმის ბოლოს პოლიციელი კიდევ ერთხელ გაივლის

იმავე მარშრუტს ! კიდევ ერთხელ ვნახავ ქალს ფანჯარაში! არა, ბოლოწამს

სხვა მიმართულებას ირჩევს, განზრახ, რომ ფანჯარასთან

არ ჩაიაროს          (არ უნდოდა, პოლიციელს, რომელსაც ქალაქი

ზანგს ეძახის, მასთან ერთად რომ იჯდა მანქანაში, შიშვლად დაენახა

თეთრკანიანი გოგო

 

(ვიძილისშორისე, ერთხელ, ქალის ძიების სასოწარკვეთილი აქტის ალეგორია, მელო-ზღაპარი—მას ერთი უყვარდება სამიდან რომელიც ჰარემს მიჰყავს გერმანიის გადაღმა,

მისი თმები მუდამ იცვლება, ცვლას არ წყვეტენ . . .

„შენ ყველაზე ლამაზი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს“

„შენ არ დგახარ ჩემი მსვლელობის უკან?“—მასზე მითხრა ბავშვობის მეგობარმა, ამ ქალზე, შენს პირველ სიყვარულს ჰგავს, ახლა ის ინდუსტრიაშია (და მე მოვძებნე, იმავე ღამით, მისი ვიდეოები და აღმოვაჩინე, თურმე დაფსმის სპეციალისტია

—ტრფობის ერთი ნაწილი მთლიანად ესაა: 6 წლისამ შეიყვარე გოგო, რომანსის სულით, და გაიზარდე, და გაიზარდა, შენ მას არასდროს შეეხე, ან, მით უარესი, თუ შეხებიხარ, და ის ახლა დაფსმის ოსტატია, პირს უშვერს ოქროს შადრევნებს—ის, ასე ოქროთი და მთვარით მორთული—ყველას დასანახად

—ფიქრობ, ნეტა თუ ბედნიერია (ნეტა თუ მოხდა მისი ცხოვრება) შენზე მეტად მაინც? ესაა ტრფობის ერთი ისტორია, განწირული ხარ პერისპ…რაღაცა სოდომიისთვის, ვიდეო-ფიზიკური მასტურბაციისთვის, რადგან გრძნობა ვერ აღზარდე შენში, რადგან მთელი ბავშვობის მანძილზე, ენა არ გცოდნია

„მე განგაიარაღე

რომ ყველამ იცოდეს როგორ მოდიხარ ჩემთან, როგორც ხარბი საჭურისი“

—სახეს, სველს, მკერდს და ღია პირს უშვერს შადრევნებს, ალბათ ამიტომ ჰქვია უმანკო, პირი, pura, ალქიმიურ ბოლო საფეხურზე (მაგრამ სანამ პირს

ამსიშორეს გავყვები, მანამდე ვხვდები, ის ჩემს პირველ

სიყვარულს არ ჰგავს

(მე არასდროს ისე არ შემეძლო უალერსოდ ცოცხალხორცს შევხებოდი რომ პირველივე ღამის შემდეგ ნებისმიერი ქალისადმი ან გოგოსადმი ვრჩებოდი უსაზღვრო სიყვარულის განცდით რომელსაც არასდროს იზიარებდნენ ჩემი

ეფემერული თანამგზავრები ეს მოკავშირეები ხორცის კარიბჭესთან და ამდენად კიდევ მეტად მიმძაფრდებოდა და მომყვებოდა ეს განცდა

სანამ ერთხელაც ანდა ნელ-ნელა არ მიილეოდა

და ხანდახან არც კი შევხებოდი

მაგრამ წარმოვიდგენდი

როგორ და უკვე მიყვარდნენ

 

მანქანას ვმართავდი ადგილზე მისასვლელად, სტუმრად

ლამაზ გოგოსთან დასახიჩრებული სახით (ვიცოდი მისი ისტორია, როგორ

აწამეს ნეონაცისტებმა რკინის ბასრი სვასტიკებით, ერთ ღამეს

ნეონაცისტურ ბარში სადაც

ეყო მხნეობა, მისულიყო—ვესტუმრო

ქალს შუშის სახლში, მას შუშის სახლი

აქვს, გამჭვირვალე კედლები, არფა-

ნჯრები ყველა ბიჭს შეუძლია

ყოველთვის უყუროს, თუ უნდა—თუ გაბედავს

სარკეში მისი სახის ანარეკლისთვის თვალის გასწორებას (ქალს, ამბობენ

ეს არ ადარდებს, თუ თანხმდებიან, უყურონ სახით

მხოლოდ მის ზურგს, ხოლო მხოლოდ სარკით, მის

სახეს           ბიჭები მოდიან

აქ, ყოველთვის, თითქოს ლაბირინთში   (თუ კი მონსტრი

ვიცით, სხვა არაფერია თუ არა ჩვე/ნ/ება, სპექტაკლი, მაშ იქნებ მონსტრი

სხვა არაფერია თუ არა სპეტაკი (so pure) ასერიგ

ცოდვიან სამყაროში (a sinful world)

 

(ახლა თან წავიღებ შენს ჩემგან ძლივს შენახებ

სხეულს ღამეში როგორც

მთვარისქვე გრძნეულებს, ამაღამეს

ვახატავ ოქროს და მთვარეებს შევაბამ შენს შავ

ბნელ წყალმცენარეებს ყველგან

 

*

რა ეროსს გახილვებს სარკეში ჩახედებული

ეს წელიწადი (ახლა მის

ზუსტად შუაგულში ვარ, თითქოს გაჩერდა

ჩემი ენა, ჩემი ტუჩები მის ჭიპთან

სასიყვარულედ, ის, ბედუინი უდაბნოში

ჭასთან („რა უნდა ამ ხალხს?

რას მივცემ? ამ საუცხოო ადგილას სადაც ადამიანის

სირცხვილი ინახება? იქნებ წყვდიადს კოსმიურ

სამერცხულებთან, მაშ განაპირებულო ტუჩო

აცხადე : თავისუფლების ამ მდგომარებაში მოძალადე გოგოებს

რა ემართებათ? რას ემართები „მუცლის

და ძვლების ფარულ ცხოვრებად“? ვიყავი ოთახში, რომელშიც

მრავალჯერ ვყოფილვარ, რომელიც სავსეა

მანქანებით რომლებიც არ მუშაობენ—ამ დროს კაცი

აყვირდა, რომელიც მანამდე

ფარდის უკან იმალებოდა, ფარდა

გადაიწია და იქ იყო წყლით ნახევარზე ნაკლებად

სავსე აბაზანა, წყალი სავსე მარწყვით—მსურდა, ან მქონდა

საჭიროება, აქ ბოლო სიტყვა მეთქვა დროზე, მაგრამ

საყვარლები არ დამიშვებენ ამიტომ მომიწევს

სხვაგან მოვიხმო, ეს უძრავი

ცეკვა, და ბალახის ჭიშკარიც

აგრეთვე

იქცევა

თოჯინების სახლად . . . ვფიქრობ მას ბაშოს

კითხვა უყვარდა სანამ მე გემოს ვუსინჯავდი

ჩემს პირს მის ყურში

 

*

მერე სხივი სოლარული ანუსით შემოდის ყოველთვის—რამდენიც მთელი

ამდღეების მანძილზე სინათლემ

ოთახში იდინა, იდინა  (სინათლე ხანდახან

დროის მგონია უკანა მხარე, ის

უხილავის—თავად

ხილვის ზედაპირი და ვიწექი

ამ დღის ბნელში ღამით და ყოველდღე, მთელი

ღამე ვუსმენდი თქვენი ხორცის მექანიკის

ჭრაჭუნს, პატარა სიცოცხლეებო

 

(სადაც შენ ნახე

სასაფლაო ჩვილების და არშობილების

 

. . . შემოდგომა, მაშ, ჩვენი დროა, როცა

ფოთოლი ჩამოვარდნას ელტვის . . .

 

ორი ქვიშა—მათ

ფერებს ვერ იტყვი—თანაბრად იღვრება

წყვილ დათხრილ ფოსოში, როგორ

წვიმს ახლა შენში, ნა-

წამები, წამები

რომლებსაც აქამდე მხოლოდ

შენ წვიმდი, გარე-

მოგერღვა, ამიტომ ახლა ყველაფერს მხოლოდ

შენში აბრუნებ და

სხვა ძვრა აღარ გაქვს, ვეღარსად

წახვალ ამაღამ სადაც

მაჯისცემის მოსმენა იგივეა

რაც ჭრილობების თვლა   ღამე

რომელიც დაჭრილი მხეცია   სისხლს

ტოვებს თოვლში (ან რაფერია

თოვლი ღამით—ესაა საკითხი—ჩემივე სხეულს

ვუუცხოვდები, ჩემივე სხეული

ქარია მღვიმის / ახლა როცა

მტკივა ნუ გეყვარები მეტად

ვიდრე ოდესმე

 

 

[მე ვიგლოვებდი ფაქტს, რომ კლასელი

რომელიც მომიყვა სამიოდე წლის ასაკში

როგორ მოჯვა აბაზანაში სანამ დედა

რომელიც აბანავებდა

გასული იყო, და როცა დაბრუნდა დახვდა

შვილი, შიშველი ბავშვი წყალში

რომელიც კოშკს ძერწავდა თავისი მძღნერით—ბავშვი

ქვიშაში ზღვისპირას; ვიგ-

ლოვებდი ფაქტს, რომ ბავშვი რომელმაც საკუთარი მძღნერისგან

თავისი სულ პირველი წარმოსახვითი

კონსტრუქცია ააგო—პოეტი არ გახდა—ექსტატური

ნორჩი დედა შვილს მიეჭრება, ტანზე და სახეზე უსვამს

მძღნერს და თვითონაც ისვამს თავის შვილის მძღნერს, რა

რიტუალია რა არქაული, კოსმიური

პაემანი!   მღვიმეში არიან, მატკა იოანა და მისი უდავოდ

უმანკოდ ჩასახებული ვაჟი მძღნერს იზელენ ყველგან, ტანსახეს

იღებავენ მისით რადგან შვილის მძღნერი

ოქროა, ოქრი, მანგანუმი—ინიციაცია

იშვა საყვარლად, დედა საყვარლად შვილის გავლით

—ანალურად

 

*

და ასე ვდიოდი შენი ერთიდან

მეორე სახლში, ყველა

ამ მოსარკულ დილას, როგორ ვნატრობდი

მყოლოდა შენი რომელიმე თანამყოფობა მთელი ცხოვრება, ან

მთელი წამით, მაგრამ ნიშნებისა

შენს სხეულზე რომ მეკითხებოდნენ

არა ვიცოდი არ ვიცოდი რა

მათთვის მეკითხა ყური

მათთვის როგორ დამეგდო მხოლოდ ვკრეფდი

ისე სავსე იყავი თაფლით, ნაყოფით და ეს

არკმაროდა ეს არ იყო

სადაც შემერწყმებოდი     ალბათ ერთხელ

წიაღის სიღრმეში           ერთხელ რაღაც

უგულებელვყავი და დამრჩი

მერე მარად სიშორედ მარადზრდად

ნისლად შენივე ტბების

მინდვრებზე შენი თანა

მყოფობის ფერდებზე ვცდილობ ამ სართულზე მაღლა არ ვიყო რომ

თუ ოდესმე დაბრუნდი

შეძლო მიპოვო ან ჩამიარო

შენი მხნე მარჯვენა

ყბით ფოთლებით და სუნით რომელიც      და-

გაქვს (შემდეგ სადგურზე ვიყიდი წიგნებს და სიტყვებს

შენთვის და გაგატან რამეს რაც

არსად მიდის გამთენიის ამ მანქანებს (წვიმაში

ჩემი ძილიდან რომ გამოდიან, გაგატანდი

ჩემგან შენს ნაწერ სახეს

 

ჩრჩილად მოვლენილი სიზმრის მნახველო, წადი

აქედან, ყველა ანაჰმა უკვე

მოგვიცვალა, როგორც

 

კანი, ანგელოზების გამო და ეს

ყინელი გული, განსაწმენდელი

ყველა ამ ძვირფასი ლანდის უმყოფობის

 

ანემონია, ფრინტად-

მყოფობა დაგლეჯილი ადონისის

 

მაშ აპატიე, ორფეოსმა თუ მოიხედა, თვალის კუთხე მოჰკრა

რაღაცას რამაც აღუგზნო მეხსიერება, აპატიე მას

ამ სუსტ კაცს რომელსაც გადამოწმება მოუნდა—მეტად ის

 

ჯოჯოხეთის გზას ვერ გაივლის, უნდოდა

ამის დამახსოვრება, შენი: მეტად ვეღარ ნახავს

 

შენ, ევრიდიკე, ამ შავ წყლებს

სად ეზიდები

 

ან რას რწყავ მათით

 

რაღაც ღამდება, და თუმცა

მისი ნაწილი განაგრძნობს

გრძნობას მე ვიწყებ დავიწყებას

ვის ვეხებოდი

ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ირაკლი ყოლბაია

[მცდელობა, პასუხი გაეცეს თეონა კომახიძის მიერ ამ ლექსთან დაკავშირებულ რამდენიმე კითხვას]

პირველ რიგში ის უნდა აღვნიშნო, რომ ეს ლექსი ქმნადობის პროცესში მყოფი პოემის, „ფურაჟის” მეათე ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მკითხველი, წინა ცხრა ნაწილის ცოდნის შემთხვევაში, ალბათ, უკეთ გაიგებდა ზოგიერთ მოტივს, მნიშვნელობასა და ქსოვილს, რომლებიც, ვშიშობ, ცალკე აღებულ ლექსში უფრო ბუნდოვანი დაურჩება; რამდენადაც თავად პოემის მცდელობაა, იყოს „ქაოსმოსი” – ანუ პირველი ნაწილის („ცდომილი ალი”) სრულიად ინიციაციური სიზმრიდან მოყოლებული, შრეებად და მწკრივებად მოიკრიბოს ყოველი მომდევნო შემხვედრი არაცნობიერი კომპლექსი და ის არარსებულ მთელთან მიმართებაში განაწესრიგოს (სიტყვა, რომელსაც მე, აქ, ვიხმარდი, უადგილო „მოწესრიგების” ნაცვლად – განწესრიგება რიტუალურია, და, მოწესრიგებისგან განსხვავებით, ღია). მთელი არარსებულია, რამდენადაც სხეული ღიაა – სად მთავრდება ლაბირინთი?

ორი სიტყვა სათაურზე: (ქარვა და სპანკი) რემბოს „გამონათებანიდანაა“ აღებული – რამდენადაც ჩემი ეს ლექსი, ნაწილობრივ, რხევაში მოსვლაა მის ლექსთან, „მიძღვნა“. „საყვარლების არკანა“, ცხადია, ტაროს VI მაღალი არკანაა. ოკულტური წაკითხვის თანახმად, აქ მგრძნობელობითი და სულით-გონითი პრინციპი უნდა გაერთიანდეს (მაგრამ მსგავსი წაკითხვა მაგონებს ქალაქისა და მდინარის მოტივს, რომელსაც ბოლოში მოვიყვან და იქვე გაგანდობ, რას ვფიქრობ მასზე) – და გასათვალისწინებელია, როგორ ირეკლავს საყვარლების უკან მდგარი ანგელოზი ეშმაკს XV არკანიდან – ხოლო, ჩემს შემთხვევაში, ფურაჟის მანძილზე დაგროვილი თემები განწესრიგდეს ინტიმურ, ეროტიკულ, სენტიმენტალურ პლანში.

 

ჩემი პირველადი მიზანი ის იყო, რომ მეთქვა „ბოლო სიტყვა სიყვარულზე“ ან ტრფობის სულზე (Spirit of Romance), რაც დაუძლეველი ამოცანაა ნებისმიერისთვის, ვინც ვენერას ნიშნის ქვეშ დაიბადა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ შეუძლებელი უნდა გამხდარიყო ფურაჟში მანამდე ემანირებული ნებისმიერი „მხილველი ქალის“ მოხმობა – ანნა ლივია, პისტის სოფია, ამრიტა (რომლებიც სულიერი თუ პოეტური თანამგზავრები, წინამძღოლები თუ მოკავშირეები არიან ფურაჟის სხვადასხვა ნაწილებში, და ალბათ ყველაფერშიც, რასაც ვწერ, ან ვშვები) – და ქალი უნდა გამხდარიყო უბრალოდ-ქალი (რაც, იქნებ, უმაღლესი ადგილია, რაც კი პოეტს შეუძლია, მეორე ადამიანს მიუჩინოს ლექსში). ვფიქრობ, ამ შეუძლებლობამ გახადა შესაძლებელი, ლექსის დასკვნაში მოსულიყო ევრიდიკე, რომელიც ემანაციაა მთელი იმ ტვირთის, რომელიც მთლიან ლექსს აწევს.

 

ის, რომ, ამდენად, მთელი ლექსი ერთგვარი კოლაჟია იმ განცდების, გამოცდილებების, მოგონებების და ფანტაზიების, რომლებიც დასახული თემის მაგნეტიზმმა შემოიკრიბა ლექსის გულის გარშემო, ჩემთვის შეუძლებელს ხდის სხვადასხვა შრეების გამოცალკევებას და მათ „განმარტებას“; რაც შეეხება სიმბოლიკას, რომელზეც მკითხე, ვერაფერს ვიტყვი. ჩემთვის არც სიმბოლიზმი, არც არქეტიპები პოეზიასთან არანაირ კავშირში არაა (არტო: „მდედრთა გაქვავებულ სასქესო ორგანოთა ექსტრა-ჰუმანური პირველწყარო“ – ვფიქრობ, ფურაჟის დედააზრი სწორედ ისაა, რომ არა არქეტიპი იქმნება არსებულიდან, არამედ არსებული შეიქმნა გარე-ადამიანური პირველწყაროდან, ამდენად მაგია პირვანდელია, არა რეაქცია, არამედ ნაწილობრივ დასაბამი, ნაწილობრივ ავტონომია). ხოლო იმის კითხვა, თუ რა მნიშვნელობას დებს ავტორი ცალკეული სურათ-ხატის თუ ტროპის უკან იმის გამოა არაქმედითი, რომ პოეზია ჭეშმარიტად წინასწარმეტყველური სიტყვაა, ანუ თავად პოეზია, რომელსაც ვწერ, არის ჩემი ბედის წინასწარმეტყველება და ხშირად თვეების, წლების შემდეგ ხდება გასაგები, რას გულისხმობდა ლექსი; არის სხვა მნიშვნელობებიც, რომლებსაც მხოლოდ სხვა მიხვდება, მე კი ვერასდროს. იდეალურ შემთხვევაში, მან უნდა ამიხსნას, რას ვერ მივხვდი ჩემსავე ნაწერში. მხოლოდ ნდობას, კიტსის „ნეგატიურ უნარიანობას“ (კიტსი: „როდესაც კაცს ძალუძს, იყოს გაურკვევლობებში, მისტერიებში, ეჭვებში, ისე რომ ოდნავაც არ ეცადოს, ფაქტსა და საზრისს ჩაებღაუჭოს“) შეუძლია ამ წინასწარმეტყველური ფუნქციის ამოქმედება – ნდობას, რომელიც შემზარავია.

 

მაგრამ შემიძლია ვთქვა (რასაც ისედაც მიხვდება ფურაჟის ნებისმიერი მკითხველი), რომ სტრუქტურულად პოემა ორ საგანს ესესხება: ლაბირინთს და სარკეს; და ამ ნაწილში ლაბირინთის (და სარკის – ან სულაც სარკისგან ქმნილი ლაბირინთის) დატვირთვას საყვარლის რაობა და მისი სხეული იძენს. ეს ლექსი, ჩემთვის, საყვარლის სხეულში ყოფნის განწესრიგებაა, რაც გარდაუვალს ხდის მასში „ქვედა ტანის“ ინტენსიურ დასწრებას.

 

ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს არა მხოლოდ ის, რომ – რამდენადაც სიზმარი ჩემთვის არა მხოლოდ ფურაჟის, არამედ მთლიანად პოეზიის არსია – ამ შრეებში გადაწნულია რამდენიმე ნამდვილად ნანახი სიზმარიც (და, ამდენად, მოფანტულია ლექსის ველზე ნაგლეჯები სიზმრის ბუნდოვნად დამახსოვრებული დიალოგებიდან); არამედ ისიც, რომ ამას რატომღაც ერთვის რამდენიმე ფილმი, ფესვგადგმული ჩემ მიერ მათი ნახვის (ან ჩემ მიერ მათი სიზმრად ხელახლა ნახვის) გამოცდილებაში – რატომ ვხედავ სიზმრებს ფილმებში და ფილმებს სიზმრებში, ან რა არსობრივი კავშირია სიზმრებს, ფილმებს და საყვარლებს შორის, ჩემთვის გამაოგნებელი საკითხია, რომელსაც აქ არ გავყვები.

 

მკითხე ციტატებზე და ვფიქრობ, არ ღირს განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ციტატაზე პაუნდის „პიზური კანტოებიდან“, რომლიც მავანმა, შეიძლება, იცნოს, მაგრამ მისი გაშლა აქ იმაზე მეტს არ მოგვცემდა, ვიდრე რისი თქმაც უკვე ვცადე; ასევე ციტატა პოლ ბლექბერნის ლექსიდან „ჭასთან“ („რა უნდა ამ ხალხს? რას მივცემ?“) – აქ მხოლოდ ის შეიძლება, ითქვას, რომ ბლექბერნი, თავისი ცხოვრებით, პოეზიით და ტრუბადურების გამაოგნებელი თარგმანებით, ჩემთვის სწორედ იმ ტრფობის სულის განსხეულებაა, რომელსაც მესამე აბზაცში ვახსენებ (და ეს, თავისთავად, ცხადია, ციტატაა პაუნდიდან);

 

ციტატა უილიამსის „პატერსონიდან“ (so pure in a sinful world) ამ ლექსს აკავშირებს ფურაჟის მესამე ნაწილთან („სიღრმის მფარველი“) რომელიც, ჩემთვის, მთლიანი პოემის ბირთვია. თუკი მაშინ უკვე შემოვიტანე ანტი-ფსიქოანალიტიკური და ანტი-არქეტიპული მოტივი (კონკრეტულად იუნგის წინააღმდეგ), იმაზე ხაზგასმით, რომ არაფერია იუნგთან ისეთი, რაც ისედაც არაა პოეზიაში (სინქრონულობა ჯოისის „აღმოჩენაა“) – უბრალოდ პოეზია, საბედნიეროდ, არც ანალიტიკურია, არც რედუქციული, არც სამკურნალო; აქ ვიხსენებ ფორმულას, რომელიც უილიამსმა ჯოისის „ფინეგანის აღაპიდან“ აიღო: ქალაქი როგორ კაცი და ქალი როგორც მდინარე – რაც სისულელეა, მაგრამ მეტად მრავალფეროვანი, ვიდრე იუნგთან, სადაც, სასწაულებრივ, ყველაფერი დედაა.

 

კიდევ არის დამახინჯებული ციტატა ბაშოს ჰაიკუდან, რაღაც ბალახის ჭიშკარსა და თოჯინების სახლზე. . .

 

განსაკუთრებით კი ერთი მინდოდა გამომეყო, და ესაა ფრაზა, „პირდაო“ რომელიც პაულ ცელანიდანაა ნათარგმნი: Schwestermund მის ლექსში ICH BIN ALLEIN. ამ ლექსის წაკითხვისას ჩემს აღქმას ცეცხლი წაუკიდა ამ აზრმა: და, რომელიც პირითაა დაკავშირებული (ის, რომელიც პირით გედება?) – მრავალგვარი დები, და ერთი, არსობრივი მნიშვნელობის და, ჩემი ლექსების მუდმივი თემაა, მაგრამ პირდა მგონია ერთგვარი უზენაესი თანამგზავრი პოეტურ ცნობიერებაში, ქალი პოეტი, რომელთანაც მეტყველებითი ხიდი გაქვს (აქვე აღინიშნოს, მაშინ, რომ ევრიდიკესთან დაკავშირებული პასაჟი ალბათ არ შეიქმნებოდა ჰ.დ.-ს ლექსთან ჭიდაობის და ურთიერთობის გარეშე, თითქოს ვთვლიდი, რომ ის პასუხს ელოდა ჩემგან).

 

ფურაჟი, თავისი სავარაუდო თორმეტი ნაწილით, მაგიურ/გემატრიულ კავშირშია წელიწადთან, რის გამოც წლევანდელი წელიც სარკულ ხუმრობად შემოდის ამ ლექსში: „რა ეროსს გახილვებს სარკეში ჩახედებული ეს წელიწადი“ – ეს წელიწადი იმიტომ გახილვებს ეროსს სარკეში, რომ eros სარკისებურად დანახულ 2019-ს ჰგავს.

 

თუ თვალს გაადევნებ, როგორ ურთიერთქმედებს ყველა ეს შრე და ქსოვილი, შეიძლება ითქვას, რომ, მარტივად, ლექსი ცდილობს სხეული ენად აქციოს, მაგრამ ენა არა-ფიგურატიული და აბსტრაქტულია, ამდენად, უარჰყოფს სხეულს, ამიტომ ლექსი მეტაფორას ეძებს, მაგრამ მეტაფორა აღარაა სხეული, რომელსაც ეხებოდი, არამედ ანაცვლებს მას, ამიტომ ლექსი კიდევ ილტვის, გასცილდეს მეტაფორას და პატაფორად იქცეს. შეიძლება, ამის შემდეგ, იმის დავიწყება, ვის ეხებოდი?

Widget is loading comments...
160