ინტერვიუ

ინტერვიუ ბექა ჩანტლაძესთან

ესაუბრა თეონა კომახიძე

თეო: ბექა, როგორ ხარ? შენც იგივე კითხვას დაგისვამ რაც პირველად ირაკლი ყოლბაიას ვკითხე. შენი აზრით შესაძლებელია თუ არა რომ რომ ლექსს ქონდეს გონება, როგორია მოაზროვნე ლექსი და ვინ წერს დღეს მოაზროვნე ლექსებს.

ბექა: ვფიქრობ ლექსს შეიძლება ჰქონდეს გონება. შევცდები ავხსნა რატომ ვფიქრობ ასე. მქონია შემთხვევა როდესაც მკითხველმა მითხრა რომ ზუსტად ვიგრძენი მისი ემოცია და სულიერი მდგომარეობა,მისი დაღლა რუტინული ყოველდღიურიბსგან და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ რომ ლექსს აქვს გონება რადგან მე შეიძლება ვერ ვიგრძნო ან არ ვიცოდე თუ რა მდგომარეობა აქვს ადამიანს მაგრამ ვფიქრობ ლექსი ასე ვთქვათ “ხვდება” ამას და სწორედ ამიტომ აქვს ზოგიერთს გამორჩეულად საყვარელი ტექსტი. ვფიქრობ კარლო კაჭარავა მოაზროვნე ლექსებს წერდა. დღესაც არიან ისეთ პოეტები რომლებიც მოაზროვნე ლექსებს წერენ. ზოგადად არ მიყვარს გამორჩევა მაგრამ რადგან კითხვა ასეთია, ვიტყოდი რომ დიტო ხუფენია და თორნიკე სიბაშვილი მოაზროვნე ტექსტებს წერენ,პირადად ჩემი აზრით. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს რომ მე ვისაც ვკითხულობ მათ ტექსტებს გონი არ აქვთ,თუმცა ამ ორი ადამიანის ტექსტებში მე უფრო ღრმა გონს ვხედავ.

თეო:  მადლობა. მომწონს შენი პოეზია მისი მხატვრულ-გამომსახველობითი სახეებით. ისინი, როგორც ფერლინგეტი იტყოდა „ცეცხლს უნთებენ სიცოცხლის წარღვნამდელ საწვავს“, მათში მაოცებენ პარადიგმები და რეალობის მძაფრი აღქმა.. ხანდახან ისინი გინსბერგის ენერგიულ პოემებსაც კი მაგონებენ. მითხარი, რა შთაგაგონებს? უმეტესად დღის რომელ მონაკვეთში წერ?

ბექა: მადლობა ჩემი ტექსტების ასეთი შეფასებისთვის. კონკრეტული შთაგონების წყარო არ მაქვს. შთამაგონებს როგორც ადამიანური ემოციები ისე ობობა აბაზანაში. მიყვარს საკუთარ ტექსტებზე მუშაობა თუმცა არც დამოკიდებული ვარ მათზე. ვერ ვიტყოდი რომ ის ვარ რასაც ვწერ და როგორც. ჩემი ტექსტები ძირითადად ყოველდღიურობიდან გამომდინარე იწერება და არა იქედან თუ რამდენი რამ მინახავს ცხოვრებაში. როგორც ვთქვი კონკრეტული შთაგონების წყარო არ მაქვს თუმცა თბილისში გადმოსვლის შემდეგ უფრო აქტიურად ვწერ ვიდრე იქ ვწერდი სადაც დავიბადე და გავიზარდე. ეს ალბათ იმიტომ რომ თბილისი ჩემთვის მზის და ვარდების მხარე არაა და არც არასდროს ყოფილა. ამიტომ გარემოს დიდი წვლილი აქვს ჩემი ტექსტების დახვეწაში. რაც შეეხება იმას თუ დღის რომელ მონაკვეთში ვწერ. ძირითადად შუა ღამით ვწერ ხოლმე. ღამის 2-3 საათი არის იდეალური დრო რადგან ამ დროს ინდუსტრიული ხმაური წყდება და შეიძლება მხოლოდ ბოინგის გადაფრენის ხმა გაიგონო. სხვა შემთხვევაში მარტო შენ და სამყარო რჩებით რომელიც დღის სხვა მონაკვეთისგან განსხვავებით,ამ დროს იძულებულია მოგისმინოს. მეც სწორედ ამიტომ მიყვარს ეს დრო.

თეო: ერთ-ერთ ლექსში არაპოპოპულარული პოეტის ბედზე საუბრობ. მიგაჩნია რომ კარგი პოეზია პოპულარობით განისაზღვრება? ზოგადად, თუ აგვიხსნიდი, რა სახის პოეზიაა დღეს პოპულარული.

ბექა: “არაპოპულარული პოეტი” ის ლექსია სადაც მე ვამბობ იმას რომ არ მომწონს როდესაც პოეტს ჭორიკანა, ყვითელ შოუებში ვხედავ,რომლებიც სამწუხაროდ ბევრი გვაქვს ქართულ ტელესივრცეში. ვფიქრობ პოეზია შორს უნდა იდგეს კომერციისგან და შოუსგან ხომ საერთოდ. არ მგონია რომ კარგი პოეზია პოპულარობით დეფინირდება, მაგრამ არც იმით რომ რეიტინგულ ყვითელ შოუში გამოხვიდე რომლებსაც ძირითადად დიასახლისები უყურებენ მოცლილობის დროს და არც იმით რომ დაყენებული ხმით,ხელების ქნევით და ყალბი ემოციით წაიკითხო ლექსი. კარგი პოეზია დეფინირდება ტექსტზე მუშაობით და იმით თუ რამდენად ნამდვილია ის. უნდა გაშიშვლდე ტექსტებში თუმცა ამასთან მისტიკაც უნდა შეინარჩუნო. როცა ამ ორ რამეს შორის ბალანსს იპოვი, ვფიქრობ ეს არის კარგი პოეზია. რაც შეეხება იმას თუ როგორი პოეზიაა პოპულარული, მგონია რომ ვერლიბრის ეპოქაა დღეს და ამ სტილს დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ.

თეო: შენს თავზე მოგვიყევი რამე.

ბექა: ჩემს თავზე მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს. მჯერა რომ ყველა სიზმრის ნახვას ვასწრებთ. სულ ეს არის.

თეო: შენი ფავორიტი პოეტი ვინ არის დღეს? ვინ არის ის, ვინც ყოველდღიურად შეგიძლია გადაიკითხო?

ბექა:სიმართლე გითხრა დღეს უკვე ისეა რომ ფავორიტი პოეტი არ მყავს. ძალიან ბევრს ვკითხულობ თუმცა რადგან ერთი ადამიანი უნდა დავასახელო, ვიტყოდი რომ თორნიკე სიბაშვილის შემოქმედება ყოველთვის შემიძლია გადავიკითხო.

თეო: როდის გგეგმავ წიგნის გამოშვებას?

ბექა: წიგნის გამოშვებას ჯერ არ ვჩქარობ. მინდა კიდევ უფრო დავიხვეწო და ამასთან ინგლისურ ენაზე ვწერო ლექსები რისთვისაც ბუნებრივია ეს ენა კარგად უნდა შევისწავლო. აი მერე აუცილებლად ვიფიქრებ წიგნზე.

თეო: მადლობა ინტერვიუსთვის

ბექა: მადლობა საინტერესო კითხვებისთვის და წარმატებებს გისურვებ

Widget is loading comments...
მოგვძებნე ფეისბუკზე
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
92