ისინი ჰგვანან სცენის აბსურდულად თაყვანისმცემლებს 

 

ისინი ჰგვანან სცენის აბსურდულად თაყვანისმცემლებს,
რომლებიც მოულოდნელად მსახიობთა საპირფარეშოებში შეჭრილნი,
აქედან ეცნობიან სცენის კუმირთა ცხოვრებას.
აქ აგებენ ისინი გარემოსთან ურთიერთობის
თავიანთ გეომეტრიულ უხილავ სქემებს.
ცინიზმი მათ ხელებში უამრავ პატარა ჩაქუჩებადაა
დანაწევრებული.
ზოგჯერ ისმის ხმა, მათ მოსვლამდე არსებული,
მხოლოდ მათთვის დაკარგული ცხოვრებიდან.
აბსურდია გაზაფხულის ეს დილა, თუკი გნომის
ქალიშვილზე არ ფიქრობ.
უხილავია სინათლის მასონთა სიცილი.
სადღაც ისევ თამაშობენ ბეისბოლს.
უსმინეთ უნგრელ დოქტორს. ამერიკული ფეხბურთი.
სირბილი სანაპიროზე.
ოცნება ტიტანიკში მცხოვრებ ამფიბია სულებზე.
საქსაფონი.
მაკარონის ქარხანა კვამლით ემშვიდობება ვარსკვლავებს.
რა ვაკეთო?
ახალი ცვლის მოსვლამდე, ერთი საათით ადრე,
ღამით ცივ ქალაქში, სადაც აბსურდული მოგზაური
ჩემსავით დამალულ გამჭვირვალე კედლებს მიღმა
ოცნებობს ძილზე,
რომლის შემდეგ ღირს გამოღვიძება.
1991 წ.

 

 

***

არარესტავრირებადი ღამე
ისინი არ არიან: არც მუშები, არც ჯუჯები, არც “მოსსადის” ხალხი,
არც ლოთები, არც ოლიმპიელები, არც ცენზორები, არც ოპერატორები,
არც ბროკერები, არც ტაქსისტები.
მერე რა.
მერე რა რომ ხოცავენ.
მერე რა რომ ერთმანეთს უღიმიან.
მერე რა რომ უკრავენ.
მერე რა რომ თამაშობენ.
მერე რა რომ ათვალიერებენ.
მერე რა რომ ჭამენ.
მერე რა რომ იღვიძებენ.
არარესტავრირებად ღამეთა მიღმა.
ვარდისფერი ფაიფურის გემით დახატული ღრუბლების ფონზე.
დეკადენტი პოეტები თხზავენ მანერულ გარდაცვალებებს
ამ მოვლენებზე ბევრად უფრო ადრე.
იქ, სადაც ერთმანეთს ხვდებიან და შორდებიან: ბროკერები, ტაქსისტები და მოჩვენებები.
რადგან არავის არ უნდა მუქი იისფერი მაიმუნები, რომლებსაც ძინავთ.
არავის არ უნდა თქვენი საინფორმაციო პროგრამა.
არავის არ უნდა თქვენი კომენტარი, თქვენი ზრუნვა,
თქვენი დაინტერესება.
თქვენი ხმა.
რადგან:
ეს ასოციალურია და ამორალური.
ეს აბსურდულია და საეჭვო.
ეს დამთრგუნველია და უნიჭო.
ეს გაუმართლებელია, ეს უშნოა, ეს მარტივია.
შენ
დაგესიზმრა ყველა ის გაზეთი, რომელიც ოდესმე წაგიკითხავს.
შენ
დაგესიზმრა ყველა შენი საუზმე.
კარლო კაჭარავა
1992 წ.

 

რა ვთქვი ოთახიდან გასვლისას

მე მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა,
რომ ეს უდაბნო, რომელზეც ვოცნებობ, ჩემივე დახატულია
და მე აქ ვცხოვრობ.
ასეთი ღარიბია ჩემი ოცნება
და ეს სიღარიბეც ასეთი ვერშესაძლებელი.
მე ვებრძოდი მარტოობას მხდალი ოცნებით,
ის კი არ ცნობდა, არც ამ გარიგებას,
და საცხოვრებელი, რომლის სუნიც მიყვარდა,
დაიკეტა ჩემთვის,
ისევე როგორც მაღაზია,
რომელშიც ვიმედოვნებდი პურის ყიდვას,
ყველაფრის მიღმა მე ვხედავ ჩემს კიდევ უფრო დაბრებულ თავს,
რაღაც ხნის შემდეგ.
როცა ხმობისას თქვენსკენ მოვბრუნდები,
სარკმელთან მდგარნო.

ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეების მიღმა

 

ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეების მიღმა

ჩვენ ვეცემით, მივფრინავთ თუ ვიმართებით:

ავტობუსში, ტრამვაიში, სიზმარში მანქანის გასაჩერებლად აქნეული ხელით.

მე თავიდან მიკვირს ყველაფერი, რასაც უბრალოს ვეძახით.

ძილი, სარკმელში ყურება, პურის ღეჭვა, გასაღებების დაკარგვა.

ჩვენი მეტყველების ხანგრძლივი, უსასრულო წიგნი ყდაგაცვეთილი.

ჩვენი ღარიბული, ან ზოგჯერ უკეთესი სამოსით, ღალატით,

როგორც ცხოვრების წესით, ერთმანეთის სიბრალულით,

სიცივეში ჩაის სმით. საცხოვრებლებში დაფანტულნი ვკითხულობთ

და ერთმანეთს ვუამბობთ წაკითხულს.

სხვა ქალაქებიდან ჩვენსკენ მომავალთ ვატანთ მოკითხვას,

უკეთეს სურვილებს, ან ვიღაცას ვწირავთ, თითქოს უბოროტო შურისძიებით.

1989 წელი

წითელ თმებში

მე დავიღალე. შენი წითელი თმები ეხება ჩემს შავ პალტოს.

მე დავიღალე.

მე შემიძლია სარკე მწვანე საღებავით მოვთხვარო ან დაგიცადო ხიდის იქეთა მხარეს

ძველი წიგნი მოფრინავს და კეფაში მხვდება, როცა მოაჯირს ვებღაუჭები

და მდინარე ჩემს ქვემოთ ქვაფენილია თითქოს – ავზნიანი სიკვდილის საწოლი;

ავადმყოფები ბაძავენ ანგელოზებს და სადღაც სარკმლისაკენ იშვერენ ხელებს

ნამდვილი ანგელოზები კი მათ ამ სარკმლიდან უთვალთვალებენ

ხელებში ნავთის ლამპებით.

ჩიტები კვდებიან ცის ფსკერზე. მე დავიღალე. შენ თოჯინას ჰგავხარ.

მე სარკეს ხელუხლებლად ვტოვებ – ის მაინც გვატყუებს –

შენ მასში არ ჰგავხარ ცხენს და ყვავილს, თმა წითელი გაქვს.

დირიჟაბლები, ჩიტები და დირიჟაბლები ღამის ლამპიონთა ზევით:

ჩვენი საწოლები ვერცხლისფრად ელავს

შენს შიშველ მუცელს, მკერდს და ფეხებს რომელიღაც ოთახში სძინავს.

დირიჟაბლები ჩიტები და დირიჟაბლები ღამის ლამპიონთა ზევით;

რატომ იცხოვრა ? რისთვის დაბერდა ? და საიდან დაგვემშვიდობა ?

ის ბებერ ძაღლს ჰგავს, საფლავის ჯვართან ჩაძინებულს,

როგორც მე, შენს მკერდზე, წითელ თმებში თავჩარგულს.
1985

სიყვარული
ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული.
იმდენად ამაღელვებელი, რომ შეუძლებლია კარგად დამთავრებულიყო;

ქალმა მას დაურეკა, რომელიღაც საბჭოთა ქალაქის ფოსტიდან,
მძიმე, შავი ტელეფონით.
ეს იყო ზამთარში და სარკმელებს მიღმა თოვდა.
მისი ხმის გაგონებაზე კაცმა წერა შეწყვიტა
და სიგარეტს მოუკიდა,
თუმცა ამის კეთებისას
ყურმილი კინაღამ ხელიდან გაუვარდა.
ისინი ლაპარაკობდნენ იმდენად გულწრფელად,
რომ თითქოს ერიდებოდნენ ერთმანეთს.
ისინი ლაპარაკობდნენ მოსალოდნელ შეხვედრაზე,
მაგრამ არ უწყოდნენ,
რომ თვითმფრინავი, რომლის ფრენაც თოვლის გამო გადაიდო
ვერასოდეს აიღებდა გეზს სხვა ათასწლეულებისაკენ-
უფრო წინ – წარსულში, თუ უკან- მომავლისაკენ.
ისინი ვეღარასოდეს ნახავენ ერთმანეთს
და თოვლიც ასე ვეღარასდროს იქნება მხოლოდ თოვლი.
1994 წ.

***

მთელი ვაგონი დატვირთულია ეროტიკით…

ვოლგისპირელი ქალის მკერდი ახალი რეალიზმის ობიექტია

სიზმარში ნანახი ელ გრეკოს რეპროდუქცია _

მის საწოლში ფანჯარა ღიაა, მე ვტირი კარებთან.

მე მწუხვარ, რადმენად ხანგრძლივია ამგვარი ყოფა?

ჯერ ჩემი თავის გარდა არავინ დამრჩა, მერე ისიც დავკარგე.

მწამს?

ალბათ, კი, მაგრამ ისიც მწამს, რომ ის აქ არ არის,

მე მივეჩვიე უღმერთოდ ცხოვრებას?

ისე მძაგს ყველაფერი სუბიექტური, იქნებ იმიტომაც

რომ ამგვარი ჭეშმარიტად არ გამაჩნია.
კარლო კაჭარავა

1987 წ.

მხატვარი

კარლო კაჭარავა

ნახე მხატვრის პერსონალური გალერეა:

    256