პროზა

მიხაილ ედიშერაშვილი

 

                  ნირვანა

თქვენა და, იცით, მე ვინ ვარ?! არა, იცით?! მე ვარ ტყვია! დიახაც! პლუმბუმი! Plumbum! ამიტომაც ჩემი ატომური ნომერია 82, ფარდობითი ატომური მასა კი – 207,2. აბა, რა! აბა, რას ელოდით სხვას?! იგრიალე, ძმაო! არა, განა მართლა ტყვია ვარ… ეს რა არასეროზულობაა ჩემი მხრიდან! მაპატიეთ ამ ერთხელაც… ტყვია რანაირად ვიქნები? მეტალი რანაირად უნდა ვიყო? რანაირად, როცა არამეტალი ვარ! აბა, რა! თან განა ვიღაცა უბრალო არამეტალი, – ფტორი ვარ! ყველაზე ელექტროუარყოფითი ელემენტი ვარ! ანუ, მოკლედ რომ ვთქვა, გიჟი ვარ ნაღდი! მაგრამ ახლა ეპიდემიაა, მართლა, და ბავშვები წითელაზე აცერით. ამას ჩემი ყველაზე ელექტროუარყოფითი გულით გირჩევთ – მეც უნდა ავიცრა პარასკევს. რაღაც პერიოდი ვეღარ დავლევ, ეს ფაქტი კი, გულწრფელად ვამბობ, ცოტა მაშინებს. მაგრამ, მერე რა! არის რაღაცნაირი რაღაცები ბუნებაში, რასაც ვერ იმასიზამ. ანუ, არაფერი! რას მეკიდებით სიტყვებზე?! რა ტყვია, რის ფტორი, აბა?! კაცი ვარ კაცური. ცოტა დამიცურდა ბოლო პერიოდში, მაგრამ გამოვასწორებ – სამეცნიერო პრაქტიკაში არსებობს მოგონებები, როცა კაცმა ინტელექტით შიზოფრენია დაამარცხა, ჰოდა მე ვინ ვარ, რომ ასეთი უმნიშვნელო რაღაცა ვერ შევძლო? მითუმეტეს, ჩემი ინტელექტი ცას სწვდება და ხანდახან კისერზე ეთათუნება ხოლმე. ისე, მართლა, ახლა გამახსენდა, ერთხელ ჩემს ინტელექტს ცოტა ზედმეტი მოუვიდა, და ამის გამო ცა მთელი დღე გაბრაზებული იყო; წარმოიდგინეთ, ისე დავისაჯე, რომ მთელი დღე რეპის მეტი არაფერი მომისმენია! რომ ვიკითხე, მე რა შუაში ვარ, როცა ჩემი ინტელექტია-მეთქი დამნაშავე, პასუხი ასეთი იყო, ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები ხართო; მერე რა-მეთქი? ხვიჩაო; ხვიჩა-მეთქი? გოჩაო; ვა, ხვიჩა-მეთქი; გოჩა, გოჩაო; ბოლოს მე და ჩემი ინტელექტი ერთმანეთს ჩავეხუტეთ. დამნაშავე არაა, ცა რომ შეუყვარდა – მეც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში და, სიმართლე ითქვას, ახლაც ვარ. გამოსავალი არ არის. სწვდება რომელია და, ხანდახან სცდება კიდეც ცას ჩემი გონიერება, მაგრამ ცა არ იღებს რატომღაც. აი, ჩემი სიტუაციაც, დაახლოებით, მსგავსია, თუმცა, ახლა რომ ვუფიქრდები, თურმე, არც ისე მსგავსი ყოფილა, მაგრამ ინტელექტს გვერდში რომ დავდგომოდი, მაგიტომაც ვუთხარი, მეც შენს დღეში ვარ-მეთქი. კარგი ბიჭია, მაგრამ ხანდახან ზედმეტები მოსდის, მერე კი თავში უვარდება და, სარკეში რომ იყურება, ამბობს, რა მაგარი ვარო. არა, არ გამოვრიცხავ და, შეიძლება, არის კიდეც მაგარი, თუმცა ეს უკვე პირდაპირ ხიბლშია ჩავარდნილ-გადავარდნილი. აი, ცას იმიტომ ვცემ პატივს, რომ ასწავლის ხოლმე ჭკუას ჩემს ინტელექტს – თავქარიანი ბიჭი დარბის, ყველას უმტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს, უცებ კი ხედავს ცას, და მუხლები ეკვეთება, გუგები უფართოვდება, მოტორიკა ერღვევა, პირი უბლაგვდება, კოეფიციენტი თითქოს ეყინება, და არის ასე მიშტერებული ამ ცას; მგონი, მხოლოდ მის წინ გრძნობს თავს რიგით არსებად, თორემ კაცობრიობაში ბადალი რომ არ ჰყავს, ფაქტია. არა, კეთილი ბიჭია, მაგრამ უფრო კეთილებიც მინახავს. თვითონ ფიქრობს, რომ ყოვეგვარი IQ ტესტი სისულელეა, რადგან ის ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტს სწორი პასუხებიდან ითვლის, არადა აქ საქმე სულ სხვა რაღაცაშია: მოდით, ვთქვათ, რომ შეუცდომელი არავინაა და, ცალსახად, სწორი პასუხები ტესტში – ისევე, როგორც სწორი მოქმედებები ცხოვრებაში – არაფერს ნიშნავს; თუ ინტელექტის ტესტი ზუსტია ან, თუნდაც, მიახლოებითი, მაშინ მისი შემქმნელი გამოდის ყველაზე ინტელექტუალური, არა? მაგრამ არა, არა, რადგანაც ადამიანის – როგორც არაშეუცდომელი არსების – ჭეშმარიტი ინტელექტი გამოიხატება არა ტესტში სწორი პასუხებით, არა რთულ სიტუაციაში მიღებული სწორი გადაწყვეტილებებით, არამედ იმით, რაც არასწორია; თუ ადამიანის ბუნება შეუცდომელი არაა, რატომ ვეძებთ ჩვენ მასში შეუცდომელს? მაშასადამე, ადამიანის ინტელექტი ჭეშმარიტად ვლინდება მის მიერ ჩადენილი შეცდომის რაობით, და ამიტომაც დამარცხებული მეფე იმაზე უფრო ჭკვიანია, ვიდრე – გამარჯვების ხიბლში ჩავარდნილი მონარქი, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა.

ერთხელ ჩემს ინტელექტს მოგონება ამოუტივტივდა ბავშვობიდან, რომელშიაც ბაბუა უკითხავდა ,,ცასწავალას”. აუჰ, რა გაეხარდა! ცას წავალ, ცას წავალო, წარამარა გაიძახოდა მაგის შემდეგ. მე ვუთხარი, ცას არ უნდიხარ, არც მე ვუნდივარ ჩემს სიყვარულს, ჰოდა ახლა ორივენი შინ დავეტიოთ-მეთქი. არაო, გაჯიუტდა, ცას წავალ, ოღონდ ეგ ცა ჩემი სიყვარული ცა არ იქნებაო. აბა, ვინ-მეთქი? ო, ეგ საბოლოო მოსასვენებელიაო. რანაირად-მეთქი? შემომიერთდი, და გაიგებო. არ შემიძლია-მეთქი. რატომო, მკითხა. ავდექი, და შექსპირის სამოცდამეექვსე სონეტის ბოლო ორი ტაეპი წავუკითხე: ,,ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს”. რა მაგარი ნათქვამიაო, გაეხარდა, თუმცა ბოლოს მოიწყინა, სიცარიელეს მიაშტერდა. რა მოხდა-მეთქი, ვკითხე. ალბათ, ცუდი ვარო. რატომ-მეთქი? მე ჩემს სატრფოსაც ობლად დავტოვებდი, ოღონდ ნირვანა მაპოვნინაო. რა-მეთქი? ნირვანაო, გამიმეორა. ე, ნირვანა-მეთქი? კიდევ ერთხელ ჩავეკითხე. დამიდასტურა. გინდა, ჩაგირთო-მეთქი? რა უნდა ჩამირთოო. ნირვანა-მეთქი. ეჰ, კაცოჯან, შენში პაპი რომელიაო. მეთქი, ეს კაცი, და მასზე ვანიშნე. გაეცინა.

აშკარად ჯერ ისევ წინ მივიწევ ინტელექტუალურად. ვითომ, გადაიფიქრა ნირვანა? შეიძლება, სიმღერა მოეწონა. და მოდით, იმ დღეს არ გაუმარჯოს, როცა მე გავჩნდი ამ ქვეყანაზე! დიახ, მე! თქვენა და, იცით, მე ვინ ვარ?! არა, იცით?! მე ვარ ტყვია! დიახაც! პლუმბუმი! Plumbum! ტაში!!!

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
71