Danse Macabre

მე, მაგალითად, საჭმელებიდან ნახევრადფენოვანი ლობიანი, ორმოცდაათ თეთრიანი სუპი და ოც თეთრიანი მარილიანი ჩხირები მიყვარს, სასმელებიდან – ყველაფერი, რაც ოთხი პროცენტიდან იწყება, მაგრამ ხანდახან წყალიც მსიამოვნებს ხოლმე. და, აი, ამიტომაც გადავწყვიტე, დილით სამსახურში ტაქსით წავსულიყავი! მანქანა ჩემს ეზოშივე გავაჩერე, ჩავჯექი ,,ოპელში”, ვუთხარი, აქა და აქ – მისამართი იგულისხმება – მიმიყვანე-მეთქი, და მორჩა. გზაში არაფერი მიკეთებია. რომ მივედით, ათლარიანი გავუწოდე მძღოლს, ის კი შემომიბრუნდა:
– და გყავს, და? – უცნაური კითხვა დამისვა.
– რა?.. – დავიბენი.
– რა ,,რა’’? – შემომიბრუნა, – და სულიერი არსებაა, ხოლო თავად არსებითი სახელი ,,და” ქართულ ენაში მდედრობითი სქესის დედმამიშვილს აღნიშნავს. სულიერ სახელს დაესმის კითხვა ,,ვინ?”, ხოლო შენ, ვიღაცა ცინგლიანი კაცი, მისვამ უსულო საგნის კითხვას – ,,რა?”!
– ჰო… – სწორი იყო, – ა! რა მითხარით?
– სხვა ფული არ გაქვს-მეთქი? – გამიმეორა კითხვა.
– ა… მაქვს, მაგრამ უფრო დიდი კუპიურაა, ამიტომ, არა მგონია, ღირდეს მოცემა, – ავუხსენი.
– კაი მაშინ, – ჯიბე მოიჩხრიკა, შვიდი ლარი დამიბრუნა ხურდაში, მერე კი, კარი რომ გავაღე, მომაძახა:
– დოქსოპულო, შენ დედა გყავს?
– მყავს, – მივუგე ამაყად.
– ჰოდა შენი დედა!.. – შემაგინა.
– რა მითხარი, ბიჭო?! – დავუძაბე.
– შენი დედა!.. – შემაგინა.
– რა მითხარი, ბიჭო?! – დავუძაბე.
– შენი დედა!.. – შემაგინა.
– რა მითხარი, ბიჭო?! – დავუძაბე
. – შენი დედა!.. – შემაგინა.
ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელდა ერთ განზომილებაში; მთელი უსასრულობა – დასაწყისისა და დასასრულის გარეშე – მოიცვა ამ უაზრო, შინაარსისგან დაცლილმა დიალოგმა, ამიტომ ჩემმა მეორე თავმა, რომელიც იმ განზომილების მკვიდრი არ გახლდათ, გადაწყვიტა თავის განზომილებაში ეს დიალოგი არც წამოეწყო, ამისათვის კი საჭირო იყო, სხვანაირად დაეწყო ის დღე, რადგან, როგორც ცნობილია, ერთ მოქმედებას მეორე მოქმედება მოჰყვება ლოგიკური ჯაჭვით, ხოლო თუ ამ ჯაჭვის თავი სხვანაირად მოპირკეთდება, მომდევნო რგოლებიც სხვადასხვანაირი ექნება, შესაბამისად. მოკლედ, ეს ამბავი მეორე განზომილებაში დაიწყო ასე:

 

მე, მაგალითად, საჭმლებიდან ნახევრადფენოვანი სუპი, ორმოცდაათ თეთრიანი ჩხირები და ოც თეთრიანი მარილიანი ლობიანი მიყვარს, სასმლებიდან – ყველაფერი, რაც ოთხი პროცენტიდან იწყება, მაგრამ ხანდახან წყალიც მსიამოვნებს ხოლმე. და, აი, ამიტომაც გადავწყვიტე, ამემოქმედებინა უსარგებლო მოხუცები, აზრი მიმენიჭებინა მათი არსებობისთვის, ჰოდა ვაკის პარკში წავედი ფეხით. დავეშვი თუ არა თეთრ კიბეებზე, გრუნტისებრ ხრეშზე აღმოვჩნდი, მერე გავემართე წინ, ცენტრამდე მივაღწიე. ზუსტად ოცდასამი მოხუცი დავითვალე, შემდეგ თითოეულს ჩამოვუარე და ფანტანთან შევკრიბე – ასე ვუთხარი, თქვენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს-მეთქი. მოხუცს ოღონდ საქმე გაუჩინე, ინტერესი მიეცი ცხოვრების ორი წუთით მაინც, და მთლიანად შენია, ჩათვალე. აქედან გამომდინარე, როგორც უკვე მიხვდით, შემოვიკრიბე ოცდასამივე მოხუცი, საკმაოდ ღარიბულად ჩაცმული, უიმედო და, როგორც წრე იტყოდა, არც წვიმდა და არც თოვდა მათ თვალებს მიღმა და, ისევ წრეს დავესესხები, მათ თვალებს უკან ომი ჩანდა.
– უფროსებო, – დავიწყე, – მე თქვენს თაობას დიდ პატივს ვცემ, – ეს აუცილებელი სიტყვები იყო მათი გულის მოსაგებად, – ჩემი აზრით, ლენინიც და სტალინიც დიდი კაცი იყო, თქვენც დიდი ხალხი იყავით ოდესღაც, მაგრამ – არ გეწყინოთ, უფროსებო, ამას პატივისცემით ვამბობ – ახლა რანი ხართ? მუშაობთ რომელიმე?.. – არავინ ხმა არ ამოიღო, – აჰა, არავინ. ეს, ერთი შეხედვით, კარგია, მაგრამ… პენსია გყოფნით?
– არა, – თქვა ერთმა.
– ეს საცოდავი პენსია როგორ უნდა მეყოს? – მეორემ.
– ჩემი მკვდარი ქმარი მკვდრად არ გამიფორმებია, რომ მისი პენსიაც მე ამეღო! – მესამემ. – საშინელებაა, – გულით ვუთანაგრძნე, – საშინელება… მაგრამ! არის დიდი ,,მაგრამ”! თქვენ რკინის თაობა ხართ, მრავალი შავი დღე გინახავთ, და უამრავი ავბედითი ამბავი გადაგხდომიათ თავს, თუმცაღა დღემდე ცოცხლები ხართ. მე თქვენ გთავაზობთ ტაქტიკას, რომელიც იმუშავებს თქვენს სასიკეთოდ, და რომელიც ამ უნიათო ნახევრადახალგაზრდებს დაანახვებს, რომ თქვენ ფოლადივით შეუდრკელნი ხართ, რომ ვერ დაგადნობენ, ვერ გაგტეხენ! აი, მოკლედ, მე გთავაზობთ Danse Macabre-ს.
– რას?
– ,,სიკვდილის ცეკვას”. ტაქტიკაა ეს ჩემი. მოკლედ, აგიხსნით: თქვენ, ხანშიშესული ადამიანები, გადადიხართ გზაზე, და ძალიან ნელა მოძრავ ავტომობილს უვარდებით ბორბლებში. დამაცადეთ!.. შემდეგ – ისე, რომ არაფერი გიზიანდებათ – იწყებთ სიმულიანტობას, მოდის სასწრაფო, მიყავხართ საავადმყოფოში; პალატაში ორი დღის შემდეგ გაკითხავთ პოლიცია, რომელიც გეკითხებათ, გსურთ თუ არა საჩივრის შეტანა იმ მძღოლის წინააღმდეგ, ვინაც დაგაზიანათ; თუ ბოროტები ხართ, ეტყვით, კი, გვინდაო, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, ფულს იშოვით, რადგან მართლმსაჯულება, ძირითადად, თქვენს მხარეზეა; თუ კეთილები ხართ, ამბობთ, რომ არანაირი საჩივრის შეტანა სასამართლოში არ გინდათ, რადგან თქვენი დაზიანება თქვენივე ბრალი იყო; პოლიციაც და ისიც, ვის მანქანასაც შეუ-ჩაუვარდით, მადლობას გადაგიხდიან გამოჩენილი გულისხმიერებისათვის, და გეტყვიან, რომ მთელი თქვენი სამედიცინო ხარჯები ანაზღაურებულია. საავადმყოფოში, თუ იმსახიობებთ, იმდენ ხანს დარჩებით, რამდენსაც შეძლებთ – იქ მოგივლიან, კარგად გაჭმევენ და ასე შემდეგ. ფულიც დაგეზოგებათ და, რა ვიცი, ბოლო-ბოლო, ამ ღრმა ასაკში რაღაცა ახალიც გადაგხდებათ თავს. ჰა, აბა, რას იტყვით?!.
ორი კაცი წავიდა, ოცდაერთი დარჩა.
– მე პირველი ვარ, – თქვა ერთმა შლაპიანმა კაცმა.
– ეს რომ ცდის, შემდეგი მე ვიქნები, – მეორე კაცმა თქვა, რომლისთვისაც რომ შეგეხედათ, რაღაცა ქვეცნობიერი კარნახით იტყოდით, ტაქსისტიაო. მერე უცებ – როგორც რუსები იტყვიან, резка – ჩემკენ შემობრუნდა, თვალები მოჭუტა, დამაკვირდა და მეკითხება: – და გყავს, და?
გარდაუვალია, ნუთუ, ყველაფერი? დასასმელი კითხვა მაინც დაისმევა? არ შველის განზომილებათა აღრევა ლოგიკურობის ალოგიკურ ჯაჭვს? მოხდება კი მოსახდენი? რატომ ვერ იქცევა მრავალკუთხედი წრეხაზად? არსებობს რამე იმაზე სწრაფი, ვიდრე სინათლის სიჩქარეა? და გყავს, და?
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
96