ინტერვიუ

ინტერვიუ ზურა ნეფარიძესთან

ესაუბრა თეონა კომახიძე

თეო: რობერტ კელიმ პოეზია კარს შეადარა, ვილ ალექსანდერმა აბორიგენულ გამოვლინებას, სადაც ხელმისაწვდომი უკავშირდება შეუცნობელს. როგორია პოეზიის შენეული მოდიფიკაცია? და რამდენად შეიძლება შეუცნობელი ტრანსლირდეს პოეზიაში?

ზურა:  ჩარლზ ოლსონმა თქვა, რომ სტრიქონის ზომას განსაზღვრავს პოეტის სუნთქვის რიტმი თხზვის მომენტში. სრულიად ვეთანხმები ამ აზრს. პოეზია ჩემთვის სამყაროს მიმართ რეაქციების გამოხატვაა, ის არის საკუთარ თავზე დაკვირვების, ძიების ხელსაწყო. არ აქვს მნიშვნელობა პოეტი ბოდავს თუ სიბრძნის ფრქვევით არის დაკავებული. მთავარია აღქმა, ხედვა საგნების სიღრმეში და ამის პოეტური ფორმით გადმოცემა. ვფიქრობ რომ პოეზიას გააჩნია გამოხატვის ის საშუალებები, რისი მეშვეობითაც შეუცნობელი შესაძლებელია პოეზიის ენით ალაპარაკდეს – როცა პოეტს აქვს, ჰქონია წვდომა მიღმურ სამყაროსთან. რა თქმა უნდა ენა, სიტყვები არ არის სრულყოფილი საგნების ზუსტად აღსაწერად, თუმცა პოეტი ცდილობს სიტყვებით, რაც შეიძლება მეტად შესაძლებელი გახადოს კარს მიღმა არსებული სინამდვილის გაგება, ამას განუზომელი სიმძაფრის ემპათიური გამოვლინებაც ემატება და საბოლოოდ ამ სახის წარმონაქმნის გაცნობიერებით დაკვირვებული მკითხველი იმ სამყაროში შეაბიჯებს, რისი აღწერაც პოეტმა შეძლო. თუმცა, ვფიქრობ რომ პოეზიის გასაგებად მხოლოდ დაკვირვება არ კმარა, ამისთვის პოეტური ხედვის, აღქმის და მგრძნობელობის ქონაა საჭირო.

თეო: შენს ერთ-ერთ დაუსათაურებელ ლექსში, აპროტესტებ სოციალური თემების მიერ ფანტაზიის დაბლოკვას. მთელი ლექსი და ზოგადად შენი შემოქმედება დაცლილია აფირმაციისგან და სავსეა ნიჰილისტური დამოკიდებულებით ცხოვრების მიმართ. შენ იცი, როგორ მიყვარს შენი ლექსები,  მათი  ჩახლართული ბილიკებით თუ მაგიური კონსტელაციებით ან იმის გამოც, რომ მათში იგრძნობა ნიჰილიზმი. როგორ გგონია, სხვა ეპოქაში რომ გეცხოვრა, ექნებოდა თუ არა შენს ლექსებს სხვა ხასიათი? 

ზურა: სხვა დროში რომ მეცხოვრა შესაძლოა ჩემს ლექსს სხვა ხასიათი ჰქონოდა. შესაძლოა პეტრარკა ან რონსარი ვყოფილიყავი მიუხედავად ამისა ვარჩევდი ამ დროში დაბადებას:) აფირმაციები არ მჭირდება. მათ შეუძლიათ საკუთართავვერიდენტიფიცირებული თინეიჯერი გაფხორილ, თვითკმაყოფილ, გულგრილ ტიპად შექმნან. სამყარო არ არის პოზიტიურ ჩარჩოში ჩასმული და მასთან ურთიერთობისთვის საჭიროა ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ფორმის ემოციური ხაზი, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება და არა ცრურწმენებით გაბერილი დამოკიდებულებებით.

თეომახსოვს ვიღაცამ, თუმცა ვერ ვიხსენებ ვინ, ავტორის ბიოგრაფია ნათურას შეადარა, რომელიც ისედაც ნათელ სივრცეში იწვოდა. შენზე მოგვიყევი რამე, ვინ არის ზურა ნეფარიძე?

ზურა: ჩემს შესახებ ჩემი ლექსებიდან და პირველი კითხვის პასუხიდან უფრო მეტის გაგება შეიძლება, ვიდრე იმ პასუხიდან რომელიც შენს ამ კითხვაზე იქნება გაცემული. ამჟამად ერთი ემიგრანტი ვარ, რომელსაც თბილისურ ბნელ ღამეში ხეტიალი ენატრება. 20 წლის შემდეგ შესაძლოა მთაში მცხოვრები მოხუცი მამა ვიყო, რომელიც მწვანე და ნესტიან სიმყუდროვეში ცხოვრებას ნელ-ნელა, თვლემა-თვლემით ემშვიდობება.

ზურა: ლექსის დასაწერად უმეტეს შემთხვევაში მჭირდება სიმარტოვე ოთახში, მძაფრი ემოციური განყობის მუსიკა და ალკოჰოლით გაბრუებული ცნობიერება. ამ დროს ჩემში მგრძნობელობის საზღვრები ფართოვდება და დამატებითი ხედვის უნარს გამოვიმუშავებ, რის შემდეგაც უმეტესად ერთი ფრაზის დაწერაც კი საკმარისია და მას შემდეგი სიტყვები თავისთავად მოჰყვება, რომლებიც გამოხატავს ჩემს განცდებს, ხედვას, შთაბეჭდილებებს. გონება ივსება უამრავი სიტყვით და ისინი აუცილებლად პოულობენ თავიანთ გზას. ისინი ჩემი თავის დილეგიდან თავის დაღწევას ცდილობენ.

თეომიგაჩნია თუ არა სწორად ის რომ პოეტების უმრავლესობას სურს გადაიქცეს პოპულარულ ლეიბლად? როგორ გგონია, არის თუ არა ეს პოეზიისთვის მარგინალური კონოტაცია და ვინ არიან პოეზიის ბურჟუები დღეს?

ზურა:  არ ვიცი რა გიპასუხო:)

თეოარის ვინმე ისეთი ქართული პოეზიიდან, ვინც შენზე გავლენა მოახდინა?

ზურა: ქართველი პოეტებიდან მხოლოდ ერთადერთმა, კარლო კაჭარავამ მოახდინა ჩემზე გავლენა. კარლო 80-90 იანი წლების ქართული სულია. ის პურის რიგიდან დაწყებული, კონტრკულტურის არქონამდე დამთავრებული, ყველაფერს განიცდის და ტკივა. არ ვიცი ვინმე ასე ღრმად თუ განიცდიდა იმდროინდელ მოვლენებს, როგორც კარლო, მაგრამ ეს ზუსტად ვიცი, რომ მისნაირად სხვამ ვერავინ აღწერა.

თეო: უცხოელი ავტორებიდან ვის გამოარჩევდი?

ზურა: როცა პოეზიის გაცნობიერებულად კითხვა დავიწყე, მაშინ ძალიან დიდ განცდებს აგროვებდნენ ჩემში ფრანგი კლასიკოსი სიმბოლისტები და გიიომ აპოლინერი. შემდეგ მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტები აღმოვაჩინე: ფრენკ ო ჰარა, ჩარლზ ოლსონი, ეზრა პაუნდი, ჯონ ეშბერი და ა.შ. რისი თარგმნისთვისაც დიდი მადლობა დათო ბარბაქაძეს. როცა მათ ლექსებს ვეცნობოდი, წარმოდგენაც კი არ მქონდა ასეთი სახის პოეზიაც თუ არსებობდა, მაოცებდა მათი თავისუფალი აზრი და გამოხატვის ფორმა. აპოლინერის ცოდნაც კი არ მეყო იმისთვის, რომ მათი თავისუფალი სტილისგან არ გავოცებულიყავი.

თეოვინ არიან სატურნისთავიანი ადამიანები? 

ზურა:  სატურნისთავიანი ადამიანები მგრძნობიარე არსებები არიან. მიუხედავად სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობებისა, ისინი ერთმანეთთან უწყვეტი, მეგობრული ძაფებით არიან დაკავშირებულნი. მათ აერთიანებთ ხელოვნების  მსგავსი განცდა და სიყვარული, თუმცა ისინი საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათ პირველ კრებულში ნათლად ჩანს ეს ყველაფერი. ისინი ხშირად მოიხსენიებენ ერთმანეთს საკუთარ ლექსებში და უძღვნიან ერთმანეთს. ისინი საკმაოდ შთამაგონებლად მოქმედებენ ერთმანეთის შემოქმედებით პროცესებზე და განწყობაზე.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
91