პროზა

მანქანა

თეონა კომახიძე

სივრცე იმდენი, რომ სხვებთან ერთად გაინაწილო, პირველად უნდა ეძებო და იპოვო იგი.

ჰოდა, დაიძრა…

არის მანქანა, რომლის საწვავიც სისხლია, მოუქნელი და წებოვანი.

გაგითავდება საწვავი, გააჩერებ მანქანას, გადაიხსნი ვენას, აავსებ ავზს და წახვალ.

არ გადაიხსნი და არ წახვალ.

იდგები ერთ ადგილას მობუზული.

თუ გაწვიმდა, ჩათვალე, დაგერხა. მანქანა გაბრაზდება და კარს არ გაგიღებს.

გაილუმპები და ღირსიც იქნები.

მანქანა კი იქნება თბილად, მაგრამ შენ რა ხეირი.

იქნები სიცივეში და იოცნებებ სულელივით, ან იტირებ, ან მოგწყურდება… მოკლედ, ვერ იქნები კარგად.

თუ ავზს აავსებ, წინ შემოგხვდება ხორცის კლდეები, ზედ ამოსული იისფერი ხეებით.

თუ გაგაჩერებენ და გკითხავენ სად მიდიხარო, არაფერი არ უნდა უთხრა, თორემ წამოსვლა მოუნდებათ და უკან გამოგედევნებიან.

ბებია მაგათი. სივრცე შენი უნდა იყოს.

სასწრაფოდ მოუმატებ სიჩქარეს. ალბათ შეგეშინდება, არ შემომიხტნენო. იქნებ გამოგეკიდონ კიდეც, მაგრამ მერე თავს დაგანებებენ.

მანქანას შია…

მოგლეჯ ბალახს და ფარებსშუა შეუჩურთავ, არადა, დიდ გაქნილთან დაიჭირე საქმე, მაგით მოატყუებ?

მეტი რა დაგრჩენია, ხელი უნდა გაწირო. უკეთესია მარცხენა… სანსლავს რაღა თქმა უნდა.

არც გტკივა, არც არაფერი. ყოველშემთხვევაში თავს ამშვიდებ, სულ ცოტაც მოიცადეო…

აგრძელებთ გზას. შენ ცალი ხელით, ის მაძღარი.

ცოტაც და მიხვალთ. ისევ საწვავი…

ბრაზობ. რას წვავ ეგეთს შენი? მანქანა შეურაცყოფილია და მთელი ხმით ყვირის, თუ პიპინებს.

ჰო, კაი. მეორე ვენა. სიზანტე, სიცარიელე და სიმწარე ერთდროულად სხეულში.

ღიღინებ… თუ მშიერი არ არის მანქანა მშვენიერი პარტნიორია. ათჯერ სწრაფია, ათჯერ შენზე კარგად იცის სად არის სივრცე, ათჯერ შენზე ცოცხალია.

სიმღერაშიც რომ აგყვეს არ გაგიკვირდეს, ის კი არა, შენზე ხმამაღლაც ღრიალებს. იმის ზრდილობა კი აქვს თავის ენაზე იბურტყუნოს.

საოცარი არაფერია, ისევ შია.

ხარ ხელების გარეშე და არ გენანება არაფერი.

ვის რაში სჭირდები, მანქანა ავტომატურ რეჟიმზე გადავიდა. თავიდანვე კაიფობდა, მძღოლი მეყოლებაო.

გზა კი გრძელია, ყრია რბილი და ფერადი ქვები.

მანქანა მიღიღინებს და მიდის.

თელავს ყველაფერს.

გადარჩენილები თათბირობენ.

ეს კიდევ გულარხეინად განაგრძობს გზას. მიაბოტებს და მიდის.

მოფრინავენ გადარჩენილი ქვები, საეჭვოდ გამაგრებულები.

მანქანა თავს იცავს რაც შეუძლია, მაგრამ მაინც ძალიან დაშავებულია.

შუადღემდე მაჩანჩალა, მერე ექიმი მომთხოვა, ბორბალს მაინც გამომიცვლისო.

ექიმს სად ვნახავდი? ჩემი ორი ფეხი მივეცი.

საწვავიც გათავებოდა…

მირბის მანქანა კენგურუსავით, ოდნავ ნერვებმოშლილია ქვებთან მწარე მარცხის გამო და თავის ენაზე რაღაცას ბურტუნებს.

ცოდვა გამხელილი სჯობს, აღარ იყო სასიამოვნო შესახედი.

მხედველობაც დაუქვეითდა.

რა ვქნა ბებერი ვარ, ძვლები ისედაც აღარ მივარგა და იმ შეტაკებამ სულ წამაქციაო.

ახლა პროტესტი იქნებოდა? თვალებიც მივეცი.

მერე ფილტვებიც ვაჭამე, ავზი ხელახლა ავავსე პირთამდე.

გზას ვაგრძელებდით.

მანქანა არასოდეს ყოფილა ასეთი ჯანმრთელი.

მერე გული…

ასე, ერთბაშად იპოვა სივრცე…

Widget is loading comments...
40