ბლუზი გლავკოსისთვის

არის სხვა ამბავიც მინოსის მეფესა და მის

სხვა შვილზე     (და ამბობენ რათა

ერთ-ერთ ამათგანს მოყვეს პოეტმა უნდა

ისიზმროს ამბავი             —ჩემს სიზმარში

ღამის ქალაქში ვარ და ქალაქს ბნელ ჯიბეებად აწყვია ფანჯარა-

სარკოფაგები და ამ ჯიბეებში

აწყვია ნათელი, ციცქნა

ნათელი, თაფლის გუფთა, ბავშვებს სძინავთ

ამაღამ საკუთარ სასოწარკვეთილებაზე, რომელსაც ახლა

სახელს ვერ არქმევენ, უგონოდ

სძინავთ თაფლში სძინავთ „ყრუდ“

სძინავთ ვერასდროს

დაარქმევენ—რადგან მერე ისე გვიან იქნება, როგორც

ყოველთვის იყო  (სიზმრების ჩვენ მხოლოდ ნაგვიანები

ფოტოები ვიცით, როგორც იმ ასტრების

რომლებისგანაც დროის მდუმარებას ვსწავლობდით, ვერ

ვსწავლობდით, ვერ ვაღებდით, ცის კარს ვერ

ვკითხულობდით   ამ გახდომა / გა-

ნამყოფებას—ჩანს ყველაფერი

ამ ამბავში, კოდია რომლის წაკითხვაც არ ვიცით

და რა ვიცი? მაგალითად, ბავშვს გლავკოსი ჰქვია, ლურჯ-

ნაცრისფერი, შეიძლება, სოკოა, რომელზეც აცტეკები ამბობდნენ

არის მოჭრილი თავი, თაფლში წევს, ძინავს

დევს, იქ

დაიხრჩო, როგორ

იხრჩობა ვინმე თაფლში? მისი ფილტვები

ახლა ალბათ სკებია, მათში ფიჭა, და ფუტკრები

ცეკვავენ მასში, მის დარბილებულ

შაქრისკრისტალებადქცეულთავისქალას

ალბათ გამოამტვრევს ტოტები

რომლებიც გაეზრდება ამ ნაპრალიდან,

ნაპრალებიდან, ნესტოებიდან    ამრიგად, სიბნელე

აღწევს ყველაზე ნათელ ადგილებში          ლურჯნაცრისფერი

ნიშნავს, მისი ფურთხი

ახლა შეიცავს, ალბათ

მთელი მსოფლიოს მაგიას

ბლუზი ამრიტასთვის

 

Who speaks this language?

We sit. Lough. Sing.

We dream.

Dale Pendell

იმ ღამით, სადაც ორიონი, როგორც ჩაის ფინჯანი, კუპულა

გატყდა ჩვენს თავსზემოთ ცაში და დაეღვარა

თავისი სიდერული ღვინო, რძე, თავისი მდუღარე

ნახარში, ნათელ-თევზას ფორმა შეკრა ჩვენს ფეხებთან

გულის ფორმა—გული ვიღაცის

ვინც მკვდარი იყო ჩვენი გულისთვის     —შენ რას იზამდი?  ჩვენ

ყრუდ ჩავხედეთ დამდგარ გუბურას    შიგნით დაგვხვდა

ის ცივი ზამთარი იმ შუადღეს , სადაც ყველას პირი აქვს ყველგან, ყველა

პირითაა სავსე, და პირი,      სავსეა

როგორც შოვეა სავსე—ლომებით, თავებით

ლომებით სავსე და ლომების თავები ჯგუფებად

დარბიან, ამიტომ თუ ვამაყობთ ამ უცნაური

უდავოდ საძაგელი თანშობილი ჭრილობით ჩვენი სახის

შიგნით, ამიტომ

ვაქციეთ ის სამყაროს ცენტრად, გულის ცენტრად—საზიარო

სივრცედ, სამკეც ვარდად—მაგრამ დააკვირდი:

ეს ცენტრი შუაგული არაა (როგორც არც

გულია მგონი შუა არცერთ ადამიანურ

სხეულში, არამედ ექსცენტრულია, მარგინალურად

განლაგებული ამ ღამის რუკაზე, რომელიც

ჩვენი გულების რუკაა           (ლუჩიო ფონტანა

გულის ადგილას             —და ამ გულის კუთხეში

ბარი მალდორორია, სადაც

ყოველღამე ვბრუნდებით, თუმცა

ხანდახან მარტო ვარ            ახლა, მაგალითად, გვიან ღამის

ფანჯრების დროს, მე აქ ვარ, დავეშვი

მაგრამ ჩემი ნაწილი ან

მეორე მე ზემოთ დავტოვე    და იქნებ ამიტომ

სწორედ რომ მარადიული მოსვლის ადგილი ბარია       —თვითონ ბარი

როგორც ფისურა

შენსა და შენს შორის                 (და როგორ, მაშინ

გახვალ აქედან ირმების ქუჩაზე?

 

***

—არაფერი მინახავს უფრო ლამაზი

მითხრა ამრიტამ იმ გზაზე, კლდისპირას, სადაც

მე მას ხმადახმა ვსდიე, სადაც

ვიარეთ ხმა-და-ხმა ვილაპარაკეთ   —უფრო

ლამაზი ვიდრე ციკადას იმაგო, რომელიც ძვრება, მივა რა

მისი მატარებელი ბოლო სადგურზე, ძვრება

თავისი გამხმარი სხეულნამყოფიდან, და გარეთ, კანისმოცვლა (გახდომა /

განამყოფება, ვიფიქრე მე, მის ხმა-და-ხმა, მისი

ბავშვობა, თითქოს, ირეკლებოდა ამ კლდისთმისმლოკავ

წყალთითებში, მისი ბავშვობა, თითქოს, ირეკლავდა ჩემს

გავლილს, მაშინ            —და ახლა? და აქ? ახლა

ღამე და მთვარე და ვარ —ახლა

სადღაც ალბათ ამწამს, როგორც უწინ როცა ჩვენ

გავიარეთ (თუ გახსოვს ისევ

თხელი წყლის ნაკადი ლოკავს

კლდის პირს       და ალბათ ახლაც სხვა მე მიაბიჯებს

სხვაშენთანერთად    ხმადახმა, მხარდამხარ

ფეხდაფეხ ერთმანეთისგან ასე შორს

 

***

და რა ვისწავლე მაშინ?  სხვისი

მდუმარების მოსმენა როგორც შეგიძლია ვარსკვლავებისგან

ისწავლო რას ნიშნავს სიჩუმე (ჩვენ ისე შორს

ვართ, ისე გვიჭირს რამის

გამოთქმა უსმენდე სხვის სიჩუმეს

თითქმის, ან სრულად ტელეპათია—

ნასწავლი ვარსკვლავებისგან       ან მზისგან ისწავლო

სხვისი სხეული—მთვარისგან, მისით

ამოვსებული სარკეები  —ვუბრუნდები ღამეს        (შესაძლოა, დრო,

ეს ფანტომი, ღამით მოვიდა? შესაძლოა, დროის

პირველი აღქმა ღამის ცა იყო         —ღამის ცაზე ამოტვიფრული

ამრიტას სხეულზე ამოტვიფრული ციური სხეულები—ახედე

ზემოთ: ვარსკვლავებში ნახავ, როგორ

განალაგო შენი სარკეები, დააწყვე

ისინი შენი და ჩემი

სხეულების გარშემო   —ისიზმრე ჩემი

შიშველი სხეული,       შემოდი

ჩემს სიზმარში                 და როგორ გახვალ

აქედან ირმების ქუჩაზე?

 

 

ბლუზი ტყუპებისთვის

 

თქვი, მაშინ ქალწულის უმორჩილება

ქვესკნელისადმი      ამბობენ, აიღო

თავისქალა     ამბობენ, თავისქალა

იფურთხებოდა     და შვა ტყუპები

სამყაროს გამოსასყიდად? „შენ ვერ შემეხები

ამბობენ ისინი ადამიანთა

სხეულები, უკანოდ მათ

ვერ შეეხები კანი არ აქვთ თვალები

აქვთ მაგრამ ქუთუთოები არ აქვთ     შიშვლად დააქვთ

ხერხემლის მილები   რომლებშიც

წვიმა გაედინება რომლებშიც გველი

როგორც ქარი     მიიკლაკნება                         შენ ვერ

შემეხები, ამბობს

ახლა დაცვივდა ბოლო

ფარდები ბოლო კედლები როგორც ქარიშხალი

ქაღალდის სახლში (და მთელი სახლი

სველია) შენ

ვერ შემეხები, ამბობს მკვდარი გოგო

ამ სახლში ეს სკამი—ეს კედელი—„რა კოშმარია, გოგოსთვის

ეს კედელი იყო  (მაგრამ არ მახსოვს

გოგოს სახე არც

სახელი, არ მახსოვს ვის

ვციტირებ      ვერ შემეხები ვერ იტყვი

ჩემს სახელს, ამბობს        “an-in-divide-you-all”            არ

ესმის ყურები არ აქვს თმა არ

აქვს                  თავს არაფერი

უფარავს მზისგან, წვიმისგან     ქარისგან      და ქარი

ვიცით, პროცესის

ნაწილია, თარგმანი პროცესის

ნაწილია ქვა პროცესის

სრულყოფილება ანტი-სულია მგონი ისტორია კოშმარი პორნოგრაფია

ალბათ მედიტაციაა ღმერთის

in absentia პოზაზე        : ხმას ვერ დაძრავს    ენა

შიშვლად ჰკიდია ხახიდან, გაუქმებული

ეკლესიის ზარები,    და მისი

აზრი ციცქნაა

როგორც მედღეურა, მისი მანძილი ვერასდროს მიაღწევს

სხვა ქვეყნის საზღვარს            (ესაა ლექსი

ჩვენი დროის პოლიტიკაზე       ვერ შეეხები, ისტორია

ალბათ კოშმარია         პოლიტიკა მისი კანი მისი ნერვები პოლიტიკა არაა

მე ვწერ მას როგორც პორნოს დავწერდი ხორცს

ვამჟღავნებ როგორც სხვები

ფირს ამჟღავნებენ      —იღებენ

სახე-ხატებს, მე ვიღებ

სახეცვლილ სიცოცხლეს        (ესაა

ლექსი ეიზენშტეინზე მექსიკაში          ვერ დამინახავ ვერ

გამიგებ ამბობენ

მედღეურები, თავისქალები, ამბობენ ფერუგინები

გოგონა ქაღალდის

სახლში ქარის გულით    რა ქარი დადის

მღვიმეებში და არწევს ნეანდერტალურ

ჩურჩულს?      ეს არის სიტყვები

არავის ისტორიაზე     მქვია აუტის ამბობს    მე ვარ

                                                           მზე და ერექციას მაძლევს შენ

ხარ ღამე და დახრჩობამდე წამით ადრე

ვათავებ, შენ ადგილას

მოვდივარ   უცხო ენა მომაქვს

შენთან და სიზმრად ეჰანები მოდიან, თავით გვიმრებს

გართმევენ სადილად    (სულმარტოსული

ვარ გეუბნებიან „და იძინებენ

სარკეებივით ცარიელები

სანამ მე მუჭით გიღებ შენ მკვრივს, სველ

ღრუბელს და ავლოკავ შენს თვალებს და მედუზებს

როგორც კენჭებს

სანამ თვალებზე არ დამადნებიან

როგორც ყინული ქვაზე მზეში: ეს ქვა იქნება

მეუბნება, მან, ბავშვი მანახა მითხრა ეს იქნება

ეს ქვა

რატომაც აწი და მარადის

ვერ შემეხები და არ მეცოდინება

მე როგორ შეგეხო          (განასულიერე ეს ქვა

ჩემგან

ვერ შემეხები

მითხრა

ვერ შემეხები

/ვერ შემ

 

 

ღამის ფანჯარა

 

circa media nox

ვინ იფიქრებდა ქალაქი
ამაღამ
ასე სავსე იქნებოდა
უცნაური სილამაზეებით
აგებულებას
ვყოფ ორად ის
რაც უფსკრულია ჩემში
და რაც სხვა არის / არ ვარ, ვარ
ვარ, ის სახე, თვალს ვკრავ წამით
„სახე სამყაროს შექმნამდე რომ მქონდა“
ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ იმას
ვატკინე ყველაზე მეტად ვინც ყველაზე მეტად
მიყვარს იმან მე, ყველაზე მეტად ორი სტრიქონი
შტერულ ტოლობად ჩაწვა ჩვენს შორის
ტოლობა ხიდის საპირისპიროა თუმცა არასდროს
არც ტოლობა, არც ხიდი არ იქნება ჩემსა და სამყაროს
შორის, მაინც მეძლევა ხანდახან უფლება ვთქვა არა როგორც
უიტმენმა არამედ პირიქით მცირე ვარ სიმრავლეები შემიცავენ
სამყაროს ვეწინააღმდეგები მასთან ვარ
წინააღმდეგობაში მეტად ვიდრე სახე, რომელიც მანამდე მქონდა
სანამ სამყარო სიზმარია ალბათ მხოლოდ როგორ ავხსნა, ვკითხულობ
ისევ, როგორ ავხსნა რომ ჩემი შიგნით გარეთაა ყველამ იცის
გვირაბებს და ხვრელებს მიწაში მივყავართ იქვე სადაც
ირმის ნახტომს ადგილი სადაც ხშირად ვბრუნდები
შორს, წვიმის წელიწადებით
შორსაა ჩემგან ის, სადაც ვარ სადაც არ ვარ, ეს
ადგილი სადაც ვბრუნდები ასე ხშირად სადაც ხართ
ყველანი ასე შემზარავი, თითქოს შეიცავდეთ დარჩენილი /
განვლილი ცხოვრების საკმარ ნიშნებს როგორც ლექსის
პირველი სტროფი შეიცავს ყოველთვის ლექსის დანარჩენს რაც აწი
იქნება ხოლო ბოლო შეიცავს ყველას რაც უკვე იყო ასე
ყოველი წამი არის ერთდროულად პირველიც და ბოლოც ყველა
სიზმარი პირველი ნიშანი შეიცავდა ჭეშმარიტად ყველა
ადგილი სადაც ხშირად ვბრუნდები სხვა ნიშნანს
როგორ მოვკალი ჩემს წინარეცნობიერში
ჭიანჭველა როგორ ამოვრგე ქოთნიდან
მცენარე ვისროლე აივნიდან როგორ უკვე
ცნობიერ ასაკში ვაწამე ლოკოკინა თავის ნიჟარაში ეს
ნიჟარა რომელშიც შევძვერი ბინძური ჯოხით ატარებდა
თავის თავში მთელ ჩემ სიცოცხლეს იმ წამს, მახსოვს
ტკივილმა რომელიც სხვას მივანიჭე დაიყვანა ჩემი საკუთარი
პატარა ბავშვის ყრუ ტკივილი მტვერდაფერთხილი მარადისობიდან
საწყისის ნარჩენი დაიყვანა უაზრობამდე ლოკოკინა ლოკო
კინა ლოკოკინა ლოკოკინა ლო
კოკინა შეიძლება ეს სიტყვა ვატრიალო ლექსში იმდენხანს
სანამ არ გავარღვევ გულგრილობის უგრძნობლობის მძინარე
აღქმის ამ ჭურს? სანამ სიტყვა თვითონ არ დაიხვევა დაიკლაკნება
და განიხრახნება როგორც ჩემი ჩახვეული სული მომწყვდეული
სხეულებაში და გავუშვა შეგვიძლია გავუშვათ
რაც დავაშავეთ? ქვა რომ ღრუბლებად გარდაისახებოდეს გატივტივდეს
ცაში დაიშალოს სადმე მე მხოლოდ ნული სიზმრის
გული მაინც ყველაფერს რაც ირგვლივაა ჩემით აქვს საზომი ჰო,
ალბიონის ხილვების მამა, ქაოტური უფსკრულები ვარსკვლავებს
მიღმა ვარსკვლავებით იზომებიან როგორც დრო ზომავს, ან ვერ
იმას რაც დროის მიღმაა როგორც მე წერტილი უფსკრულში
ვზომავ იმას რაც მე არ ვარ სად მთავრდება მე და სად
აღარ ვარ? სიზმარქმნილება—გამოსავალი აგო პასუხი
იმაზე რაც შენ არ ქენი? მაგრამ როგორ ვიყო დამნაშავე
იმით რაც მე არ დავაშავე რომ შემეძლოს გამოვისყიდო
თანანადები რომელიც ჩემი არ არის
know ourselves?
no ourselves
ზღვაღრმადჩამძვრალი
გველთევზა
ნაკადულამდე
რაც ნიშნავს რომ მალე მთვარე
ამოვა შემიცან ახლა
ამბობს
მკვდარი ცხოველი სიღრმე
მე კარგად ვიცი მტვრის
ციცქნა ჯუჯები როგორ ცეკვავენ სვეტებში ფანჯრით შემოსული
მზე რომ აყენებს — ყველა სხეული, როგორც მზე,
სხეულია და არ არის მყარია და მყარ კედლებში გადის
ყველა ღრმული (თუ გნებავთ კარი) აეყუდება მწკრივად
მტვრის ჯუჯებივით რომ შექმნან კედელი ყველა კედელი
თუ შეაღებ შეიცავს კარს და მაგიტომ —მაგრამ
არასდროს მინახავს ვარსკვლავებს ასე გუნდად ეცეკვოთ მთვარის
კალთებქვეშ მთვარე მატყუებს ღამის ღრუბლები
იყუჟებიან მთვარის ღრმულებში ამაღამ ალმაგო თუ შეარხევს
ღამის ზეწარს როგორც ერთხელ როცა ვიხილე, ზუსტად
როგორც ლიზას ნახატში ტოტზე ჩამომჯდარმა ბუმ შემომხედა
ერთხელ და თავისი სკამი ამოყირავებული ღამურას დაუთმო
ახლა კატის
წყვილი ყვითელი ყვითელი მთვარე თვალი (როგორც ეს ორი ამხანაგურად
ერთი მეორეს ეხმიანება) შეიცავს ღამის მთელ მაგიას და სიგიჟეს
ღამის მისტერია ღამის აგებულება კატა ფერფლიმონი
ჩუმი სურნელი პერსიმონების—ხურმა, ჰიაკუმე—მოდის არ ვიცი
საიდან ან სად მიდის ღამე რომელ კოსმოსულის
გამოქვაბულში იმალება როდესაც მიდის ადრე,
თუ სწორად მახსოვს ღამე მეგონა სამყაროს საშო მასში
ვპოვებდი ხანდახან სიმშვიდეს ახლა ასე აღარ ვფიქრობ
აღარ ვეძებ მასში პასუხებს უხილავ, გამჭვირვალე კითხვებზე
მტვერმა და სინათლემ რომ დამაფარეს თმებზე ახლა
ღამე აღარაფერს ცვლის და დაბნეული გონების ლანდები
ავურიე ალბათ ხილვებში ის, რაც მეგონა იყო ნიშნები
იყო ნიშნები რომლის წაკითვაც არასდროს მცოდნია ნიშნები იმდენად
მნიშვნელოვანი როგორც ჭიანჭველების ხროვა ფურცელზე თავს
რომ სიტყვებად ასაღებენ
და ყველა აზრიც ახლა
ყველა ღამის ფიქრი ამ ჭიანჭველებად
დაიბნა გვერდზე ისე სავსე
ისე ცარიელზე
რომ შეიკუმშა
მკვდარი ვარსკვლავივით
და გამოუშვა
ლექსი
ეს სიზმარი რომელსაც
არავინ ნახავს

 

 

დაბადება

ვცდილობ ჩრდილი ამოვიყეფო, გამოვყეფო ჩემი
სხეულიდან, დავყეფო და ვუყეფო
ჩრდილში ვათავსებ ყველაზე ძვირფასს
რაც კი ჩემში უხილავია, რაც შემეძლო მქონოდა
რა გარიყული
იქნებოდა ყველა ადამიანი უჩრდილოდ—მაქვს ეჭვი, ვერ
ექნებოდა ვერცერთ მათგანს ვერცერთი წვეთი ურთიერთობა
ვერავისთან რომ არა ჩრდილი—მტკიცებულება, რომ ერთიანი
არ ხარ არც უნიფორმული რომ რაღაც მუდმივად გდის
ჟონავს შენგან, გასდის შენს მეს, ჟონავს ფეხებით, თუნდაც
თან სდევდეს მაინც რასაც, ძირს გაწოლილი მის ძირას
მის ფეხებთან უცნაურ გეომეტრიულ ურთიერთობაში
მასთან და ამიტომ, ნიშნავს ეს იმასაც, არაა მაშინ
განწირული სრული, ხელუხლებელი მარტოობისთვის

 

განკურნების სიმღერა

 

გუშინ ყველა ტირის სადაც ჩვენ
გული დავუდეთ მათ
მკვდრებს და ყველა ვინც შემხვდა მეჩვენა ნაცნობი
უცხო ისინი მხედავენ და სახეს
იფარავენ ყველა ვინც ვნახე სხვა და მე
მასში ადგილას ჩემსა და ჩემს შორის
ჩემთვის ვარ უჩემოდ მაგრამ ჩუმად
ჩუმად რაღაც ისმის თეთრი ხმაური მეტისმეტად გამძაფრდა
ბოლო დროს გახშირდა, იმატა არაფერმა არასდროს იცის
როგორ გაიზარდოს თავისით და ეს გრძნობა, დღენაკლული
ჩემი, შენდამი გაიზრდება იმდენად იმით რაც აკლია
რომ „წელიწადის და მზის გზებს გასცდეს“ ვირგილიუსს
აქვს ეს სიტყვები შენთვის მე
ხარისძირებით მოვრთე მდუმარება, სადაც
შენი ჭრილობა ამბობს, რომ
მოშუშდა მუსიკა უცხო, შიგნადები, სხვიერი
თანშობილი, თითქოს მთელი ღამე შენს ყურს
ვუსმენდი, როცა მორჩება ჩემი შენდამი გრძნობები
ჩემი დღენაკლული გრძნობა შენდამი ჩემი ცხოვრების ნაბუნიობა
დაარწევს ხილვას შენზე ამჟამად შენით სუნთქავს ჩემი ღამეული მხარე
—მე ვამართლებ ამ ტკივილს: მის სიღრმეზე ვარ „შენს თავთან გკარგავ, ეს
არის ჩემი თოვლის ნუგეში“ —შენი თოვლის კანი, ცხრატყავა შენს
თვალებს, შენი ღრმა სურნელი მისი ლავანდის ხორცი მსურდა შენთვის
გან როგორც ბალახი ზაფხულის
მზეში ჩემი სიცოცხლით
ვაკოცე, ამ სურნელს და მან მომცა
ამჟამინდელი შიმშილი, თუმცა სავსე
ვარ (როგორც უილი & უოლტი ჩვენამდე) „ვხვდები, შევიცავ გნეისს,
ქვანახშირს, გრძელძაფა
ხავსს, ხილებს, მარცვლეულს საკვებ
ფესვებს / და
მაქვს ოთხფეხებით და ჩიტებით მთელი
ტანი ნაბათქაშები“ —ბაღნარში, სადაც მეძინა, რომელიც
უნდა გამქრალიყო, რომელშიც
უნდა გავმქრალიყავი, მზე წარმოიშვა, სხივებმა
იდინეს, ბაღნარიდან, მზის სხივებად იდინა ბაღნარმა, და დაუბრუნდა
შუბლის გავლით, რომელსაც ძაფებად
გამოება, ჩემს მზისწნულს, ბაღნარი
სპექტრი, გავიგე, გაშრიალდა მძიმე ნაბიჯით —სარკე
სიზმრებით გაღრმავებული?
არა, ჩემი სიზმრები სარკის მიღმაა და სარკეს
მარტო ჩემი გლოვა აღრმავებს გული დავუდეთ მათ
მკვდრებს où leur conscience d’etre soit moins
douloureuse როდესაც ყველას ვინც გეძვირფასება
დაკარგავ გამიხსენე მე რომ
შეძლონ ჩემმა წყლებმა გადავიდნენ
ახალ წყლებში ცხოველთა ნაკადია
მოსალოდნელი თუ ნება შენია
გამომართვი სასმისი
მკურნალი ვარ თუ სნეულება
განკურნება ვარ
თუ რღევა მარტოობა ვარ თუ
სიმრავლე შთაგონებული ვარ თუ
წყველას ვატარებ უსაზღვრო ვარ
თუ ვარ სიბრმავე უსაზღვრო ვარ თუ
საზღვარი ვარ
ვარ ლამაზი როგორც
სიზმარი ქვაში
ამაღამ გედი იქნები, დამკითხავ
ჩვენ გული დავუდეთ მათ მკვდრებს
ჩვენ მას ვერ ჩავდებთ ამ ცივ მიწაში, ამბობს
შვიდივე მას ცივ მიწაში, ქალს
რომელსაც ვუყვარდი ერთი ღამით („მე მოგიყვები
სხვაგნის შესახებ, რომელიც
შიგნითაა“) მიწაში, სადაც
გავახვიე ჩემი ყვავილწნული მისაში, ჩემი თმები
მისებში მის სიზმრის თმებში ზამთრის
სველ ფოთლებში მისი ზამთრის მიწის
ბალახსურნელი ვერ გავაღვიძებ, თვალს
ვერ მოვწყვეტ, თვალს
ვერ მოვწყვეტ არ შემიძლია არ
ვუყურო, უნდა, არ დავუთმო ჩემი
მხარი ბალიშად რომ თავი ედოს მინდა
ეძინოს, მინდა ქვები
ვიყო მისთვის, ქვა სადაც მისი გული
სცემს და სიზმარი ქვაში იმათი, რომლებიც მკვდრები ქვისგან
მკვდრებს ქვისგან, მკვდრებს ქვისგან
მკვდრებს ქვისგან
ეს სიზმრები, ისინი
ვინც მიყვარს ყველა მათგანი მკვლელი სიზმარი ქვაში, მკვლელი
ქვები ჩემს გზაზე მე არ ვაპირებ რომელიმე მათგანი
გადავლახო

ღამის კარნახი

სისხამტირილი
როგორია კანელას იერი ამაღამ? სიზმარმა მითხრა, მისი
სახელია ახლა ტრისტია მე არაფერი მიჭირავს
ხელში, გიიომ
როგორ გამოვიყენებდი
გვირილებს ამაღამ

 

***
თვალებს საპონით ვიბან
& ბოლით ვცდილობ, ყველაფერი
რასაც ვხედავ, შევცვალო შვიდ წელიწადში, ან უკვე
ექვსში, შეიცვლება, გარდაიქმნება ყველა ჩემი უჯრედი და მერე
ამ მესთან ხიდად დამრჩება მხოლოდ ის გუანო, ის
გრიზაი ღრუბელი ჩემი თვალების უკან მყრალი, მგონია, ვერცხლის
წყლიერი, ლაყე კვერცხი როგორ? დაღარული სიმძიმით, შენ
რომ დამადე —და რომ მჯეროდეს, მართლა ღარები იმ
თავისქალის ბინადარზე შენ ხარ მენდომებოდა მაინც
მისი გამოსახლება? რატომ
აღარასდროს არაფერს ამბობ როცა მოვდივარ რომ დაგესწრო
დავესწრო შენს სხეულს და ხმას ამ დიდ ოთახში სადაც
რასაც მე ვგრძნობ ჟანდარკდება არის, ეს ცეცხლი,
კიდევ ადგილი ჩვენთვის

***
 საათებს დიდი ქვის ბიბლიოთეკის კართან ვატარებდი ვფიქრობდი
ფრენსის იეითსსა და სხვა გოგოებზე იქ
რომ ვნახავდი ვნახავ სიმონ ვაილს? უნიკას? ლუიზ ლაბეს, ჰილდეგარდს
და სორ ხუანას? ვნახავ ლეას? მაგას? ელინას? ალისს?
იმათ რომლებისაც სახელი აღარ მახსოვს? და რომელი, ამათგან
მომცემს? არცერთი, იეითსის გარდა, რომელსაც
თეატრი აქვს ჩემთვის ვემშვიდობები
წიგნებს, გულს ცირკს ვაძლევ და მაინც, ფუტკრები ცეკვავენ, ამბობს
დანკანი და არტო: სხეული ორგანოების გარეშე სხეული საცეკვაოდ
ვარგისი ჩამჩხავის მაშინ, როცა უკვე ვაპირებდი მეფიქრა (არ მაქვს გული
ცეკვისთვის) მე ცეკვად ვედექი ამ მიწას, იატაკს სადაც
კრომანიონელი ნეანდერტალს ეცეკვება ამ სივრცეს რომელსაც, სასწაულებრივ,
ვიზიარებთ ვიცი, უნდა ვუთრთოდეთ ამ ცეკვას, ამ სივრცეს, გესმის? რადგან
იფიქრე, რა ტანჯვას ვანიჭებთ, რა ტკივილს ვაყენებთ მას, მათ, ერთმანეთს
თუ არ შეგვიძლია სიყვარულით შევიტანოთ ჩვენში წილი მისგან
რომელიც გვერგება თუკი მოგვეცა უფლება, ვიცეკვოთ ნეტა შემხვდე
ჩვენს მოედანზე (Place Sathonay?) ან რომელიმე სხვა ხიდზე სად მიედინება, ნეტა
საათები რომლებსაც ჩემს მიღმა ატარებ ჩემები, ვიცი დაკარგული
შენთვის ვიხილე დამხრჩვლები რონის ნაპირიდან (სადაც რამდენხანს
ვუყურეთ გედებს) არ გამომართვი, არ დაეყრდენი მათ მხარს დაკარგული
ვარ, როგორც
მთვარე იმათთვის ვინც ღამე იძინებს ლექსი, რომელსაც
ეს დილა გამოსცემს, მგონია ერიკ დოლფი ყრუებისთვის
***
ალმაგო, პირიქით, ღრუბლების დანაკლისია ამაღამ / რამდენიმე
სული, ვიცი, ერთდროულად თანაარსებობს ჩემში, ანდა მრავალი, მიმღები სული,
რომელიც
კავშირში შედის ყველაფრის სულებთან, ყველაფრის სულთან განასულებს მათ
და მათით განსულიერდება,
მათი განსულებით (საგნებს, ნივთებს, იმას, რასაც ხედავს, რაც ესმის, ეხება)
აცოცხლებს
მათ ჩემთვის, ქმნის იმას, ჩემთვის, რასაც ვეძახით ხანდახან
რეალობას, მე კი ვუწოდებდი, თუ საჭიროა, უბრალოდ სულ-სულს
ის რომ არა, ეს სული ავი და ნაზი, სულსულიერი ვიქნებოდი
უძრავი,
როგორც მოწყვეტილი, ყვავილი ან ვარსკვლავი ან ნაცვენი ხილი მიწაზე
არც ისაა, ოღონდ, იცოდე უსულო
მისი სული შენი ვალია
არ მაქვს ცხოვრება
სულის მიღმა ვიცი, კიდევ მეორე, სული მეტად ღრმა რომელიც არის
სხვა ჩემში უფსკრული იმისთვის, რაც მგონია მე უფსკრული მიმღები
სულის ფსკერზე და ხანდახან მხოლოდ ჩრდილი ვარ მისთვის, ჩრდილი მისი
გაუსწორო თვალი ამ სულს, არის სადაც იწყება შიში, სადაც – კოშმარი
(რომელიც ეკუთვნის
ყველას
მაგრამ არის აგრეთვე ერთადერთი სხეული, ჩემშივე სრულქმნილი ტრფობისთვის
გასხეულებაა, არის ტყუპისცალი, არის ცალი, ჩემი წყვილი ორეული სხვაც და მეც
არის ჩემი დემონური ძმაც და არის სოფოც ეს, ჩემი ტყუპის სულის
ცალი, სხეული და უსხეულო, აქროლადი, გამქრალი და აცერთი ჩვენგანი —
უცალო მისგან
და ეს სხვაც, თავის
თავად შეიცავს სიმრავლეს ზღვარსკვლავურ მირიადებს ჩემი ფუტკრები ცეკვავენ
მისთვის და მესამე, მათზე ღრმად, მე-ჭაში ესეც თავის მხრივ
არა ერთი (თუმცა ერთობა) არამედ სიმრავლე, ფესურა, უცენტრო, მრავალგულა
ნაყოფი,
ფუტკრებს
სკა-სული რომლიდანაც მოედინება სიზმარი და ხილვა ჩემში (ერთი მხარეა
საიდანაც
ეს ორი, სადაც ის
მოგზაურობს
პირველი წარგზავნა: ხანდახან, ღამით, ისე თხელდება, თითქმის
ქრება კედელი შენსა და
ჩემს შორის, სო ყველა სიზმარი
შენით წყეული ყველა ღამის ფიქრი, მთელი
ჰაერი სავსე
შენით, სუნთქვისგაწვდენაზე ბოლოსდაბოლოს,
ჩემგან ხანდახან
თითქმის ხელისგაწვდენაზე
Hers was the paradox I chose
To have heretic body of:
შენ შეჭამე შენი ტყუპისცალი
და? (როგორც ამიხსნა მარიმ, რომ ხშირად ხდება, თურმე
ტყუპი ჭამს თავის წყვილს დედის მუცელში, თავის ფეტუსორეულს—ყველა ვინც
გაქრა და მომიწია მესწავლა, სანამ დავიბადებოდი, როგორ გავმხდარიყავი
დაკარგვის ოსტატი როგორ მიმეძღვნა მისთვის ცხოვრება —პარადოქსული
ცხოვრება ცხოვრება ცხოვრების წინააღმდეგ ამიტომ აუკრძალე თავს ხორცის
ჭამა? მკითხა მერე მარიმ არა! მაგრამ, ამიტომ, მართლაც, მე
ნაბიჭვარი კარნივორი ყველა ფიგურას, რომელსაც კი ვაქანდაკებ ჯერ
ვასრულებ და მერე სახეს ვატეხ : ვამთავრებ და მერე ვადაუმთავრებლებ
და ვტოვებ ასე
you must do what she wants: you must kill
her და მისი ხორცი აქციო შენს მიწად, რომ
გკვებოს
მეორე წარგზავნა:
შენ მკითხე, compañero de la noche, ვინ არიან
მკვდარი სულები? არ მსმენია მათზე, არც მიგრძვნია (მე, რომელმაც ამდენი
ვიცი და ვიგრძენი აი, მაშინ, შეკითხვა შენთვის:
ვისია მთვარის გოდება, მაშინ? ვინ აღძრავს, მაშინ ძაღლს
ღამით, ქუჩაში მთვარეს უმღეროს?

მხატვარი

Lorette Luzajic

ნახე მხატვრის პერსონალური გალერეა:

    117