ინტერვიუ

ქართველი წყვილის საოცნებო ერთწლიანი მოგზაურობა: ინტერვიუ ელენე ღელაღუტაშვილთან

    ესაუბრა თეონა კომახიძე

ქართველი წყვილის საოცნებო ერთწლიანი მოგზაურობა: ინტერვიუ ელენე ღელაღუტაშვილთან

ესაუბრა თეონა კომახიძე

Our jpurney Inwards სოციალურ ქსელებში

თეო: ელენე, შენ უკვე 6 თვეა მოგზაურობ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ვისთან ერთად დადიხარ და კიდევ რამდენი ხანი აპირებთ გზაში ყოფნას?

ელენე: უკვე 7 თვე გახდა, რაც ვმოგზაურობთ. აქედან 6 სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკაში გავატარეთ. კიდევ 5 თვეს გავაგრძელებთ ალბათ, ჯერჯერობით ამერიკაში ვიქნებით რამდენიმე თვე და მერე ვნახოთ, არ ვიცი ზუსტად.

თეო: რომელმა ქვეყანამ დატოვა შენში ყველაზე დიდი ემოციები?

ელენე: ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხი. ვიწყებ გახსენებას და იმდენი ქვეყანა მაგონდება საოცრად, რომ ვიკარგები. მთლიანობაში ქვეყანას თუ ავიღებთ და არა ერთ ადგილს, ალბათ კოლუმბიამ – ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ბრაზილიაში ძალიან ცოტა ხანს ვიყავით, მაგრამ რიოს კარნავალმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დამიტოვა. პერუ იყო კიდევ განსაკუთრებული. ერთს ვერ ვარჩევ.

თეო: რამდენად გვანან სამხრეთამერიკული ქვეყნები ერთმანეთს? რა არის მათი საერთო და რა არის ის, რითიც ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ელენე : ნამდვილად გვანან, ასე მოკლედ რთული ასახსნელია, რით – საერთო კულტურა და მენტალიტეტი აქვთ, თუმცა განსხვავებული ელემენტები და თავისებურებები ყველა ქვეყანას გააჩნია. ბევრად მეტი ხანი უნდა იცხოვრო თითოეულში ალბათ, რომ ამ ყველაფრის კარგად გადმოცემა შეძლო. არგენტინა და ჩილეა ალბათ შედარებით განსხვავებული ლათინურ ამერიკაში, ევროპას ბევრად უფრო გვანან, ვიდრე დანარჩენი ქვეყნები.

თეო: დარჩებოდი თუ არა რომელიმე ქვეყანაში საცხოვრებლად?

ელენე: მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ინგლისში, უფრო სწორად, ლონდონში მინდა ცხოვრება, სამუდამოდ ერთ ადვილას ალბათ ვერასდროს ვიცხოვრებ – ამდენი საინტერესო ადგილი არსებობს, რატომ უნდა შემოვიფარგლო ერთით. სადაც არ უნდა ვიყო, მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება, ალბათ იმაზე მეტად, ვიდრე ამ მოგზაურობამდე იყო.

თეო: რამდენად კომუნიკაბელურები არიან სამხრეთამერიკელები? ალბათ ბევრი მეგობარი გაიჩინე.

ელენე:კომუნიკაბელურები და სტუმართმოყვარეები არიან. გზადაგზა ახალი მეგობრები კი გავიჩინეთ, მაგრამ ენის ბარიერის გამო ალბათ იმდენიც ვერა, რამდენსაც ვისურვებდი. მაგალითისთვის, ეკვადორელი ბიჭი გავიცანით ნოემბერში, ბუენოს აირესის ერთ-ერთ ჰოსტელში. ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის თამაშის სანახავად იყო ჩამოსული.

ეკვადორში სანახავი ადგილები ჩამოგვიწერა და გვითხრა, კვენკაში თუ მოხვდებით, დამიკავშირდითო. გზადაგზა ვწერდი ხოლმე. თებერვალში იქ რომ ჩავედით, მივწერეთ და გვიმასპინძლა კიდეც თავის შეყვარებულთან ერთად – ადგილობრივი სამზარეულო გაგვასინჯეს, ქალაქში გვასეირნეს და ლაშქრობაზე წაგვიყვანეს ქალაქგარეთ.

იმაშიც გამიმართლა, რომ ზოგ ქვეყანაში უკვე მყავდა მეგობრები და ნაცნობები, მაგალიად პერუში და მექსიკაში. მათთან ერთად გატარებული დრო განსაკუთრებულად დამამახსოვრდება.

თეო: რომელი ქვეყანა იქნება მომდევნო?

ლენე: არ ვიცი, თუმცა მოგზაურობა საქართველოში გვინდა დავამთავროთ და ცოტა მანდაც ვიმოგზაუროთ.

თეო: საშუალოდ რამდენი ხანი ჩერდებით თითოეულ ქვეყანაში?

ლენე: რამდენიმე დღიდან 5 კვირამდე ვრჩებოდით აქამდე – ქვეყანას გააჩნია. ამერიკაში 5 თვე ვიქნებით ალბათ ჯამში.

თეო: როგორ ფიქრობ, პიროვნულად რამდენად გაგზარდა მოგზაურობამ? რა შეიცვალა შენში.

ლენე: ნამდვილად გამზარდა. მოგზაურობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ეს იყო, ფეისბუქისა და ინსტაგრამის ბლოგსაც Our Journey Inwards სწორედ ამიტომ დავარქვი – მთავარი ის მოგზაურობაა, რომელიც ჩვენს შიგნით ხდება.

მოგზაურობამ ბევრი რამ მასწავლა და კიდევ ბევრ რამეს ალბათ დროთა განმავლობაში გავიაზრებ. ამ ეტაპზე ჩემთვის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც  ვითავისებ, გაურკვევლობასთან შეგუება და დღევანდელი დღით ცხოვრებაა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალზე არ ვფიქრობ ან არ ვიფიქრებ, არა – ვცდილობ, მასზე არ ვიყო დამოკიდებული ბედნიერებისთვის, მის მოლოდინში არ გავატარო მთელი ცხოვრება და ზედაპირულ წარმატებაზე არ იყოს მიბმული ჩემი თვითშეფასება.

წარმატებულობამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა როლმა (შვილის, მშობლის, ცოლის, ‘კარგი გოგოს’, ჭკვიანი ტიპის და ა.შ.), რომელსაც ცხოვრებაში ვასრულებთ, შეთრევა იცის – შენი პიროვნების განუყოფელი ნაწილი ხდება და მერე მის გარეშე თავი სრულყოფილ ადამიანად ვერ წარმოგიდგენია. სამსახურიდან წამოსვლის პირველი რამდენიმე თვე, მაგალითად, სიცარიელის განცდა მქონდა – რვა წელი ძალიან ბევრს ვმუშაობდი და ასე უცებ სამსახურის გარეშე ცხოვრება გულის სიღრმეში ალბათ ვეღარც წარმომედგინა. არადა ამ ერთწლიან მოგზაურობას ძალიან დიდხანს ველოდი. საბედნიეროდ, სიახლეებს ძალიან ადვილად ვეგუები, ამიტომ ეს შეგრძნება მალევე გაქრა.

ახლა ვცდილობ, არც მოგზაურის როლი გახდეს ჩემი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ერთადერთი მუდმივა ცვლილება უნდა იყოს, თვითჩაღრმავება და შინაგანი ზრდა. პარალელურად კი საკუთარი თავის ისეთის მიღება, როგორიც არის.

თეო:  რას აპირებ 1 წლის შემდეგ?

ლენე: ამ ერთი წლის ამოწურვის შემდეგ ალბათ ისევ ლონდონში დაბრუნებაზე დავიწყებ ზრუნვას, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ, რა გზით წარვმართო ჩემი კარიერა. ჯერ დაზუსტებით არც ვიცი. ამ ზაფხულს, თვენახევრით Lehigh უნივერსიტეტში Global Village პროგრამაზე ვიმუშავებ. ამ გამოცდილების მერე ალბათ უფრო უკეთ მეცოდინება, რა მიმართულება ავიღო. თუმცა ის გზა კი საით წამიყვანს, ვინ იცის.

თეო: ამერიკაში რით მომგზაურობთ?
ლენე: მანქანა ვიყიდეთ ოსტინში და ისე ვმოგზაურობთ. მანამდე ავტობუსებით და იშვიათად თვითმფრინავებით ვმგზავრობდით და ამიტომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალი მოგზაურობა დავიწყეთ. როცა მეგობრებთან არ ვრჩებით, მანქანაში ვიძინებთ ხოლმე – უკანა მხარეს დიდი ადგილია და ლოგინი მოვაწყვეთ. ფიტნეს კლუბში გავწევრიანდით თან და დილაობით ვვარჯიშობთ, შხაპს ვიღებთ და ისე გავუდგებით ხოლმე გზას. ჯერჯერობით გეგმა კარგად მუშაობს. ახლა ნიუ იორკისკენ მივდივართ, რამდენიმე დღე საშუალოდ 7 საათი ვიქნებით გზაში.
თეო: სუვენირებს აგროვებ?
ლენე: მოგზაურობის მოგონებებია ჩემი სუვენირები, კიდევ ფოტოები და ბლოგის ჩანაწერები.
თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ გზად სუვენირებში ფულს არ დავხარჯავდით, თან ზურგჩანთაში ცოტა ადგილი გვქონდა. თითო ქვეყანაში თითო საფოსტო ბარათის ყიდვაც შეიძლებოდა, ადგილი რომ დამეზოგა, მაგრამ აქ უკვე პრინციპის ამბავია:
ვცდილობ, არასაჭირო ნივთები არ ვიყიდო. მოგზაურობის დამამტკიცებელ საბუთად ან მოგონებად რაიმე ნივთის ქონა სინამდვილეში სულაც არაა საჭირო. ყველაფერი, რაც საჭიროა, თავში უკვე არის.
თან მერე უამრავი ნივთი მიგროვდება, რომელიც არ ვიცი, სად წავიღო. მოკლედ, ვცდილობ შემგროვებლობას თავი დავანებო ადვილი არ არის, ძალიან ბევრი ცდუნება შეგვხვდა გზაში.

თეო: მადლობა ინტერვიუსთვის

Widget is loading comments...
125